Wednesday, October 26, 2011

საახალწლო საჩუქარი

ხვალ 31 დეკემბერია. მიყვარს.... ეს ერთადერთი დღეა, რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს. ოცდათერთმეტის დილა გათენდება თუ არა, ნამცხვარი ”იდეალის”, ახალი ფეხსაცმელების და ბენზინის სუნი მცემს, მამაჩემი გზად რომ ასხამდა მანქანაში. ამ დღეს როგორც რიტუალი მამიდაჩემთან ვიკრიბებოდით და იქ ვხვდებოდით ახალ წელს. რამდენი ვიყავით და როგორ გვიხაროდა ერთმანეთი! მერე გავიზარდეთ, ნელ-ნელა დავცოტავდით და დავიშალეთ. ერთად შეკრების რიტუალი კი გონებაში დამრჩა სხვადასხვა შეგრძნებების დონეზე.
ბავშვობის მოგონებებს ვერ ამოშლი, შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ არაცნობიერში გადადის და მერე მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეგრძნებების სახით ამოდის ცნობიერში. აი ეს შეგრძნებებია ზუსტად ”იდეალი”, ახალი ფეხსაცმელები და ბენზინი.
დილიდან რაღაც მჟავე ხასიათზე ვარ. ან რაღაც უნდა გამიხარდეს ძალიან ან უნდა მეწყინოს. ესე მარტივად არ გაივლის ”სიმჟავე”.
- You are beautiful as morning rose - თავი შემოყო თუ არა დანახვისთანავე მომაძახა ერთმა აბეზარმა თანამშრომელმა, რომელიც ქათინაურებს ისე ხშირ-ხშირად ისროდა, რომ დაჭერის მუღამს გიკარგავდა. - გიგა გეძებდა, არ იყავი ოთახში? - განაგრძო.
- არა ეხლა შემოვედი.
- რას დადიხარ მერე ცარიელი ტაქსივით, რომ ანერვიულებ იმ კაცს?!
- შენი იუმორის მოსანელებელი ფერმენტის დეფიციტი მაქვს ორგანიზმში და ნელ-ნელა შემაპარე ხოლმე, ერთბაშად ვერ ვინელებ.
- მარცხენა ფეხზე ადექი?
- მორნინგ როუზობის მიუხედავად საკუთარი ტყავიდან ვერ ამოვხტები იმის გამო, რომ ყველა დურაკულ კითხვაზე პასუხი გაგცე.
- არაა, დღეს მაინც რაღაცა ბზიკმა გიკბინა.
- ”ნწუ, ”პაგოდაა” ეგეთი.
- მერე არ გინდა ”პაგოდა” გამოვასწოროთ შესვენებაზე? ბარში ავიდეთ, უფროსობა მაინც არაა.
- არაა, ამინდის მორგების ხასიათზე არა ვარ. - ვუთხარი და აწკრიალებულ შიდა ტელეფონის ყურმილს დავწვდი:
- ......
- ჰოო, გიგა!
- შესვენებაზე გცალია რომ გამყვე? მიშამ საახალწლო საჩუქარი უნდა მიყიდოს და მარტო მეზარება წასვლა
ვაიმეჰ! ეს რაღაც ახალია! მოიცა გავიაზრო და დავალაგო გონებაში: მიშამ გიგას უნდა უყიდოს საჩუქარი... საახალწლო... თან უნდა წაიყვანოს და თვითონ აარჩევინოს და ესეც უნდა გაჰყვეს ბოჩოლასავით და რასაც ხელს დაადებს ის უნდა უყიდოს... და მე რაღა შუაში ვარ. ჰმ! ეტყობა მეც რაღაც სიურპრიზს მიმზადებს და ჯერ არ მეუბნება)

”გიგა... გიგა....”

