Monday, December 28, 2009

შავი ყუთი aka გამარჯობა, რით შემიძლია გემსახ. . .



(ესეც ჩემი ვერსია ამ მოთხრობის, ჩემმა მუზამ გულგრილად ვერ აუარა გვერდი. . .)


როცა სანატორიუმიდან მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი, ჩემი ცხოვრების უღიმღამო ერთი მეოთხედი უკვე გავლილი მქონდა. ისე შემომადნა წლები ხელში, რომ რაიმე გასახსენებელი, რაც გულწრფელ ღიმილს მომგვრიდა, არ მქონია. სიტყვა ღიმილზე მხოლოდ ექიმების, მედდებისა თუ სანიტრების ყალბი და ემოციებისგან დაცლილი ღიმილი მახსენდებოდა, რომელსაც უფრო თავაზიანი მოვალეობა ერქვა, ვიდრე გაღიმება.
როგორც კი დავბრუნდი ქალაქში, მაშინვე სამსახურის ძებნას შევუდექი. მამის დანატოვარი ქონება ძირითადად ჩემს ფილტვებს შევწირე, ამიტომ ისეთი სამსახური მინდოდა მეპოვნა, რომელიც თან თავს გამატანინებდა და თან ცხოვრებას გამიხალისებდა და დამავიწყებდა სანატორიუმში გატარებულ ზამთრის პირქუშ დღეებს. ჩემდა სასიხარულოდ დიდხანს არ მიწვალია ძებნაზე. კომუნიკაციის ახალი საშუალება -ტელეფონი ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს ჩვენს ქალაქში და სატელეფონი კომპანიაში თავისუფალ სამუშაო ადგილებზე კონკურსი იყო გამოცხადებული. საკონკურსო პირობები ბევრს არაფერს მოითხოვდა-სასიამოვნო ხმა და კომუნიკაბელურობა. რადგან ღვთის წყალობით არც ერთი მაკლდა და არც მეორე, მარტივი ფსიქოლოგიური ტესტის გავლის შემდეგ ოპერატორად ამიყვანეს.
მეორე დღიდანვე შევუდექი საქმიანობას. სამუშაო მეტად სახალისო იყო და უპრობლემოდ მივეჩვიე. რეკავდა ათასი ჯურის ხალხი და ისე გადიოდა დღეები, ვერც ვიგებდი. თან ერთი თავშესაქცევი რაღაცაც მოვიფიქრე მუშაობასთან ერთად და ეს განსაკუთრებით მართობდა. წარმოვიდგენდი ხოლმე ამა თუ იმ ხმის პატრონი როგორი იყო, რითი ცხოვრობდა და ამის მიხედვით ხმებს სახელებს ვარქმევდი. ასე დაიბადა "მარტოსული", "თავზეხელაღებული" "ბანკირი" "უიღბლო" "ჟიგოლო" "არტისტი" "ავანტიურისტი" "ყომარბაზი" "მეზობელი ქალი" "ძუნწი" "იპოქონდრიკი" და ა. შ. ყოველივე მათგანს გამარჯობაზევე ვცნობდი და ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიმაჩნდნენ. ერთ დილასაც ჩვეულებრივად შევუდექი მუშაობას რომ ზარი გაისმა და ამ ზარს არ შემოჰყვა არც ერთი "ჩემი" აქამდე არსებული "ხმა":
-ოპერატორ გეთაყვა ხარ?-იკითხეს ისეთი სუფთა და პატარა ზანზალაკივით წკრიალა ხმით, რომ მივხვდი ყურმილის მეორე ბოლოში პატარა ბავშვი იდგა.
-ოპერატორ გეთაყვა ვარ- ვუპასუხე და მთელი სახე გამინათდა ღიმილით.
-იცით, ჩაქუჩი ჩავირტყი ხელში-გაიწკრიალა ხმამ და სლუკუნით გადაიზარდა ტირილში.
-დედა სახლშია პატარა?-ვკითხე და ვიგრძენი როგორ გამეჩხირა ბურთი ყელში.
-არა, მარტო ვარ-ჩაიჩურჩულა ხმამ.
-სისხლი მოგდის?-ვკითხე.
-არა, მაგრამ ძალიან მტკივა-ასლუკუნდა ისევ ხმა.
