Monday, December 28, 2009

ლიი...




.. ტელეფონის ზარი... "ნაა" - როგორც ყოველთვის, ყოველდღე, დღეში ათასჯერ რეკავდი "ნაა", რა საყვარლად მიმოკლებდი სახელს "ნაა, გილოცავ ბედობას და გეხვეწები არ გამიბრაზდე რაა გავთხოვდი, იცი რა ბედნიერი ვარ! მარხვა რომ დამთავრდებოდა მერე ვაპირებდით ხო იცი, მაგრამ დღეს ხო ბედობაა და უცბად გადავწყვიტეთ დღეს, ეხლა ბორჯომში ვართ, თოვს აქ და ხო იცი როგორ მიყვარს თოვლი, გიორგიმ წამომიყვანა აქ, დღესვე ჩამოვალთ თბილისში, ჩვენთან მივალთ და გამოდი კარგი? ნაა როგორი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენ, აი ხო სულ გეუბნებოდი, რომ ან ძალიან ბედნიერი ვიქნები ან ძალიან უბედური თქო, ღმერთმა არ გამწირა ნაა, ვიცი რომ არ გამწირავდა, ეს ყველა ჩემს ოცნებაზე და ნატვრაზე მეტია, რასაც ეხლა ვგრძნობ ნაა..."
...დილიდან ყველას მოვდე ლიკა გამითხოვდა თქო...რამდენი გეფერე და გკოცნე რომ მოვედი, შენ ბედნიერებაზე მეტად არაფერი მიღირდა იმ წუთას... სულ რამდენიმე საათით გნახე... "მალე უნდა წავიდეთ ნაა... სიღნაღში მივდივართ."
-"ლიი მართლა ესეთი ბედნიერი ხარ? აბა მოწყენილი რატომ ხარ?"
-"არ ვიცი ნაა, მეშინია ისეთი ბედნიერი ვარ, ასე მგონია ჩემს თავს არ ხდება ეს"
-"სულელო, ღმერთმა ის გაჩუქა რასაც იმსახურებდი, შენც ხო სულ მაგას შესთხოვდი, რასაც ვიმსახურებ, ის მომაგე, მეტს არაფერს გთხოვო, ჰოდა შეირგე ახლა სიხარული"
..."ლიი როგორ კი ჩახვალთ დარეკე"
...დარეკეს... ოღონდ შენ არა... ვიღაცის საშინელმა, საზიზღარმა ხმამ დარეკა...ავარია მოხდა...მოდით...რეანიმაციაში არიან...
...უსასრულოდ გაწელილი გზა...უსასრულოდ გრძელი დერეფანი...არ შეიძლება შემოსვლა... გამიღე კარები...არ შეიძლება შემოსვლა, მძიმედ არიან ექიმებს ხელს შეუშლით...რომელია მძიმედ ის მაინც მითხარით?... გოგო...მერე აღარაფერი, საშინელი ლოდინი... საშინელი, უსასრულო ნახევარი საათი...ლიი ვიცი გადარჩები ლიი, ვიცი... შენ არ გამიმეტებ მაგისთვის.. არ გამწირავ...ვიცი ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს არ გამწირავ... ორჯერ ხარ სიკვდილს გადარჩენილი, მესამედაც გამოძვრები ლიი...
...ხმა დერეფნის ბოლოდან "გული გაუჩერდა"...
...გული გაუჩერდა...ამ ორ სიტყვაში გაიყინა სამყარო, სანამ მამაჩემის არაადამიანურმა ღრიალმა არ დაადნო და მერე დაიძრა მატარებელი ჩემს ტვინში საშინელი რახრახით: "გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა, გული გაუჩერდა,"
ნეტა რას ნიშნავს ეს ორი სიტყვა, ვის გაუჩერდა გული? ლიკას? რას ნიშნავს ლიკას გული გაუჩერდა...ლიკას თუ გული გაუჩერდა, ეს იგი მოკვდა და თუ მოკვდა მე რატომ ვერაფერს ვგრძნობ.. რამ გამაქვავა...სადღაც მამაჩემი ღრიალებს, სადღაც დედაჩემი მიყავთ მოსასულიერებლად, სადღაც ჩემი და რას აკეთებს ვერ ვხდები, ვერც ვხედავ და არც მესმის. მე ვდგავარ შუა დერეფანში გაქვავებული და მარტო ორი რაღაც მესმის მონაცვლეობით "გული გაუჩერდა" და "ნაა"
