Thursday, June 16, 2011

"ჩემი"

არც მესტატუსება, არც მენოუთება, არც მელინკება, არც მეფოტოება, არც მეიუთუბება, არც არავისთან მეკომენტებ-მელაიქება. დეკადანსში შედის ჩემი ტვინი ნელ-ნელა, სამაგიეროდ გული გამოვიდა იქიდან... ორივე ერთდროულად ხო კარგად ვერ მუშაობს... სადაა მაგდენი სამყოფი სისხლი ყველა ორგანოში თანაბრად ნაწილდებოდეს:)

ჩემი სურვილები და ოცნებები ისე შეიკუმშა, რომ თვით ჩემი ეგოსა და მისი "იზმის" ჩასაკვეხებელი ადგილი არ დარჩა შიგნით...

ბრმად ნდობაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს...აღარც ფეხის გადაბრუნების გეშინია და აღარც კოროზიის. სულ რომ ოთხივე გზამოჭრილ გზაჯვარედინზე დარჩე ან ყველა კარი ჩაირაზოს შენს წინ, გგონია, რომ ერთი მუდამ შენს ზომაზე იქნება ღიად დატოვებული.

ბრმად რომ გენდობიან ეგეც მაგარია, ოღონდ როცა იცი, რომ შეგიძლია ამ ნდობის გამართლება და უფრო მეტიც, დარწმუნებული ხარ, რომ ზუსტად ამ ნდობის გამართლებისთვის დაიბადე. სხვა შემთხვევაში კი ტვირთია... უხილავი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული და მძიმე ტვირთი. "დაჟე" ამ დროს რომ გკითხონ, რა გტკივა ან რა გაწუხებსო, ვერ უპასუხებ.

ბედნიერება ყველაზე ირაციონალური ცნებაა. უფრო ხშირად იქ მიდის, სადაც ვერც ამჩნევენ და ზედ კმაყოფილების იარლიყს კიდებენ. სინამდვილეში მათ შორის სიმშვიდის გარდა არაფერია საერთო...
არადა ზოგჯერ რა ცოტა საკენკი სჭირდება მისატყუებლად... თუნდაც აი ეს: ზურგს უკან ან გვერდით გესმის ბოდიალის ან არსებობის სხვა დამადასტურებელი ის ხმა, რომელიც რეალობას გწყვეტს და იქვე იმავე წუთას მწარედ გაგრძნობინებს იგივე რეალობას, რასაც გწყვეტს.... და ზუსტად აი ამ ორი წამის შუალედშია ის, რაზეც ამბობენ ხოლმე, ზოგჯერ რა ცოტა ყოფნის ადამიანსო.

პარტერის ბოლო რიგიდან ისევ სცენაზე ავინაცვლე და რამპის სინათლემ მომჭრა თვალი.. გადავეჩვეულვარ თურმე...ამ სცენას არც კულისები აქვს და არც ანტრაქტი... მხოლოდ ფარდის დაშვებამდე - ან შენს წინ ან შენს უკან...

Club Silencio - Welcome To The Silence.

Tuesday, June 14, 2011

სხვისი და ჩვენი "მისტერიები"