-ყინული გაქვს სახლში?
-კი.
-შეგიძლია გახსნა ყინულების ყუთი?
-კი.
-ჰოდა მოიტანე ერთი ყინულის კუბიკი, დაიდე თითზე და ტკივილიც გაგივლის.-ვუთხარი და როცა ყურმილი დავკიდე კიდევ დიდხანს ვერ მოვიშორე ყელში გაჩხერილი ბურთის კვალი.
მას მერე დღე არ გავიდოდა ისე, რომ ამ ზანზალაკივით ხმას არ დაერღვია ჩემი სიმშვიდე. რეკავდა ყველაფერზე, მეკითხებოდა ყველა წვრილმანს. ერთად ვამზადებდით გაკვეთილებს, ერთად ვაჭმევდით მის პატარა მღრღნელს, რომელიც სახლში ყავდა. ისე შევეჩვიე ამ ხმას, რომ სამუშაო დღის დაწყება მხოლოდ მისთვის მიხაროდა. ათას ზარში ვარჩევდი მის ზარს. თითქოს განსხვავებულად წკრიალებდა ამ დროს შავი ყუთი და ერთ დღესაც, როცა ასე განსხვავებულად აწკრიალდა და როგორც ყოველთვის მომესმა საყვარელი და ახლობელი: "გამარჯობა ოპერატორ გეთაყვა", მივხვდი, რომ ამ ხმის გარეშე უკვე აღარ შემეძლო არსებობა და სამსახურის გარეთაც მხოლოდ ამ ხმაზე ვფიქრობდი.
-აბა როგორ ხარ პატარა?- ვკითხე და პასუხის მოლოდინმა გულში სინათლე ჩამიღვარა.
-ძალიან ცუდად, იადონი მომიკვდა-მაუწყა სასოწარკვეთილი ხმით.
ვეცადე დამეწყნარებინა, მაგრამ ამაოდ.
-რატომ უნდა ხდებოდეს ისე, რომ ეს ულამაზესი ჩიტი, რომელიც ასე გვახარებდა მთელს ოჯახს თავისი სიმღერით, ეხლა გალიის ძირში ეგდოს უსულოდ, როგორც ბუმბულების პატარა გროვა.-სლუკუნებდა ჩემი ზანზალაკი და იმ წუთას ისე საშინლად მინდოდა გულში ჩამეკრა და დამემშვიდებინა, რომ თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამსკდა. რამოდენიმე წამის შემდეგ ავიყვანე თავი ხელში და ვუთხარი:
-პოლ! ყოველთვის გახსოვდეს, რომ არსებობს სხვა სამყაროც, სადაც შეიძლება მღერა.
ვიგრძენი, რომ ამ სიტყვებმა უცბად დააწყნარა.
მეორე დღეს დამირეკა ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და მკითხა როგორ იწერებოდა სიტყვა "FIX"...
ერთ ჩვეულებრივ დღესაც ისე დავამთავრე სამუშაო დღე, რომ ჩემი შავი ყუთი განსხვავებული ხმით არ აწკრიალებულა და სახლში მისული მივხვდი, რომ ის რაც საშინლად მაკლდა მთელი დღე, საღამოს დიდ მაჯლაჯუნად გადამქცეოდა და გულზე ამკროდა.
მეორე დღეც მის მოლოდინში გავატარე. მეორეს მესამე მოყვა, მესამეს მეოთხე და რაც უფრო მეტი დღე ილეოდა, მით მეტად მელეოდა იმის იმედი, რომ კიდევ დარეკავდა. ამასობაში წლებიც გავიდა, მაგრამ მე არასოდეს დამვიწყებია მისი ხმა და ის სიხარული, რაც ამ ხმის გაგონებისას განვიცდიდი. არ დამვიწყებია ის განცდა, რომ ამ ქალაქში ერთადერთი ახლობელი მყავდა, რომელზე ზრუნვაც ჩემი ერთადერთი მოვალეობა იყო. სამსახურზეც გული ამიცრუვდა, რადგან მძულდა ყველა ის ზარი, რაც მანამდე მახალისებდა. ამასობაში ჩემმა ფილტვებმაც შემახსენეს თავი და რამოდენიმე ზამთარი ისევ სანატორიუმში გავატარე. იქედან დაბრუნებული პერიოდულად ვუბრუნდებოდი ხოლმე ჩემს სამსახურს. მძულდა, მაგრამ ვერ ველეოდი, რადგან გულის სიღრმეში მაინც მჯეროდა რომ ისევ გავიგონებდი "გამარჯობა ოპერატორ გეთაყვას" თუმცა ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ხმა ბავშვის აღარ ყოფილიყო.
