Monday, December 28, 2009

ამბავი ნასი და ყულაბასი



(იგავ-არაკი)

მილიონი წლის წინათ, როცა მზის ჩასვლა ამოსვლა და ბუნების ყველა მოვლენა სასწაულად ითვლებოდა ცხოვრობდა ერთი გოგონა, სახელად ნა. ძალიან მარტივად ცხოვრობდა. ნას ყველა უყვარდა და ნა ყველას უყვარდა. ბოღმას, სიძულვილს, შურს, დარდსა და სევდას გულს არ აკარებდა და ყოველი დღის გათენებას სიხარულითა და სასწაულის მოლოდინით ეგებებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის მოდგმაში არსებულ დაწერილ დაუწერელ კანონებსა და წესებს არ სცნობდა და არა მარტო არ სცნობდა, არამედ დიდი აზარტითა და ჟინით არღვევდა, მასზე მაინც აუგს ვერავინ იტყოდა და უფრო მეტიც თვალში რომ ჩავარდნოდათ, თითს არავინ ამოისმევდა. ცხოვრობდა უდარდელად და ყველა დღეს ისე ეჭიდებოდა, თითქოს მისთვის უკანასკნელი ყოფილიყო. ნას მარტო ყოფნა უყვარდა, რადგან როცა მარტო იყო, "მარტო" არ იყო და როცა მარტო არ იყო, მაშინ იყო "მარტო". მას ერთი ძალიან უცნაური ჩვევა ჰქონდა, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა, გულს დიდხანს ვერაფერს უდებდა, ყველა და ყველაფრის ზენიტში მიტოვება უყვარდა, სადაც იყო იქ არ უნდოდა ყოფნა და სადაც არ იყო იქ უნდოდა. სულ რაღაცას ეძებდა. იპოვიდა და მერე აღარ უნდოდა. დღისით ცაზე ვარსკვლავებს ეძებდა და ღამით მზის შუქს. ხმელეთზე ცურვა ეწადა და წყალში წყალზე სიარული. ზაფხულში ცეცხლს ეფიცხებოდა და ზამთარში მზეს. ერთადერთი რასაც არ ეძებდა ბედნიერება იყო, რადგან ეს თვითონ მასში იყო და სხვებსაც დიდი სიამოვნებით უნაწილებდა ისევ თავის სასარგებლოდ, რადგან ასმაგად უბრუნდებოდა უკან და არასოდეს იცლებოდა. ბედნიერი იყო ყველგან და ყოველთვის, მაშინაც კი როცა იქ არ უნდოდა ყოფნა სადაც იყო და იქ უნდოდა სადაც არ იყო. ბედნიერი იყო დღისითაც და ღამითაც, ხმელეთზეც და წყალშიც, ზაფხულშიც და ზამთარშიც. ნას ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა, განსაკუთრებული გულების შეგროვება უყვარდა და ეს ჩვევაც, ისევე როგორც დაუწერელი კანონების აბუჩად აგდება, სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი და საოცარ აზარტში აგდებდა. რაც მეტ გულს აგროვებდა, მით უფრო მეტ აზარტში ვარდებოდა და რაც მეტ აზარტში ვარდებოდა, მით უფრო მეტ გულს აგროვებდა. ასე გაუთავებლად ტრიალებდა ამ მოჯადოებულ წრეში და სურვილიც არ ჰქონდა მისგან თავი დაეღწია. რაც შეეხება მტერ-მოყვარეს, ნა ყველას მეგობარი იყო, მაგრამ ნას ძალიან ცოტა მეგობრები ყავდა და ერთი დაუძინებელი მტერი-შუბლზე მსაჯული, რომელიც ისეთ დროს ამოიბერებოდა ხოლმე და ისე მტკივნეულად დაიჭიმებოდა გასაწყვეტად, როცა