Wednesday, December 30, 2009

ფორტუნა და მეგობრები



ლოღიკა, სინდისი, საზოგადოებრივი აზრი და სამართალი დაძმობილდნენ და გადაწყვიტეს სიკეთის საძებნელად წასულიყვნენ. გზად ერთი ნასუქ-ნაპატივები მოგზაური შემოხვდათ. ძმობილებმა ჰკითხეს ვინა ხარო. თქვენ ვინღა ხართ და საით გაგიწევიათო- კითხვა შეუბრუნა მოგზაურმა.
მე ლოღიკა ვარ. მე სინდისი მე საზოგადოებრივი აზრი, მე სამართალი და სიკეთის საძებნელად მივდივართო. აი მე კიდე ის ვარ, ჩემს გარეშე რომ ვერ იპოვით იმას, რასაც ეძებთო, ფორტუნა მქვია და მთელი ჩემი ცხოვრება ვმოგზაურობ და ყველა კუთხე კუნჭული ზეპირად ვიციო. ერთი ეგ არის, სინათლე არ მიყვარს, მხოლოდ ბნელ ადგილებში ვგრძნობ თავს კარგადო.
რახან ყველა კუთხე- კუნჭული ზეპირად გცოდნია, სიკეთის გზას ვერ მიგვასწავლი ძმობილოო-შეეკითხნენ მგზავრები. ვერ მიგასწავლით, რადგან ეგეც ჩემსავით მოგზაურია და სხვადასხვა ადგილებში დადისო, პრობლემა ისაა, რომ იმას პირიქით, სინათლეში უყვარს სიარული და ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხდებითო. თუ გინდათ რჩევას მოგცემთ როგორ იპოვოთ: აი ჯიბით ერთ ჯადოსნურ ქვას დავატარებ.- ამოვიღებ ჯიბიდან,- თუ რამე ღირებული გაქვთ და რაც გემეტებათ, სათითაოდ მოდით და ზედ დადეთ, ყველაფერს იტევს, არც წონა აქვს, არც ზომაო. მე თუ სადმე გადამეყარა, ვაჩვენებ და ვისი ძღვენიც ყველაზე ძალიან მოეწონება იმას დაენახვებაო. ოღონდ უნდა დაიშალოთ და ცალ-ცალკე გააგრძელოთ ძებნა, რადგან ერთად რომ დაგინახოთ დაფრთხება და არ დაგენახვებათო.
კეთილიო-უპასუხეს ძმობილებმა. ლოღიკამ საღი აზრი დადო, სინდისმა შუბლიდან ძარღვი მოიწყვიტა და დადო, სამართალმა გულის კოდექსი. საზოგადოებრივმა აზრმა იფიქრა, იფიქრა და ვერაფერი მოიფიქრა რა დაედო. მე ღირებულებები არ გამაჩნია, კვირაში ცხრა პარასკევი მაქვსო. ფორტუნამ დიდად გაიხარა- მიყვარს შენნაირები, ბევრ კითხვებს არ სვამენ, არც დეპრესია აწუხებთ და არც არაფერს ნანობენო. რა გინდა ამათთან ერთად, რას დაეძებ, ვინ იცის რას გადაგყარონო. ლოღიკა მაგარი უგულოა და მარტო ცივი გონებით ცხოვრობსო. არასანდო მეგობარია შენთვის, ვერ დაეყრდნობიო. სინდისი ძაან მერყევია და როდის ჩაგცემს ზურგში ლახვარს ვერ გაიგებო. სამართალი შეგიძლია დაიმორჩილო, მაგრამ ერთი თუ ხელი შეგიბრუნა ან დაგაყრუებს ან დაგაბრმავებსო. წადი შენი გზით იარე და ყური არავის უგდოო. მე კი დაგიმგზავრებდი, მაგრამ მე ვისთანაც მივალ, იმას შენი დანახვა სასაცილოდ არ ეყოფაო. დიდი მადლობა კეთილო მგზავრო თვალი რომ ამიხილეო-უთხრა საზოგადობრივმა აზრმა და ძმობილებს განეშორა. მას მერე მარტო დაიარება. ერთი რომ მოიშორა ფორტუნამ, უმალ მეორეს მიადგა: ლოღიკა შენ რაღად ეძებ სიკეთესო? რადა და ხშირად ჩემს საწინააღმდეგოდ იქცევა, სახელს მიტეხს და პასუხი უნდა მოვთხოვო ამაზეო. მერე ვერ ხვდები რომ ამათთან ერთად გაგძნელდება პოვნაო-უთხრა ფორტუნამ. სინდისი ცარიელი ემოციაა მშვიდად თუ არაა, მაშინ სულ დეპრესიაშია. საღად მოაზროვნე კაცი ხარ და რად გინდა ეგ წუწუნა და ხელმოცარული რომ აგიკიდია. ზედმეტი ტვირთია და მოიშორეო. სამართალი კიდე ძაან ფიცხია და თუ გაბრაზდა ხშირად ვეღარ არჩევს სად მთავრდება სუბიექტურობა და სად იწყება საღი აზრი, ამიტომ ეგეც მოიშორეო. ლოღიკას ჭკუაში დაუჯდა ფორტუნას რჩევები და მარტო გაეშურა სიკეთის საძებნელად. როგორც კი ლოღიკა მოიშორა, უმალ სინდისს მიადგა: სინდისო რა დაგრჩენია სიკეთესთან, რად ეძებო. სიკეთეს კი არა მეგობარს ვეძებ, ბოლომდე ვერავინ მეგუება და იქნება სიკეთემ მაინც გამიგოს, ამბობენ გულისხმიერიაო. - უპასუხა სინდისმა. მერე არ იცი რომ შენს ძმობილთან ერთად გაგიჭირდება მოძებნაო?. სამართალს თავისი კანონები აქვს და თუ რომელიმეს ხელი შეახე გაგთელავსო. წადი დროზე თავს უშველეო. სინდისმა მადლობა გადაუხადა ფორტუნას და იქაურობას გაშორდა. ფორტუნა სამართალს მიადგა და ჰკითხა, რაში გჭირდება სიკეთეს რომ ეძებო. რაში და, გული და ხელი მინდა შევთავაზო, მაგის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლიაო. სად იყავი მერე აქამდე, არ იცი რომ სიკეთე დანიშნულიაო? ვიზეა დანიშნულიო -იკითხა სამართალმა. ვიზე და შენს ყველაზე დაუძინებელ მტერზე ალოგიკაზეო. მაშინ სამართალმა დაიფიცა მოვკლავ ჩემს მტერს და სიკეთეს დავიბრუნებო. ფორტუნას უკან გამოართვა ქვაზე დადებული, გამოემშვიდობა და გზა განაგრძო სიკეთის დასახსნელად. მას მერე სამართალიც მარტო დაიარება და ეძებს. მინდა მჯეროდეს რომ ოდესმე იპოვის. 

0 comments:

Post a Comment