Monday, December 28, 2009

სამარშუტო ისტორიები: ”ვალერა”

დღეს...
ვმგზავრობ "მარშუტკით"...ალბათ ათამდე მგზავრი ვართ: მოხუცი ქალი ჩემს გვერდით, რომელიც გაუჩერებლად ახველებს და პაუზების დროს გაურკვეველი ხმით ბუყბუყებს, ორი თმაგაწეწილი თინეიჯერი ბიჭი ჩემს უკან, რომლებსაც ვირტუალური აჩრდილი დასტრიალებთ და ამქვეყნისანი არ არიან, მძღოლის გვერდით მჯდომი მრგვლად ჩასუქებული, გაცოცხილ-გაფშეკილი ჟანგისფერთმიანი მდედრი, რომელიც მჭახე ხმით არკვევს სან.ტექნიკის გაუმართაობას სახლში და მობილურში ხმამაღლა ჩასჩხავის სავარაუდოთ ქმარს, რომ ვიღაცა (სავარაუდოთ სანტექნიკოსი) ყურით მოათრიოს და როგორც გააფუჭა "კრანი", ისე გააკეთოს, ჩემს წინ მჯდომი დღის მთავარი გმირი "ვალერი", რომელიც ღაჟღაჟა სახეზე სამ ლარიანი D&G სათვალით და ხელში ნოკია N95-ით კაიტიპობს და საკუთარი გარეგნობითა და ჩაცმულ-აღჭურვილობით ზედმიწევნით კმაყოფილი ინტელექტუალურად ოხუნჯობს და ეანცება თანმხლებ, დედაქალაქს სასწავლებლად ჩამოსულ, "ფარცხანაყანელ" სამ "ლъ"-ს და ბოლოს სამი "ლъ", რომლებიც ისე შესცქერიან ვალერის, როგორც მსოფლიოს მერვე საოცრებას და ერთმანეთს ასწრებენ ვინ უფრო დამაჯერებლად და დიდხანს იხვიხვინებს ვალერის რიგ ინტელექტუალურ ოხუნჯობებზე. ვალერიც თავის მხრივ სამი ლъ-ს გან შეგულიანებული ისე შედის ხიბლში და აზარტში რომ უდარდელად და ერთი მოწყვეტით აწყობს ფეხებს მძღოლის საზურგეზე და მძღოლს შესძახებს:
-ჩემი ძმა ერთი ჭუგნიტოლას (ალბათ პლეიერი იგულისხმა ვალერიმ) აუწიე რაა!-იკრიჭება საკუთარი ენამოსწრებულობით გახარებული.
მძღოლი არ იხედება უკან, ისე პასუხობს (ჩემდა გასაკვირად) ზრდილობიანად:
-ფეხები ჩამოიღე თუ შეიძლება.
-ხო არაფერი გეშლეეება ბიიჭო?-"ფარცხანაყანული" კილოთი კითხულობს ვალერი.
მძღოლი ისევ "დასტოინად":
-მე არა მგონია რამე მეშლებოდეს, მაგრამ შენ გეშლება და ჩამოიღე ფეხები თუ ჩემი ძმა ხარ.
ლოყებღაჟღაჟა ვალერის კიდევ უფრო უღაჟღაჟებს ლოყები "შეურაცხყოფისგან" და აღელვებული წამოიწევს. წამოიწევს და მასთან ერთად სამი ლъ-ც-იზლაზნება:
-არ გინდა რია ვალერი! ნუ აყვები, თავი შეიკავე, გთხოოვ!
ვალერიც აღარ "უტეხავს" მათ, ბოლომდე "ჯენტლმენობს" და ყბების კუნთების თამაშით ისევ "წაიფარცხანაყანებს":
-აი თქვენნიი ხათრით თორემ გადმევიღეებდი ეხლა ამას.
მძღოლი მშვიდად აგრძელებს გზას და ნერვი არ უთამაშებს. ჰო, და რაც მთავარია მოხუცი ისევ ბუყბუყებს. ორი თმაგაწეწილი ჩემს უკან ისევ მოწყვეტილია რეალობას და ჩასუქებული მდედრი ისევ ჩხავის ტელეფონში.
ვალერი უკმაყოფილოდ იღებს ფეხებს მძღოლის საზურგედან და ორი წუთის შემდეგ ისევ აგრძელებს "სიქულა და გრიქულა" ოხუნჯობას. შესაბამისად სამი ლъ-ისევ თქვირავს საკუთარ ჰორმონებში და ვალერის ეს ესაა კაიტიპობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტის გამო სამივეს აშკარად სიამაყის ნათელი ეფინებათ სახეზე და არ შორდებათ მანამ სანამ ჩასვლის დრო არ უწევთ.
-ჩადით გოგოებო! თქვენი გადახდილია!-ხელს იტაცებს ჯიბისკენ ვალერი.
-სამივე ლъ-ც "ვაიმე ად ასებოობს, სად შემილია, პკაა ვალერი, ა დაიკარგო რია"-ს კრუსუნით ჩადიან და ვალერიც შოშმინდება, ისევ იღებს ჯიბიდან ხელს და მძღოლს მიმართავს საკუთარი ღირსებით აღსავსე ტონით:
-მაგრად შეგეშალა ძმაო, აი შენი შემდეგი რეისავიკი რეზოა ხო, ბრატ?
-კი.
-ჰოდა რეზო გეტყვის მე ვინა ვარ, აეხლა აქ გამიჩერე.
ვალერის რა თქმა უნდა აზრად არ მოსდის მგზავრობის საფასურის გადახდა არც თავისი, არც სამი ლъ-სი და მხრების რხევით ჩადის.
ჩემს ცხოვრებაში პირველად მომინდა, რომ ბიჭი ვყოფილიყავი...

0 comments:

Post a Comment