ამისი არც ადგილი იყო და არც დრო. ეს ნას აზრით, თორემ მის მტერს სხვა ლოგიკა ჰქონდა და სხვა კანონებით მოქმედებდა. ეს იყო ერთადერთი ცოცხალი არსება, რომლის წინაშეც ნა უძლური იყო და ამის გამო სძულდა იგი. რამდენჯერმე სცადა კიდეც რომ მოეგლიჯა სამუდამოდ, ერთხელ ტკენა ერჩივნა გამუდმებით უადგილო ადგილას და უდროო დროს ტკივილს, მაგრამ მტერი მასზე გაცილებით ძლიერი იყო და ახლო მიკარების საშუალებასაც კი არ აძლევდა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მის ლაღ ცხოვრებას ეკალივით ესობოდა გულში. ასე მისდევდა დღე დღეს, თვე თვეს, წელი წელს. იზრდებოდა ნა და მასთან ერთად იზრდებოდა დარღვეული კანონებისა და შეგროვებული გულების რიცხვი. შესაბამისად იზრდებოდა ეკალიც, რადგან სარჩო-საბადებელი უხვად ჰქონდა და სად წავიდოდა ამ ოაზისიდან. გამოხდა ხანი და ერთ დილასაც ნამ როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა რომ გაღვიძება არ გაუხარდა, მზესაც ავად შეხედა, სახეზე დაცემული მზის სხივიც ჩრდილში მოიშორა და მარტოობას შეეფარა, სადაც ყოველ დილით სასწაულს ელოდებოდა ხოლმე, მაგრამ ჰოი საოცრებავ! სასწაულის მოლოდინის იმედიც სადღაც უკვალოდ გამქრალიყო. მერე სულის ჯიბეში ჩაიყო ხელი, სადაც ბედნიერება ეგულებოდა, მაგრამ ისიც აორთქლებულიყო. აქეთ ეცა, იქეთ ეცა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო ისეთს, რაც მის უახლოეს თუ შორეულ წარსულთან დააკავშირებდა. მერე თავის დაუძინებელ მტერს დაუწყო ძებნა, რომ იქნებ მას მაინც აღედგინა წარსულთან დამაკავშირებელი ძაფები. მიაგნო კიდეც, მაგრამ ის ისე დაპატარავებულიყო და გალეულიყო რომ ნას მისი ხმა აღარ ესმოდა. ბოლოს, დაკარგული ძაფების პოვნის იმედით დაღლილი ჩამოჯდა თავის მარტოობასთან და გაირინდა. გაირინდა და ეგონა, რომ მისი ერთადერთი მეგობარი მაინც არ მიატოვებდა გასაჭირში, მაგრამ აღმოჩნდა რომ აღარც მარტოობას უნდოდა მასთან ყოფნა და გაეცალა. აი ასე დარჩა ნაა მარტო მარტოობის გარეშე და ვინ იცის რამდენ ხანს იქნებოდა ასე, უკანასკნელი ძალები რომ არ მოეკრიბა და არ გადაეწყვიტა ისეთი რაღაცა ეპოვა, რაც მარტოობის მაგივრობას გაუწევდა და სულის ჯიბიდან გაქცეულ მძევალს დაუბრუნებდა. რკინის ქალამნები ჩაიცვა, ხელში რკინის ჯოხი დაიჭირა და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ გზაჯვარედინს. შუაში ერთი დიდი ქვის ლოდი იდო და ზედ იყო ამოკვეთილი: წინ წახვალ დაიღუპები, მარცხნივ წახვალ დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ დაიღუპები, უკან დაბრუნდები დაიღუპები. ნა შედგა და დაფიქრდა. