Wednesday, December 30, 2009

უკანასკნელი ძაფი


 

ერთად გაიზარდნენ - ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე, ერთ ეზოში...
ბიჭს ბავშვური გულწრფელი სიყვარულით უყვარდა; გოგოსთვის უახლოესი მეგობარი იყო და გულის მესაიდუმლე; ბიჭი მათემატიკის დავალებებს უწერდა; გოგო გიტარაზე დაკვრას ასწავლიდა...
მამა არ ჰყავდა ბიჭს; დედა ზრდიდა და თან წელებზე ფეხს იდგამდა, დღე და ღამეს ასწორებდა, რომ გაეზარდა. ძალიან უჭირდათ...
გოგო შეძლებული ოჯახიდან იყო, მაგრამ ერთმანეთთან არც სიმდიდრეს იმჩნევდნენ და არც სიღარიბეს - მათ მიღმა დააბიჯებდნენ. ვინ იცის რამდენჯერ უჭამიათ ერთად მხოლოდ გამხმარი პური და ტყემლის საწებელი. გოგოს ერიდებოდა - ხშირად ვერ სთავაზობდა ბიჭს, რომ მასთან ერთად ესადილა სახლში, რადგან არ უნდოდა თავმოყვარე ბიჭისთვის ის შეელახა, რითიც ყველაზე მდიდარი იყო. ბიჭიც არ აძლევდა უფლებას მას, რომ დახმარებოდა რამენაირად.
...ტელევიზორის ცქერის დროს იყვნენ განსაკუთრებით სასაცილოები. იმ ოთახში სადაც ბიჭს ტელევიზორი ედგა, ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა და ოთახის ანტენას აწვიმდა. დროთა განმავლობაში დაზიანებული ანტენა მხოლოდ ერთ წერტილში იჭერდა კარგად, სადღაც თავს ზემოთ და ამის გამო ხან გოგოს ეჭირა ეს მოშლილ-მოფურტკნული ანტენა ხელში და ხან ბიჭს.
...საკუთარ ტყავს გაიძრობდა ბიჭი, გოგოს რომ დასჭირვებოდა; გოგო კი თავის სასკოლო ამურულ თავგადასავლებს უყვებოდა, თან მეგობრულად რჩევას ეკითხებოდა და სულ არ იმჩნევდა ბიჭის თვალებში ვაგლახად შეკავებულ ცრემლს.
...გოგოს მე-16 დაბადების დღე ახლოვდებოდა. ბიჭს სახლში ერთადერთი ძვირფასი ნივთი ებადა - ვერცხლის კოვზი და მამის დანატოვარი ”დრელი”. მან დედის უჩუმრად აიღო კოვზი, გადაადნო, თვითონვე გაჭრა ყალიბი და გოგოს ზოდიაქოს ნიშანი- ხელისგულისოდენა მორიელი ჩამოასხა. მერე მამისეული ”დრელი” გაყიდა და იმავე ზოდიაქოს დიდი ქვა იყიდა, რომ შუაში ჩაესვა.
...ბიჭი იმ დღეს უბედნიერესი იყო. უკანასკნელი ”ვერცხლი” გასცა. გოგოს გრძნობებს ვერ აღგიწერთ, ყველა ემოცია ერთმანეთს ებრძოდა მასში, მაგრამ ის მთავარი გრძნობა, მაინც განზე იდგა და არ ეყურებოდა.
...მერე დაიშალნენ. ცხოვრებამ დაშალა და წლების მერე საბოლოოდ გაშალა - გოგო საოჯახო ასპარეზზე, ბიჭი - მოსკოვში.
...ბევრი გულწრფელი თუ სავალდებულო საჩუქარი მიუღია მას მერე, მაგრამ ”ბოლო ლუკმა” აღარასოდეს. არც არასოდეს მოუშორებია ეს ”ლუკმა”. საფრთხე რომ ყოფილიყო და ნივთების გადარჩენა დასჭირვებოდა, პირველად მას გამოიტანდა.
...ერთი წლის წინ ბიჭმა შემთხვევით ნახა გოგოს ვირტუალური ფოტო - ყელზე მორიელით. დიდი ყოყმანის მერე დაურეკა მას და უთხრა - არ მეგონა თუ კიდევ გექნებოდაო. რამოდენიმე წუთიანი მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ დაამატა - თუ გინდა ეგეთივე ოქროს მორიელს ჩამოვასხმევინებ და რა თვალსაც მეტყვი, ის ჩავსვათო. (თურმე, ადრე თუ გვიან მაინც სკდება ბავშვობაში დაგუბებული შეულახავი თავმოყვარეობა).

...

ბურთი გამეჩხირა ყელში - ბავშვობასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი უკანასკნელი, ყველაზე გამჭვირვალე ძაფიც გაწყდა.
-არა მადლობა ლ---! არაა საჭირო, არ მიყვარს ოქრო. -. ვუთხარი და მალევე დავემშვიდობე.
მერე უჯრიდან ჩემი მორიელი ამოვიღე და დავხედე: ”რა გვაკადრეს აა?!”
”... რას ჩამოასხმევინებ ბიჭო? - გამხმარ პურს თუ ტყემლის საწებელს ? მათემატიკურ განტოლებებს თუ აუწყობელი გიტარის ჟღარუნს? სახლიდან ჩუმ-ჩუმად მოპარულ ნავთს თუ ”ვინ დაასწრებს მეკვლეობას ახალ წელს”? ... რაც არ უნდა გააჩუქო, იყიდო ან გაყიდო, მამაშენის ”დრელს” მეორეჯერ გაყიდი?! ”


არ მიყვარს, როცა რაღაცას მჩუქნიან...

0 comments:

Post a Comment