არ გაქვთ ზოგჯერ ისეთი დამოკიდებულება რომელიმე წიგნთან ან წიგნის პერსონაჟთან რომ ერთდროულად გიყვართ და გძულთ? მე ძირითადად ან მიყვარს რომელიმე გმირი ან მკიდია. აი როცა მძულს ეს იმას ნიშნავს, რომ მწერალი იმაზე მეტს ახერხებს ვიდრე უბრალოდ წერაა, ამბის გადმოცემა, თუ პერსონაჟების გამოგონება-გამოთლა. დღემდე ეს მარტო ჰამსუნმა მოახერხა თავის „მისტერიებით“ და ნაგელით. რატო გამახსენდა მაინცდამაინც ეხლა?... ზოგჯერ ისეთ „სადგურში“ შედიხარ, რომ ბუნდოვნად გახსენდება, სადღაც გაქვს ეს „სადგური“ ნანახი, ზოგჯერ ისეთი კითხვები გიჩნდება რომ გახსენდება, სადღაც გაქვს პასუხი ამოკითხული, ან ისეთი პრობლემა დგება შენს წინაშე, რომელიც სადღაც არის გადაჭრილი ან გადაუჭრელი, მაგრამ სხვა კუთხით დანახული.
ბოლო ხანს ზუსტად ესე ამეკვიატა ნაგელი - ერთ-ერთი ყველაზე რთული პერსონაჟი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და რომელიც დღემდე გამოცანად რჩება ჩემთვის. ნაწარმოები რომ ძაან მაგარია, ეს უდავოა, არავითარი მელოდრამატულად ჩაშაქრებული უწი-პუწი და ძალად გაჰეპიენდებული ან ყველა და ყველაფერ „გაიასნებული“ სიუჟეტი. სკანდინავიაა რაც არ უნდა იყოს. სითბო და სიტკბო ნაკლებია.
ნაგელი - ერთდროულად მიყვარს და მძულს ეს კაცი. მძულს იმ სისუსტეებისთვის, რასაც ზოგჯერ ჩემში ვხედავ მისი სახით და ხასიათის იმ შტრიხებისთვის რაც ძალიან უცხოა ესეთი ტიპის თავდაჯერებული და ინტელექტის მქონე კაცისთვის და მიყვარს სხვა ყველა დანარჩენისთვის. როგორ გამიცრუა იმედი... საკმაოდ ძლიერი ინდივიდი იყო იმისთვის რომ ესე უსაფუძვლო და არაფერზე დამყარებული გრძნობისთვის თავის მოკვლაზე არათუ ეფიქრა, არამედ თავი აეტკივებინა იმ ცარიელი ადგილის მოპოვებისთვის უბრალოდ „ლამაზი ქალი“ რომ ერქვა. არ არის ეს კაცი სატრფოს ფანჯრებთან "სერენადებისთვის" და ტალახში ამოვლებული ცხვირსახოცის კოცნა/ წირპლების ყრისთვის დაბადებული... რას ერჩოდა ჰამსუნი არ მესმის. ეს იყო მისი ნამდვილი ბუნება და მისი იმიჯი ყალბი თუ პირიქით, ვერ გავიგე. ორივე შემთხვევაში სიყალბის სუნი მცემს და ესაა რომ ბოლომდე გამოცანად დარჩა ჩემთვის მისი ხასიათი.
ცოლად მოყვანა გინდა იმ ქალის, რომელიც თავიდან ფეხებამდე უცხოა შენთვის და ისეთ საყვარელ და გულისამაჩუყებელ მომავალს უხატავ, რომელიც თავში აზრად არ უნდა მოუვიდეს იმ კაცს, რომელიც იმავე მომენტში სხვა ქალის გულისთვის მზად არის მოკვდეს. მესმის რომ ერთი მეორისგან გასაქცევი საშუალება იყოს ან თავშესაფარი, მაგრამ როგორ შეიძლება სრულიად უცხო და უსახური არსება თავშესაფარი იყოს ან ჩანაცვლების საშუალება. თუმცა ეს უსახური არსება ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე ის ცარიელი თავი, ნაგელი სიცოცხლეს რომ სწირავს. ან ეს მაიცა რატომ სძულს ესე ძალიან ნაგელს? მე ვფიქრობ, იმის გამო რომ საკუთარ თავში ვერ იტანს მაიცას, როგორც წარსულის ნაშთს სულში, რომელსაც გაექცა და ამიტომ მუდმივად ცდილობს, ყველგან ცუდი შთაბეჭდილება დატოვოს, განსაკუთრებით იმ „ცარიელ ქერათმიან თავში“… ვერ იტანს ხელგაშლილ ადამიანებს საკუთარი სიამოვნებისთვის რომ გასცემენ და ამ დროს თვითონ იმასვე აკეთებს რასაც ვერ იტანს, ანუ უნდა რომ ეს უგზო- უკვლო ალტრუიზმიც განდევნოს საკუთარი თავისგან, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ რომ ამით იკვებება და თან სძულს საკუთარი თავი ესეთი... მარტასაც ამიტომ შესთავაზა ცოლობა რომ ამით წყალობას გასცემდა ამ საცოდავ ქალზე და საკუთარ ეგოს იკმაყოფილებდა. ამ დროს ვერ ხვდებოდა რომ ესეც იგივე ვაჭრობა იყო.
ძალიან ძლიერი მონაკვეთია ნაგელის გულახდილი საუბარი უფრო სწორედ თავდასხმა მაიცაზე.
მაიცა - უბადრუკი არსება. როგორც მუდმივად კარგ ხასიათზე მყოფ ყველას მეგობარ ადამიანებს ვერ ვიტან, ისე ვერ ვიტან მაიცებს... დაახლოებით იგივე ტიპაჟია, ოღონდ აქ აქცენტი ხასიათზე იმდენად არაა, რამდენადაც უსიტყვო და უპრეტენზიო მორჩილებაზე, რომელიც ნიღბავს "საჭირო დროს და საჭირო ადგილას" ყველაფერზე ხელის მომწერ ადამიანს. "მორჩილი", ისევე როგორც "კარგ ხასიათზე მყოფი ყველას მეგობარი", როცა დასჭირდება მაშინ გაგყიდის, პირველი უმანკო სიფათით და მეორე სულ სიცილ-კისკისით.
ნაგელი როგოც კაცი ჩაფლავდა. მაშინ ინარჩუნებ ღირსებას, როცა თანხმობა არ გაყოყოჩებს და უარი არ გაფუჭებს. ორივეს ღირსეულად ტარება უნდა შეძლო. შეიძლება ვინმემ თქვას როცა ყველაფერს კარგავ კ ჩორტუ ღირსებაო, მაგრამ იმასაც ხო აქვს მნიშვნელობა ვისგან ფუჭდები? მე მაინც იმის მიხედვით ვაფასებ კაცსაც და ქალსაც თუ ვინ უყვარს. ნამდვილი ბუნება, ყველანაირი კომპლექსი, ფობია თუ მისწრაფება ჩანს ამ დროს ადამიანში. გემოვნებაზე არ დავობენ გრამაფონშია, სწორედაც ყველაზე მეტს ამაზე დავობენ და ყველაზე გააფთრებით, ადამიანს იმაზე მეტად არაფერი სწყინს, ვიდრე ის რომ მის გემოვნებაში ეჭვი შეაქვთ. გემოვნებაა ნებისმიერი ურთიერთობების ბაზისი. მოდი და ნუ იდავებ ამაზე.
და მაინც როცა ყველაფერს კარგავ მაშინ გმართებს ზუსტად ყველა შენი ადამიანური რესურსის მობილიზება რომ სასოწარვეთილებამ ან არ გაგაბოროტოს და ან კიდე შხამი არ დაგალევინოს. საკუთარი თავებიდან თუ ამოვხტებით მივხვდებით რომ როცა ვკარგავთ უფრო საკუთარ დაკარგულ თავს მივტირით მასში და არა თვითონ დასაკარგ/დაკარგულ ობიექტს.