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობდა, ამიტომ თავიდანვე გამორიცხა. შემდეგ მარჯვნივ წასვლა გამორიცხა, იმიტომ რომ მარჯვნივ არასოდეს უყვარდა სიარული თავისი უკუღმართი ხასიათის გამო. მარცხნივ წასვლაც გამორიცხა, იმიტომ რომ ზუსტად მარცხნივ სიარულმა ჩააცმევინა რკინის ქალამნები და რკინის ჯოხი დააჭერინა ხელში. ამიტომ წინ გააგრძელა გზა, ერჩივნა წინსვლის დროს დაღუპულიყო, ვიდრე უკანდახევისას ან გზიდან გადახვევისას. წინ მიდიოდა დღე და ღამე და არც დაღლას გრძნობდა და არც შიმშილს. ეძებდა ყველგან, ყველა სულიერში და ყველა საგანში, მაგრამ ვერსად პოულობდა. სადაც კი მიდიოდა ყველა გულთბილად იღებდა, ყველა უღიმოდა, ყველა დახმარებას სთავაზობდა, მაგრამ ნას არავინ და არაფერი უნდოდა, მის გულს არაფერი ეკარებოდა. ყოველი დღე და ღამე უშედეგო ძებნით მთავრდებოდა და ძალაც და იმედიც ნელ-ნელა ელეოდა. ბოლოს ძალაგამოცლილი ერთ მოკვდავთაგან მოუდგომელ ადგილას ჩამოჯდა. გადაწყვიტა ძებნა შეეწყვიტა და აღარსად წასულიყო, სანამ მისი დღენი თავისით არ განილეოდნენ. მიდიოდა დღეები და ნას არც შიმშილი აწუხებდა და არც წყურვილი, არც სიცივე და არც სიცხე, რადგან აქ ყველა ადამიანური შეგრძნება გამქრალიყო. ვინ იცის რამდენ ხანს იჯდებოდა ასე, ერთ მშვენიერ დილასაც უცხო ლამაზი ნივთისთვის რომ არ მოეკრა თვალი. ნას ძალიან გაუხარდა, იმიტომ რომ მის ირგვლივ შემოკრულ უჟმურ გარსში ეს ერთადერთი საგანი იყო, რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა თავისი დახვეწილი ფორმით. ნა მიუახლოვდა, ხელში აიღო და შეათვალიერა. უცბად ნივთმა ხმა ამოიღო:
-ფრთხილად, მაგრად არ მომიჭირო ხელი, გაბზარული ვარ!
-რომ არაფერი გემჩნევა?- გაიოცა ნამ.
- გარედან როგორ დამემჩნევა, შიგნიდან ვარ გაბზარული.
-ესეთი ლამაზი ნივთი ხარ და ვინ გაგიმეტა ეგრე?- ჰკითხა ნამ.
-იმან ვინც ყველაზე ახლოს მოვუშვი, ამიტომ შენც გამეცალე ვერ გენდობი, ზედმეტი ხელის შეხება და ბზარებს გამიღრმავებ.
- მერე მე ხელს არ შეგახებ, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი. აქ არავინ არის ჩვენს მეტი. მომენატრა ადამიანური საუბარი. ზედმეტად არ შეგაწუხებ. მარტო ერთს გკითხავ:
- ვერ ვხვდები რანაირი ხარ და რა ნივთი ხარ. არც ოთხკუთხედი ხარ, არც მრგვალი, არც დიდი და არც პატარა. ვინა ხარ?
-მე ყულაბა ვარ-უპასუხა ნივთმა.
-ყულაბა ხარ?
-ხო ყულაბა ვარ, რა იყო?
-რანაირი ყულაბა ხარ, თავზე ჭრილი რატომ არ გაქვს?
-მე ყველასგან განსხვავებული ყულაბა ვარ, თავზე არ მაქვს ჭრილი, წინა მხარეს მაქვს, გულზე.
-რა უცნაური ყულაბა ყოფილხარ, თავიდან უფრო ადვილი არ არის რამის ჩაგდება, ვიდრე, გულის მხრიდან.?