მახსოვს დიდხანს არ ვესალმებოდი. არ მევასებოდა. ნამეტანი გაპრიალებული და ”სმოკინგიანი” იყო. ტიპიური მეტროსექსუალი. გუნდ-გუნდათ დაჰყვებოდა მეტალო-კერამიკის ნაშები. თვითონ კი გამოზომილი ემოციებითა და ნასწავლი მანერულობით იფერებდა მის მიმართ გამოვლენილ ყველანაირ ყურადღებას, ინტერესს თუ მზრუნველობას. ოპერის კულისებში იყო გაზრდილი (დედა ჰყავდა სოლისტი) და ყოველი შემთხვევითი გასაუბრებისას ისეთი გრძნობა მრჩებოდა რომ ისევ იქ ცხოვრობდა. არც ის მახსენდება, თვითონ გამოემჟღავნებინოს რაიმე ინტერესი ჩემს მიმართ. უფრო ”რახან ვერ მხედავ, ვერც მე გხედავ” პოზიცია ეკავა. მაგრამ გუმანით იმასაც ვხდებოდი, რომ ამ პოზიციის უკან ჩახმახზე თითი ჰქონდა გამოდებული და შესაფერის მომენტს უცდიდა. რაკიღა შესაფერისი მომენტი არა და არ დადგა, ჩახმახს ხელი აუშვა და ვირტუალურად მომეპარა.
ერთ დილასაც ფოსტა გავხსენი და მისი წერილი დამხვდა (დამხვდა და რა დამხვდა):

”ნათია გამარჯობა,

შეგნებულად არ ვსარგებლობ ტელეფონით, ვინაიდან არანაირი სურვილი არ მაქვს გავრისკო ჩვენი ურთიერთობები (”რომელი ”ჩვენი” ნეტა?”) მით უმეტეს რომ ის ჯერ არც დაწყებულა. უბრალოდ მინდა იქიდან დავიწყო, რომ ყველა ი-ს თავზე წერტილი დავსვა. არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შენს მიმართ საკმაოდ სერიოზული სიმპატიები მაქვს. („აააა?!”). ეხლა საიდან გამომიდნარეობს ჩემი შენდამი სიმპატია:
არავისთვის უცხო არ არის, რომ ქალზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება გარეგნობით, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ თუ მარტო ეს გარემოება დარჩა მაშინ ეს არის არასერიოზული.
შენ ყველას უყვარხარ და შენი დანახვა უხარიათ.
ინტუიცია.
ჩემზე შემიძლია დიდი ხანი ვილაპარაკო (ჯერ ორი სიტყვით და მერე იმისდა მიხედვით თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტს და საინტერესოს მოგწერ):
ვარ 35 წლის. (”ვაა, 14 წლით დიდი ყოფილა, არ გემჩნევა შე самовлюблённый индюк)
ცოლთან გაშორებული. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და ამ ისტორიით დაინტერესდი, მოგიყვები საკმაოდ სასაცილოა (”იმდენი შენ რა გითხარი, ამაზე გეცინებოდეს”)
მყავს მილიონი მეგობარი (”ეჭვი არ მეპარება”)
დიპლომატობა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, ამიტომაც დავბრუნდი აქ და მნიშვნელოვან წარმატებასაც მივაღწიე. ამას მალე გაიგებ. ესაა ჩემი ძირითადი გატაცება და პირადული საკითხების გარდა ყველაფერს ვუთანხმებ ჩემს პროფესიას (”ეს ინჩ უზუმ ეს ელი ჯან?”). ჩემი მთავარი ჰობი დიპლომატიის ისტორიაა, რასაც პრაღაში ჩეხურ ლუდთან ერთად შევისწავლე (”სამაგიეროდ ქართველი ენა სულ აღარ ვიცით”). ეს დღემდე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. დამთავრებული მაქვს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი: თსუ, მოსკოვის დიპ. აკადემია, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტის მოკლე ერთწლიანი კურსი. ჩემს თავში ყველაზე საინტერესოდ ვთვლი იმას, რომ რატომღაც ვიცი (თანაც კარგად) ალბანური ენა, რატომ ვისწავლე, არ ვიცი. ისე მაგრა არ მიმართლებს ამისთანა რამეებში. მაგ: ვისწავლე ალბანური, აღმოჩნდა რომ არაფერში არ მჭირდება. თავი გავიგიჟე და ცურვაში გავხდი საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ისეთი ტრავმა მივიღე ფეხზე, რომ ათი წლის ვარჯიში წყალში ჩამეყარა. წავედი საბჭოთა არმიაში და სულ მალე საბჭოთა კავშირი დაიშალა. (”მოგიკვდი”)