ერთ დღესაც, როცა არაფრით გამორჩეული ზარი გაისმა ჩემს ოთახში, დავწვდი ყურმილს და სანამ ჩვეულ "გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ"-ს ვიტყოდი, ყურმილის მეორე ბოლოდან დამასწრეს:
-ხომ ვერ მეტყოდით, როგორ იწერება სიტყვა "FIX"?
ხმაზე ვერ ვიცანი, რადგან ეს ბავშვის ხმა აღარ იყო. მაგრამ ის სისუფთავე, რაც ბავშვობისას მის ხმას ახასიათებდა შენარჩუნებული ჰქონდა და ისევ ზანზალაკივით აწკრიალდა ჩემში.
მინდოდა, რაღაც მეთქვა, მაგრამ როგორც სულ პირველად, ეხლაც დიდი ბურთი გამეჩხირა ყელში და სიტყვა ვერ დავძარი. არც ვიცი რამდენს ხანს ვიყავი ჩუმად. ბოლოს როგორც იქნა მოვიკრიბე ძალები და მშვიდად ვუპასუხე:
-თითი მოგირჩებოდა ამ ხნის განმავლობაში.
გაეცინა და მითხრა:
-ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ. საინტერესოა თუ ოდესმე გიფიქრიათ რას ნიშნავდა ჩემთვის თქვენთან საუბარი.
-და შენ თუ იცი რას ნიშნავდა ჩემთვის შენი ზარები-კითხვა შევუბრუნე, შვილი არასოდეს მყოლია და შენი ყოველი ზარი ამ დანაკლისს მივსებდა.
მერე მომიყვა თუ როგორ ხშირად ვახსენდებოდი ამ წლების განმავლობაში. რამხელა ძალას აძლევდა ჩვენი საუბრები და როგორ დაცულად გრძნობდა ჩემთან თავს. 9 წლის იყო რომ მშობლებმა სხვა ქალაქში გადაიყვანეს საცხოვრებლად, ტელეფონი იქაც კი ჰქონდათ, მაგრამ ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ოპერატორ გეთაყვას ახალ პრიალა აპარატშიც ეცხოვრა. ეგონა, რომ ისიც იმ ძველ აპარატთან ერთად დარჩა. რომ ეხლა რამდენიმე წლის მერე, გავლით იყო თავის მშობლიურ ქალაქში და ნახევარ საათში ისევ უნდა გამგზავრებულიყო თვითმფრინავით.
-არც კი დავფიქრებულვარ, ისე ავკრიფე თქვენი ნომერი... სხვა დროს როცა ისევ ჩამოვალ ამ ქალაქში, შეიძლება რომ გნახოთ?- მკითხა.
-რა თქმა უნდა! რომ ჩამოხვალ დარეკე და უბრალოდ სალი იკითხე-ვუპასუხე და ვიგრძენი, რომ სადღაც გულის სიღრმეში რაღაც საშინლად ამტკივდა. ჩემი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა და ისიც კი არ ვიცოდი ცოცხალს მნახავდა თუ არა. რამდენიმე თვის მერე ისევ მომიწია სანატორიუმში გამგზავრება. წასვლის წინ ჩემს შემცვლელს ვთხოვე, რომ თუ მიკითხავდა ვინმე, სახელად პოლი, ეს ბარათი წაეკითხა მისთვის და ოთხად დაკეცილი ფურცელი მივაწოდე.
მან ფურცელი გაშალა და ხმამაღლა წაიკითხა: "პოლ! ყოველთვის გახსოვდეს, რომ არსებობს სხვა სამყაროც, სადაც შეიძლება მღერა"
-რას ნიშნავს სალი ეს?-მკითხა გაოცებულმა.
-თვითონ მიხვდება-გავუღიმე და მეტი აღარაფერი მითქვამს.

0 comments:

Post a Comment