...ლიი ვინ იყავი საერთოდ ან საიდან მოხვედი ესეთი? როგორ შეიძლებოდა ერთ ადამიანში ამდენი ღვთის მადლი ყოფილიყო, უნაკლო, სასწაული სილამაზე, უფრო ლამაზი სული, უსაყვარლესი ხასიათი და უძირო ჭკუა-გონება, ან საიდან გქონდა 24 წლის გოგოს ამხელა სიბრძნე, შენმა დღიურებმა შემძრა, სად გეტეოდა ამხელა კეთილშობილება, ყველას სიყვარული და უზომო სითბო ლიი, სიბრიყვემდე სიალალე ლიი? ეკლესიურად ცხოვრობდი მთელი გულით, ამ დღისთის ემზადებოდი ლიი? შენმა მოძღვარმა მითხრა ჩემი პირველი მრევლი იყოო, მე და ლიკა ერთად გავიზარდეთ, მე როგორც მოძღვარი და ლიკა როგორც მრევლიო. შენგან ვიცი რომ გამორჩეულად უყვარდი, წესს რომ გიგებდა სიტყვები უწყდებოდა, ადამიანის სახე არ ქონდა ლიი.
...ჩვენს მეტმა ხომ არავინ იცის მე და შენ ერთმანეთისთვის რა ვიყავით? შენ რას ნიშნავდი ჩემთვის და მე შენთვის? მეორე დედას მეძახდი, მე გაგზარდე და მე აღგზარდე, მე და შენ ხომ მარტო სისხლი და ხორცი არ ვიყავით ერთმანეთის, მე და შენ ხომ მარტო დები არ ვიყავით ლიი, რომლებიც ერთ სახლში გავიზარდეთ და ერთი მშობლები გვზრდიდნენ. მე და შენ ხომ ერთმანეთის სულის ნახევრები ვიყავით, მე და შენ ხომ ერთმანეთის იმედი ვიყავით და ერთმანეთის საყრდენი, რაც გვიხაროდა ან თუ რამე საწყენი შეგვხვდებოდა პირველად ხომ ერთმანეთისთვის უნდა გვეთქვა. თურმე ყველა შენი მეგობარი მასე ყოფილა, ყველა იმას წუხს რომ ვის უნდა ვუთხრათ როცა რამე გვიჭირსო, ყველას იმედი იყავი, ისეთი გამხნევება იცოდი და ისეთი საუბარი, რომ ყველა ტკივილს დაავიწყებინებდი ადამიანს.
..."ნაა ხელები გამითბე რაა" სულ გაყინული გქონდა ულამაზესი გრძელი თითები, და გითბობდი ჩემს ხელებში როგორც შემეძლო...ლიი გახსოვს ერთი თვის წინ დამირეკე და მითხარი, ნაა გუშინ მთელი ღამე ვტიროდი და ჩემს თავს რომ ვუსვამდი კითხვას რატომ ვტიროდი, პასუხი ვერ გავეციო, მართლა შენ თავს ვფიცავარ, არ ვიცი რისთვის ვტიროდიო.
...ლიი არ გამიბრაზდე რაა იქ ვერ დაგტირი, ვერც დედა და ვერც მე, დედასთვის ხო იცი სულ სხვა იყავი შენ, არ ვიცი როგორ გადაიტანს, მამასაც მარტო შენ უგებდი, რომ გათხოვდი ის ვერ აიტანა და ტიროდა, ამას როგორ უნდა გაუძლოს! ლიი რომელი ერთი გიტიროთ? ვიცი რომ შენი სიკვდილი ჩემი სასჯელია, მაგრამ შენ რატომ იტვირთე ამდენი, ამხელა ჯვარი შენ რატომ უნდა გეზიდა ლიი? ორ კვირაში ქორწილი უნდა გქონოდა, გახსოვს რა მთხოვე? ნაა შენ უნდა ჩამაცვა საქორწინო კაბაო, ხო შეგისრულე ლიი, ხო ჩაგაცვი ჩემი ხელით გაყინულ სხეულზე თეთრი, ულამაზესი კაბა და ბეჭედიც ხომ მე გაგიკეთე თითზე... ულამაზესი ყინულის დედოფალივით წევხარ, ანგელოზს გავხარ ლიი, თეთრი და გაღიმებული, ვინც მოდის ვერ გიყურებს ლიი, ვერც ქალი, ვერც კაცი.
...მე ხომ შეგისრულე თხოვნა, ეხლა შენი ჯერია, დამესიზმრე ხშირად ლიკ, ყოველდღე თუ არ გამახარებ, ხშირად მაინც დამესიზმრე, როგორც გინდა ისე დამესიზმრე თუ გინდა მეჩხუბე, თუ გინდა ხმაც არ გამცე, ოღონდაც დამენახე. ჩემი ნახევარი ხო მომაჭერი და თან წაიღე, სიზმარში მაინც დამიბრუნე ხოლმე, თუ გინდა ნურც დამენახვები მარტო დამიძახე ხოლმე როგორც იცოდი "ნაა" რომ შენი ხმა არ დამავიწყდეს...

0 comments:

Post a Comment