Wednesday, December 30, 2009

ისევ და ისევ www.forum.ge


ხშირად ვფიქრობ ხოლმე ფორუმზე, რა არის და რა ხიბლი აქვს ისეთი, რომ მოსული ბევრი მინახავს და წასული არავინ. იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ერთი დიდი არქივია ცოცხალი ურთიერთობების, სადაც ისევე იწერები და ისევე ტოვებ შენს კვალს, როგორც სამოქალაქო რეესტრში, ოღონდ იქ თუ ამა თუ იმ ფორმას ავსებ სხვადასხვა მონაცემებით, აქ არაფრის ფორმა არ არსებობს, გარდა წარმოსახვითისა. წარმოსახვით ფორმას ვავსებთ ანუ რა გვინდა ვიყოთ ჩვენ და არა, რა ვართ. ზოგი დონ კიხოტია, ზოგი კინგი ან ტუზ კოზირი, ზოგი ოცნების ქალი ან ღმერთქალი შივა, ზოგი უფრო თავმდაბლობით გამოირჩევა და საკუთარი პერსონის წარმოჩენას მხოლოდ სახელის ხაზგასმით "ჯემალი ვარ ჩმდდშვც" ცდილობს ისე, რომ ეჭვი არ შეგვეპაროს მართლა ჯემალია თუ არა. მართალია ამორჩეული ნიკი, ავატარი და პროფილის სხვა ნიშნები ავტორზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, მაგრამ ეს წარმოდგენა ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ობიექტურობას მოკლებული, როცა საქმე ეხება ისეთ ნიკებს, როგორიცაა კუნთმაგარიგოგიტა, ბზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზზ, პეტრე პირველი, ბუცეფალი, ტრამალისმგელი007, მაო ძედუნ ჯუნიორი, ახტალის ბუდა და ა.შ. ავტორზე ყველაზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა მისი პოსტების შინაარსი და ლექსიკა, თუ რა თქმა უნდა პარალელური ნიკები არ ანგლობენ. მაგალითად როცა "საბედისწერო ქალი" იკითხავს რომელიმე თემაში: "ვინები იყავით აქციაზე ან თუნდაც სახინიკლეში (არ აქვს არსებითი მნიშვნელობა სად, ნიკები და ფრაზები პირობითია) - სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ნამდვილად შემეპარება ეჭვი ამ ქალის ფატალურობაში. ასევე შემეპარება ეჭვი ბრძენი მევლუდის სიბრძნეში, რომელიც ერთ თემაში შესაშური ლექსიკითა და ემოციით საუბრობს ეთერულ სხეულზე ტრანსცენდენტალური სამყაროში და მეორე თემაში კითხულობს როგორ უპოვოს ქალს G-spot-ი. თუმცა ნიკების და მათი ავტორების განხილვა ამ პოსტის მიზანი სულაც არ არის. მე მინდოდა მეთქვა, რომ ეს პატარა მაგრამ უზარმაზარი სამყარო, რომელსაც ფორუმი ქვია და რომ გახსნი ვითომც არაფერი ერთი უბრალო თეთრ-ცისფერი გვერდია იმ მომენტისთვის აქტუალური თემებით, სინამდვილეში ამ გვერდის უკან უამრავ ისტორიას იტევს, ადამიანურ ისტორიებს, ხასიათებს, ინტრიგებს, სიხარულს, სიყვარულს, დარდს, ტრაგედიებს. იწერება და იქმნება ეს ისტორიები ზოგი ჰეფი, ზოგიც ანჰეფი ენდით. ზოგის ოჯახის ისტორია, ისევე როგორც დედობის ისტორია აქვე იწყება და გრძელდება. ზოგის ოჯახის თუ ურთიერთობის აქ დაწყებული ისტორია აქვე მთავრდება და ახალი ურთიერთობის ისტორიაც აქვე იწყება. ეს ყველაფერი ხო აქ არის შენახული პოსტების, სურათების, წაშლილი თუ წაუშლელი PM-ების სახით. რა მარტივია არა?! - საკმარისია არქივში შევიდეთ ძებნაში სასურველი ადამიანი ჩავწეროთ და გადაიშლება მთელი თავისი ისტორიით, ურთიერთობებით, აზრებით, სურვილებით, სიხარულით თუ დარდით. თუ მეორე ადამიანსაც მივუწერთ გვერდით გრაფაში შეიძლება ადამიანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდსაც წავაწყდეთ თავისი შინაარსითა თუ ფორმით. რამდენჯერ ყოფილა რომ შემთხვევით მიპოვია რომელიმე იუზერის პოსტი სადაც ამბობს, ჩემი ძველი პოსტები გადავათვალიერე და თურმე რა გულუბრყვილო ვიყავიო. აი ერთ-ერთი მიზეზი რატოა ფორუმი მიმზიდველი, შეგიძლია შენს აზროვნებას და მეტამორფოზებს საკუთარი თვალებით უყურო, შეგიძლია შენს წარსულს შეახო ხელი ან შეავლო თვალი და გაგეღიმოს გულიანად ან სევდიანად. თუ სადმე ფეხის წამოკვრის კვალია შეგიძლია დააედიტებინო ან სულაც წააშლევინო. ისე რა მაგარი იქნებოდა რეალშიც რომ ეგრე იყოს, არსებობდეს უხილავი მოდერატორი, რომელიც არასასურველ კვალს დაგიედიტებს ან წაგიშლის...

1 comments:

Anonymous said...

ფატალური ქალიც ადამიანია.
ყველაფერში ფატალური ვერ იქნება.

მეც დამიწერეს ბლოგზე როგორ შეიზლება ერთდროულად გიყვარდეს ანტონიონიც და მატრიცაცო. მიყვარს.

Post a Comment