-ზუსტად მაგიტომაც არ მაქვს თავზე, რომ ყველაფერი არ ჩაცვივდეს. ეს ჭრილი კი კარგად არ ჩანს და ვისაც მინდა იმას მოვუშვებ თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით, სამაგიეროდ რასაც ჩააგდებს უღალატოდ შევუნახავ-უთხრა ყულაბამ.
-მე რადგან მითხარი, ესე იგი მეც შემიძლია რამე შევინახო შიგნით? ჰკითხა ნამ. მაგრამ....შეწყვიტა საუბარი და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა:
-მე რომ არაფერი მაქვს დასაკარგი, რა შევინახო?
-არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი. ოცნებები არ გაქვს? ფიქრები, აზრები, გრძნობები, განცდები, ემოციები, სურვილები არ გაქვს?-ჰკითხა ყულაბამ.
-არ ვიცი.
-როგორ არ გაქვს, შენ იმიტომ გგონია რომ არ გაქვს, რადგან აქეთ-იქით გაქვს მიმოფანტული, ერთ ადგილას ვერ უყრი თავს და ვერ ინახავ.
-მართალი ხარ, მქონდა ეს ყველაფერი შენახული ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, მაგრამ სადაც ვინახავდი იმ ადგილებს არ ვუფრთხილდებოდი, ვკარგავდი და ამის გამო ვფანტავდი ამ ყველაფერს. მაგრამ სიმართლე გითხრა ეს ყველაფერი ერთად არასოდეს მქონია ერთ ადგილას შენახული, იმიტომ რომ მეშინოდა ყველაფერი ერთბაშად არ დამეკარგა და ამიტომ ამ ყველაფერს ნაწილ- ნაწილ ვინახავდი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას, შესაბამისად ნაწილ-ნაწილ ვკარგავდი.
-მიდი მოაგროვე ისევ და მე შეგინახავ ყველაფერს ერთად - შესთავაზა ყულაბამ.
-მერე დაგეტევა? გარედან კი დიდი ჩანხარ, მაგრამ ისეთი ღრმა ხარ შიგნიდან, რომ ეს ყველაფერი დაგეტიოს?-ჰკითხა ნამ.
-ისეთი ღრმა ვარ?- კითხვა შეუბრუნა ყულაბამ. სცადე თუ გინდა და ჩამძახე ჭრილიდან. ისეთი ღრმა ვარ, ხმაც კი დაიკარგება, სანამ ძირამდე მიაღწევს.
-კარგი ვცდი-გაეღიმა ნას და გულის ჭრილში ხმამაღლა ჩასძახა: ნააააააააააააააააააააააააა.... მართლაც ხმა დიდი ხანი ისმოდა, მანამ სანამ ნელ-ნელა არ დაილია და სადღაც სიღრმეში არ გაუჩინარდა.
-კი მაგრამ ბზარები რომ გაქვს? რომ ვერ გაუძლოს ტვირთს და გატყდეს?-გაახსენდა ნას.
-არა უშავს, რასაც ჩაყრი ნელ-ნელა ამოავსებს და ბზარებიც აღარ გაღრმავდება.
მეორე დღიდან ნამ დაიწყო თავისი დაფანტული აზრების, ფიქრების, გრძნობების, ოცნებების, სურვილების, განცდების შეგროვება და რასაც აგროვებდა ყველფერს უკლებლივ ყულაბაში ინახავდა, ყულაბაში ინახავდა ასევე ლექსებს, სიმღერებს, ზღაპრებს "ოპუსებს" და საერთოდ არ არსებობდა ფიქრი, განცდა, აზრი, სურვილი და ოცნება რომ ყულაბასთვის არ ენდო. და ნა მიხვდა რომ რასაც ეძებდა ის იპოვა, თავისი მარტოობის შემცვლელი იპოვა და ერთხელაც სულის ჯიბისკენ რომ წაიღო ხელი, ვეღარ ჩაეტია, იმიტომ რომ სულ სავსე იყო.
