Monday, December 28, 2009

ბებიას სახლი


ბავშვობაში ბებიაჩემის სახლში მიყვარდა ღამით დარჩენა, ძველი სახლი იყო, სამსართულიანი, ქუჩის პირას. სადარბაზოში რაღაც განსაკუთრებული სიგრილე იყო ხოლმე ყოველთვის და ამ სიგრილისა და ნესტის ერთად არეული სურნელი, რომელზეც დღემდე ვგიჟდები. ერთი ოთახი მქონდა ამოჩემებული, პატარა ოთახი იყო დიდი შუშაბანდით. შუშაბანდთან იდგა ერთი საწოლი, მეტი არც არაფერი ეტეოდა იმ ოთახში. შუშაბანდის იქეთა მხარეს, ძირში ბებიაჩემს ყვავილნარი ჰქონდა ულამაზესი: იასამნებით, ფერდ-ფერადი ტიტებით, იებით, ზამბახებით, პიონებით და ვარდებით სავსე. ზუსტად შუშაბანდის ძირში ხეივნის თეთრი, ვარდისფერი და წითელი ვარდის ბუჩქები იყო დარგული და ეს მთელ სახლის ფასადზე და შუშაბანდზე იყო მოდებული სუროსავით, თან ერთმანეთში არეული ეს ფერები სასწაული სანახავი იყო. ამ ყვავილნარის ღობის იქით იდგა უზარმაზარი ხეები, ისეთი დიდი, რომ მათი ტოტები ყვავილნარს ხო ფარავდა, შუშაბანდშიც კი შემოდიოდა და ამის გამო სულ ჩრდილი იყო იმ ოთახში. დილით მანდ გაღვიძება ერთ რამედ ღირდა, სულ ღია მქონდა ხოლმე ფანჯარა და ყოველ დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებდა, რომლებიც ლამის თავზე მასხდნენ, მზე ამ ტოტებში საოცრად სხვანაირად იღვრებოდა და  იმ მზის სხივებსაც აუხსნელი სურნელი ჰქონდათ, რომელსაც ეხლაც კი ვგრძნობ. თუ ახალი ნაწვიმარი იყო, მაშინ იყო საოცრება. ყველაფერი ერთად: ჩიტები, მზე, სველი მიწის, ხეების, ნამიანი ყვავილებისა და ღვეზელების სურნელი, რომელსაც ბებია მიცხობდა ხოლმე ყოველ დილით. მას მერე ეგეთი შეგრძნება აღარსად მქონია. ჰო კიდე რა მახსოვს, ბებიაჩემი თითქმის ყოველ დილით რწყავდა ხოლმე ამ ყვავილნარს და აი იმ წყლის ჩხრიალსაც კი თავისებური ხმა და სურნელი ჰქონდა.
…ალბათ, იქედან აღვიქვამ ფერებს ასე ემოციურად, მგონია, რომ ყველა ფერი ცოცხალია, სუნთქავს და ადამიანის ემოციებით იკვებება და საზრდოობს. როცა ის სახლი და ყვავილნარი ბებიასთან ერთად მოკვდა, ჩემი ბევრი ფერიც თან გაიყოლა...

0 comments:

Post a Comment