Tuesday, April 10, 2012

მარტივი ზმნები


ვნების კვირა დაიწყო... ვიღაცა დღე და ღამ ლოცულობს... ვიღაცა მეტანიებს აკეთებს... ვიღაცა აღსარებისთვის ემზადება....ვიღაცა კვერცხების ჯახაჯუხისთვის... ვიღაცა ღვთაებრივი ცეცხლის ჩამოსატანად მიდის... მე აქ დავწერ...

მივილტვი - კონტრასტებისკენ ყველგან და ყველაფერში და ასეთივე ადამიანებისკენ.

მიყვარს - იმის გაცემა რაც მიყვარს; სარკეში ჩახედვა, როცა თვალებში მიხარია და სიცილი.

მძულს - უტაქტობა, კონფლიქტები, იმპერატიული ტონი, როცა ჩემს ირგვლივ ცუდ ხასიათზე არიან და გაურკვევლობა.

ვერიდები - ყბედ და ყველას მეგობარ ადამიანებს.

ვოცნებობ - სიმწვანეში და ყვავილნარში ჩაფლულ დიდ ბიბლიოთეკიან, ფონოტეკიან, და კინოთეატრიან სახლზე; ბეზენდორფერის როიალზე და ამ სახლში სიგიჟესა და პოეზიანარევ ცხოვრებაზე.

ვფიქრობ -სულ და ყველაფერზე.

მახსოვს - ყველა და ყველაფერი, რასაც ოდესმე მნიშვნელობას ვანიჭებდი.

ვპატიობ - ყველაფერს ჯანდაბიდან დაწყებული დოზანით დამთავრებული, უთავმოყვარეობაში არ აგერიოთ ოღონდაც.

ვნატრობ - სიმშვიდეს.

მინდა - მომავალშიც ისე იყოს, რომ რამდენჯერაც უკან გავიხედავ, იმდენჯერ ვთქვა „კარგი იყო“.

მაღიზიანებს - ხმაური სახლში, კარზე კაკუნი, თავის მართლება, მომარხულე თინეიჯერი გოგოები, მეწვრილმანე ადამიანები და კიდე ბევრი რამე.

ვგრძნობ - მაშასადამე ცოცხალი ვარ.

გამოვხატავ - სიყვარულს და ყველაფერ პოზიტივს, რაც სიყვარულს მოყვება დეფოლტად.

მეშინია - იმ ხელის გაშვების, რომელსაც ვებღაუჭები.

ვიცი - საკუთარი თავის, სქესის, ხასიათის, შესაძლებლობების, სურვილების და მათი მიმართულებების ყველა წერტილ-მძიმე.

არ ვიცი - რა იქნება...

შემიძლია - ზღვაში კარგი მეზღვაურობა და ხმელეთზე კარგი მებაღეობა, თუმცა პირიქით უფრო მიზიდავს.

მახალისებს - „საკუთარი თავის ფასის მცოდნე“ ხალხის გაბანკროტება.

არ შემიძლია - შევაჭრება, ვაჭრობა, სწრაფად ანგარიში და ლოდინი.

მშურს - გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანების და იმ ხალხის ვისი ჰობიც საკუთარი შემოსავლის წყაროა და იმხელა შემოსავლის წყარო, რითაც სხვა დანარჩენ სურვილებს იკმაყოფილებენ.

ვემალები - ასაკს.

მაკვირვებს - ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ბოლო 12 წელიწადში. 12 წლის წინ ჩემი უფროსის მოტოროლა ბრელოკი რომ ტექნიკის უმაღლესი მწვერვალი მეგონა, დღეს ჩემს მობილურის, როგორც ჰარმონიკას ისე ვიყენებდი.

ვინახავ - გულში ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ოდესმე მისი კარი გამიღია.

მიხარია - როცა იმას უხარია, ვისაც უხარია რომ მე მიხარია.

მესიზმრება - ყველა ჟანრი ერთდროულად ან ვეძმური სიზმრები.

ვეხმარები - მევასება როცა ვიღაცას ვჭირდები.

ვითხოვ (ურთიერთობებში) - არაფერს, ვცდილობ - არაფერს (ვიღაცამ შეიძლება ეს სიდებილეში და ან ამპარტავნობაში ჩათვალოს, მაგრამ დამიჯერეთ ამ ორი რაღაცის მიღწევა არის უდიდესი კაიფი და ნირვანა, ყველანაირი კონფლიქტის, ეჭვების, თამაშის, ინტრიგების, ქვეტექსტების, ურთიერთპრეტენზიების და ა.შ თავიდან აცილების საშუალება) აქედან გამომდინარე ის ყველაფერი რასაც „ითხოვენ“ ხოლმე ისტერიულად, თავისით და სრულიად ძალდაუტანებლად მომდის.

არ მიჩერდება - ფული და ნაუშნიკები.

ვცხოვრობ - ერთდროულად მარტივად და რთულად.

პატივს ვცემ - ყველა იმ ადამიანს, ვისაც მწუხარების დამალვა შეუძლია ღიმილით.

ვიზიდავ - (საშუალო არ არსებობს) ან „ფორმულა ერთის მრბოლელებს“ ან „დამწყებ მძღოლებს“. ამ უკანასკნელთ იმ მიზეზით რომ სულ ერთია კალოშში წაყოფენ ფეხს თუ პუანტეში, მთავარია სცადონ და ფეხი ჩაყონ, თორემ ერთს მეორესგან ვერ არჩევენ.

და ბოლოს არ მინდა - ბევრი. ბევრი მაქვს უკვე. ეხლა სულ ცოტა მინდა... :)