ნა ყულაბას სულ თან დაატარებდა, სადაც არ უნდა წასულიყო ყულაბა გულში ყავდა ჩახუტებული. და ეხლა უკვე სადაც იყო იქ უნდოდა ყოფნა, სადაც არ იყო იქ არც უნდოდა, ხმელეთზე მყარად დადიოდა და წყალშიც თევზივით ცურავდა, ზამთარში ცეცხლით თბებოდა და ზაფხულში მზით. არაფერს აღარ ეძებდა და სადაც იყო იქ, სამუდამოდ უნდოდა დარჩენა. მაგრამ ვის გაუხარია დიდხანს, რომ ნას გაეხარა. მის დაუძინებელ მტერს არ ეძინა და ერთ მშვენიერ დღესაც გამოეცხადა და თავისი შეუბრალებლი ხმით აუწყა:
-გაუშვი მაგ ყულაბას ხელი!
-რატო ვითომ?-შეეშინდა ნას.
-ერთხელ მაინც რატომ არ იკითხე საიდან მოვიდა ან ვისია. არ არის ეგ შენი, მოიპარე!
-არ მომიპარავს, ვიპოვე-ვედრებით შეხედა ნამ თავის მტერს.
-არ გიპოვია, ეს შენი საცდურია. შენი რომ ყოფილიყო მაშინ გზაჯვარედინამდე იპოვიდი.
და აქ გაახსენდა ნას, რაც ეწერა ქვის დიდ ლოდზე და ერთბაშად შესძრა ამან. მაგრამ არ უნდოდა ამის დაჯერება და იმის შიშით რომ მტერს არ წაერთმია მისი "მონაპოვარი", ხელში აიტაცა და მაგრად ჩაიკრა გულში. თან იმ დღეს ყულაბის დღეობა იყო. ნას თუ რამე დარჩენილი ჰქონდა შესანახი, ისეთი რამეც კი რასაც საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, ყველაფერი იმ დღეს ჩატია ყულაბაში და წართმევის შიშით დაზაფრულმა, გულში ჩაკრულს ხელები ძალიან მაგრად მოუჭირა და თვალები დახუჭა. უცბად ცამ პირი შეკრა, ერთბაშად ჩამობნელდა და გაისმა ყურისწამღები ჭახანი. ნა მიხვდა, რაც მოხდა და არ უნდოდა თვალების გახელა. დიდი ხნის მერე, როცა ჭახანის ექო მიწყნარდა, გაახილა თვალი და ფეხებთან დაყრილი ყულაბის ნამსხვრევები დაინახა. ნას ტირილი უნდოდა და ვერ ტიროდა, სიმწრის სიცილი უნდოდა და ვერ იცინოდა, ყვირილი უნდოდა და ვერ ყვიროდა, ფეხებთან ნამსხვრევები ეყარა და ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ამდენი ხანი, რაც ერთ დროს ამ მთელი ნამსხვრევების შიგნით ინახავდა სწრაფად იფანტებოდა, ისე რომ ხელის წავლებასაც ვერ ასწრებდა. ნა დაიხარა და ეცადა აეკრიფა ნამსხვრევები და გაემთელებინა, მაგრამ ყველა მისი ცდა ამაო იყო რადგან ყულაბის ჭრილი იყო პირწმინდად დაფშხვნილი და საიდანაც არ უნდა აეწყო ვეღარაფერს შეინახავდა შიგნით...აი, აქ შეწყდა ნასი და ყულაბის ამბავი.

მორალი #1 რაც არ უნდა ბრწყინვალებამ მოგჭრათ თვალი, სხვის ნივთებს ნუ წაეპოტინებით.
მორალი #2 რაც არ უნდა დიდი და ღრმა იყოს, ყველაფერს "ერთში" ნუ მოათავსებთ.



2 comments:

Anonymous said...

და ვინც ორივე მორალი დაარღვია გამოსწორებადია ძვირფასო მარგუშა?

margusha said...

გამოუსწორებელი მხოლოდ სულიერი კასტრაციაა და სიკვდილი ძვირფასო ანონიმუს:)

Post a Comment