Saturday, February 2, 2013

Voler Bene


ერთ დღეს დამესიზმრა რომ ისეთ კაცს შევხვდი რომელიც ყველანაირ სტერეოტიპს ამსხვრევდა, რასაც ქართველ კაცს და მითუმეტეს ქმარს მიაწერენ ხოლმე;
რომელსაც შეეძლო კაცობა ყალბი გალანტურობის, მუტრუკობის, იაფფასიანი ვაშკაცური ტრიუკების, ჩემი და შენი დედა მოვ#ანების, ხელოვნურად გართულებული თუ ტრადიციებს და რელიგიასამოფარებული გენდერული ჩარჩოების, მანდილოსნების სადღეგრძელოზე განსხვავებული სასმისით დალევების და მანდილზე მთხვევების, სამშობლოს ხსენებაზე ყელის ძარღვების დაბერვის, მეგობრობის სადღეგრძელოზე ლორთხვნა-პროშნაობების, „ეს სადღეგრძელო ბოლომდე უნდა დაილიოს“-ების, „ჩემი დაიკო ხარ შენ შემოგევლე“-ების გარეშე.
დამესიზმრა რომ ვითომ ისეთი კაცი იყო, რომელიც სიკეთეს ისე აკეთებდა და მიკეთებდა რო არც კი იმჩნევდა.
ვითომ იცოდა როგორ უნდა ვყოფილიყავი ყველაზე კარგად.;
როგორ უნდა მეგრძნო თავი ყველაზე მაგარ ქალად;
როგორ უნდა მეგრძნო თავი ყველაზე ახირებულ ბავშვად;
როგორ უნდა გავეხარებინე ისე, რომ მგონებოდა თითქოს სხვა მეტი არაფერი აინტერესებს.
როგორ უნდა ვყოფილიყავი ის, ვინც მინდოდა რომ ვყოფილიყავი და არა ის ვინც ვიყავი.
როგორ ეგრძნობინებინა ჩემთვის თავი ისე რომ ყოველდღიური რუტინაც კი გამხარებოდა მასთან ერთად.
ვითომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით და არ იყო თემა რაზეც ერთნაირი აზრი არ გაგვაჩნდა.
ვითომ ერთნაირი გემოვნება გვქონდა
ვითომ ერთნაირ რაღაცეებზე ვიცინოდით
ვითომ ერთნაირი რაღაცეები გვიხაროდა და ერთნაირი რაღაცეები გვტკიოდა.
ვითომ არასოდეს მახვევდა თავზე საკუთარ თავს და სურვილებს.
ვითომ არასოდეს მელაპარაკებოდა ქვეტექსტებით.
ვითომ არასოდეს მცდიდა.
ვითომ ძალიან ძალიან ვუყვარდი და ამ სიყვარულს გამოხატავდა სიტყვითაც და საქმითაც ყველგან და ყოველთვის.
ვითომ ყოველ დღე მიხაროდა გაღვიძება, რომ კიდევ ერთი დილა თენდებოდა მის გვერდით.
ვითომ არ მიყვარდა მარტო ყოფნა სახლში მის გარეშე.
ვითომ ძალიან გვიყვარდა ზოგჯერ საღამოობით ერთად დალევა და მერე იდიოტობებზე სიცილი.
ვითომ ძალიან გვიყვარდა ღამის კინოსეანსები ერთად.
ვითომ ძალიან გვიყვარდა სტუმრების მოსვლა.
ვითომ ძალიან მიყვარდა მისთვის გემრიელი საჭმელების კეთება.
ვითომ ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მოვიდოდა.
ვითომ გვიყვარდა პარასკევი საღამო, იმიტომ რომ ერთად ყოფნის ორი მთლიანი დღე მოდიოდა.
ვითომ ოდესღაც დაკარგული ნახევარი ვიპოვე.
ვითომ ჩვენი დედები ერთ რიცხვსა და თვეში იყვნენ დაბადებულები და ვამბობდით იმიტო გაგვზარდეს ერთნაირებიო.
ვითომ ყველაზე დიდი ტკივილი გამინახევრა.
ვითომ სხვა ყველა იარა დამავიწყა.
და კიდე სხვა ბევრი „ვითომ“, ერთიც კი რო საკმარისია გიყვარდეს.
მერე თვალი გავახილე და თურმე კი არ მეძინა და მესიზმრებოდა, ცხადში ვარ.