Wednesday, December 30, 2009

Yin - Yang ანუ როცა "გვეგულება"

ტელევიზორში მოვკარი ყური, გალაკტიონის წერილებს კითხულობდნენ ოლია ოკუჯავას რომ სწერდა. ადრეც ხო მქონდა წაკითხული, მაგრამ ეხლა თან რომ მესმოდა, რაღაცნაირად იმოქმედა. მერე, თუ რამე წერილები მაქვს სხვა ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილი, იმათ გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოლ თაიმ ინქამინგ-აუთქამინგ ფოსტა მეტი თუ არა ნაკლები არაა, უფრო მრავალფეროვანია და მაღალფარდოვან-ამაღელვებელი ზედსართავებისა და ზმნიზედების ბრახაბრუხისგან (აი ისეთი რომანტიკულ-სენტიმანტალურ ბურუსს რომ ახასიათებს) დაცლილი, მაგრამ ამავე დროს სულაც არ არის მარტივი და ყველასთვის გონებამისაწდომი.
მშობლის ინსტიქტს რომ თავი დავანებოთ, (რადგან ყველამ ვიცით რომ ეს თანდაყოლილია და არ მოიძებნდება ამ ქვეყნად რამე, რაც ამ ინსტიქტზე მაღლა დგას), ქალისთვის, ისევე როგორც კაცისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, როცა იცი რომ ვიღაც გეგულება, ვინც გიხარია და ვისთვისაც გიხარია. ამის გარეშე ხო უსქესო ხარ ?! ამის გარეშე ხო უბრალოდ უსქესო ადამიანი ხარ, რომელიც ცხოვრობ და ფაციფუცობ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჯანმრთელი და უზრუნველი მოკვდე. ამის გარეშე ხო კი არ ცხოვრობ, არამედ სიკვდილის პროფილაქტიკას იტარებ. პროფილაქტიკის რეჟიმიდან გამომდინარე კი ისეა რომ კი არ ცხოვრობ, არამედ ემზადები ცხოვრებისთვის, ანუ აწმყო არ გაქვს და ბოლოს ისე ხდება რომ ადრე თუ გვიან ის, რისთვისაც ამ რეჟიმში ხარ, მაინც ხიდის ბოლოში გელოდება ცელითა და კაპიუშონიანი ბალახონით.
ჰოდა ვიკითხავთ, ცხოვრება სადღაა?! სადაა და აწმყოს ექშენში და არა პრევენციულ ღონისძიებებში. ამ აწმყოს კიდე მხოლოდ მაშინ გრძნობ:

როცა ვიღაც გიხარია და ვიღაცისთვის გიხარია.
როცა ერთ გულს რაღაც უხარია და მეორე გული "ამენს" შესძახებს, სადაც არ უნდა იყოს.
როცა ერთს სტკივა და ამ ერთის ტვინი ორივეს სხეულში თანაბრად აგზავნის ტკივილის სიგნალს.
როცა გაიღვიძებ და იცი რომ ვიღაცის დილა შენი გაღვიძებიდან იწყება, თუნდაც სამყაროს ორ სხვადასხვა წერტილში თენდებოდეს ორი დილა.
როცა იცი რომ სულაც რომ გრავიტაცია შეჩერდეს, საყრდენი არ გამოგეცლება.
როცა იცი რომ უკანასკნელი სუნთქვის მარაგს გაგიყოფენ.
როცა არაფრის გეშინია, იმიტომ რომ გულის, სულის და სხეულის დონორი გყავს.
როცა იცი რომ შენი ნახშიროჟანგი მისთვის ჟანგბადია და მისი შენი.
როცა იცი რომ რაც არ უნდა გაიბზარო, დროს არ იხელთებენ რომ წყლად იქცნენ, რათა მერე წვეთ-წვეთად გაიპარონ შენი ნაპრალებიდან.
როცა ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში ეტევა - როცა იცი რომ უბრალოდ გე - გულ -ება.

...გალას წერილების კითხვის დროს და უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რაც სხვა დროს მათი კითხვისას არ გამჩენია - ადამიანი აღარ არის და მისი სიყვარული დარჩა ბუნებაში მელანის და ხის ნაწარმის სახით.

მე მინდა "ათასი წლის" მერე პირველი მე წავიდე იქეთ და მერე ჩემი "მეგულება"...
დიდხანს იყავი რაა... აი უბრალოდ იყავი...

0 comments:

Post a Comment