Wednesday, December 30, 2009

აბდაუბდა ფიქრები

ზოგჯერ მჯერა ხოლმე იმ თეორიის რომ წარსული, აწმყო და მომვალი ერთდროულად არსებობს და დროის ასე დაყოფა და აღქმა, ილუზიაა

"რა სასიამოვნო შეგრძნებაა, მცენარეს რომ დააფესვიანებ, წყალს უსხამ, ტემპერატურას უცვლი, ეფერები, მოკლედ უვლი, გადაყოლილი ხარ და ამ დროს სხვაგან გაყვავილდება თავმომწონედ - სულ ესეთი ვიყავიო.

ნეტა სად გადის ზღვარი არაფერსა და ყველაფერს შორის?!

ზერო! ზერო პოინტი მაპოვნინეთ და ხელში ჩამიდეთ ძაფის გორგლის წვერი, დანარჩენი მე ვიცი !
თუმცა რაღა დარჩა რო?!... მაგრამ გორგლის დაშლა-დახვევასაც სათანადო ცოდნა უნდა, რომ არ აიბლანდოს.

გაფუჭებული ქანქარიანი საათის მექანიზმს ვგავარ, ერთი პატარა დეტალი დამეკარგა და მას მერე გავჩერდი ერთ ადგილას. ხან იქიდან გამკრავენ ხელს, ხან აქედან, მეც ცოტა ხანი ვქანქარებ და ისევ ვჩერდები.
დაზეთვა რას გიშველის როცა დეტალი გაქვს დაკარგული, დე-ტა-ლი!
ჩამომხსენით და გადამაგდეთ - გადავედი მოდიდან, ვერ "გავდიჯიტალდები" იმის გამო, რომ გუნდრუკი გიკმიოთ ნანოტექნოლოგირებულ გულებზე.

დღითიდღე ვზრდი იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ისე გადადიან მომავლიდან წარსულში, რომ ზრდილობის გულისთვისაც კი არ ვთავაზობ აწმყოში სკამს.

ცხოვრების საერთო ფერხულში ჩაბმული პატივცემული მას. საზოგადოება: ჩამხტარან ერთი დიდ საწნახელში და გაუბამთ შეჯიბრი ვინ უფრო მეტ წვენს გამოადენს ცხოვრებას და ზოგი გემოსაც კი ვერ იგებს, ისე უძმარდებათ... მაგრამ მთავარია, რომ პროცესში არიან ჩართულნი და ლიტრაჟით სხვას უსწრებენ, რა მნიშვნელობა აქვს ძმარია თუ მთხლე.

როგორც კი ორივე ფილტვით ვიწყებ სუნთქვას, ეგრევე ჟანგბადის ბალიშზე მადგამს ხოლმე ფეხს. ჰაა ბევრი არ მოგივიდესო.

შემეშვი რა ცოტა ხანს! წადი იმათ მიხედე, ვინც სხვისი ჟანგბადის ბალიშებით ერთობა. ალალია და სამართლიანი!

წამი და საუკუნე სინონიმებია, იმათთვის ვისაც უყვარს და იმათთვისაც ვისაც სძულს, მხოლოდ აღქმაშია განსხვავება.

წერე და იკითხე ან თუნდაც მხოლოდ იფიქრე, ერთ კუთხეში ბედისწერა დგას, მეორეში შემთხვევითობა და კვდებიან სიცილით. არადა რან მდაბიო იუმორის გრძნობა აქვს ორივეს."

0 comments:

Post a Comment