გატაცებული ვარ ფილოსოფიით, მაგრამ უფრო პრაგმატული მიმართულებით, ჩემი სათაყვანებელი ფილოსოფოსი არის აწ დაუმსახურებლად დავიწყებული სოლონი, რომლის ნაშრომების საფუძველზე შეიქმნა არა მარტო რომაული კანონმდებლობა, არამედ USA კონსტიტუციაც. ერთი პერიოდი მოშნად ვიყავი გადავარდნილი რელიგიაში. ალბათ თეოლოგიური ლიტერატურის ერთ-ერთი კარგი მცოდნე ვარ. საინტერესო ის არის, რომ ორი წლის განმავლობაში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე არ ვჭამდი ხორცს და რძის პროდუქტებს, არ ვსვამდი, არ ვეწეოდი. მერე ეს ყველაფერი მოულოდნელად გაქრა, არადა თავს მშვენივრად ვგრძნობდი.
ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის გამოცდილება, რომელიც შევიძინე და ის თავგადასავლები, რომლებიც დარწმუნებული ვარ ბევრს არ გააჩნია. რაც შეეხება ქართულ ”მორალს”, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ყოველთვის ვებრძოდი იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ეთქვა ”ნახე რა ტიპია”, არამედ იმიტომ რომ ფარისევლობა და ცინიზმი არის საშინელება. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს დიდ ანგარიშს მეც ვუწევ საზოგადოებრივ აზრს, იმიტომ რომ დავმარცხდი და კისერი მოშნად მოვიტეხე (”ჰოდა ნუ ატრაკებ, კონფორმისტი ხარ შენც”)
მუსიკას რაც შეეხება, ჭკუას ვკარგავ კლასიკაზე, განსაკუთრებით მიყვარს რახმანინოვი და მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსული რენესანსის კომპოზიტორები. მიყვარს ოპერა. შემიძლია ვიმღერო უამრავი არია. ამას ჩემი ოჯახური ტრადიციებიც უწყობს ხელს. (”ნეტა დამანახა სად მღერი არიებს და იმ დღეს მომკლა”)
ყველა აღიარებს რომ იუმორის გრძნობა მცირედად, მაგრამ მაინც გამაჩნია. მიხარია როდესაც იცინიან და კარგ ხასიათზე არიან.
იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ზოგჯერ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს იდიოტი ვგონივარ, მაგრამ ეს იმათი პრობლემაა. როგორც გითხარი ჩემს მომავალს ვხედავ მხოლოდ დიპლომატიაში და ვარ ბედნიერი, რომ ჯერ-ჯერობით მიმართლებს ამ მიმართულებით. სხვა მიმართულებას რაც შეეხება, გადატანილი მაქვს ოჯახური ცხოვრების ექვსთვიანი გმირული ეპოპეა. თავიდან მეგონა, რომ იგივეს არასოდეს გავიმეორებდი, მაგრამ სინამდვილეში ეს საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა ნახოს და გამოსცადოს (ცნობისათვის: ნანახი და გამოცდილი ძალიან ბევრი რამ მაქვს). ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შენი მეუღლე იმავდროულად არის შენი ყველაზე ახლო მეგობარი, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს.
ხოო კიდე რაა... ვარ ვაკელი, მაგრამ ეხლა ვცხოვრობ პავლოვზე, ვინაიდან მარტო ცხოვრების უნარი არ გამაჩნია, ვერ ვუვლი ჩემს თავს (”რომ არ გიცნობდე ვიტყოდი, რომ ამ ოპერიდანა: ”ვაკელი ვარ, მაგრამ ეხლა გლდანში ვარ დროებით, ვაკეში რემონტი მაქვენ”)
თუ ეს ინფორმაცია საშუალებას მოგცემს გავაგრძელოთ, უფრო სწორედ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა, მე ბედნიერი ვიქნები.”

(”ღმერთო ჩემო რა აკადემიურია! ეს ალბათ სექსის წინ ტანსაცმელს კოხტად კეცავს სკამზე...რა მივწერო, რა ვუთხრა? ეხლა ხო მაგარი იქნება, რომ მივწერო რომელი ხარ -მეთქი. რა გვარისაა მაინც ეხლა გავიგე და რა მოხდა მერე! ტიპი ალბათ საშვილიშვილოდ მომიძულებს... ავდგები და მივწერ: ”ვერ გაგაბედნიერებ, რამეთუ, ეს ინფორმაცია საშუალებას არ მაძლევს გავაგრძელოთ, უფრო სწორედ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა” და თუ მართლა იუმორის გრძნობა აქვს, როგორც იჩემებს, მიხვდება... რატომაც არა ისე? არანაირ ფსონს არ ჩამოვდივარ, არანაირი პროგნოზს არ ვსვამ, არავითარ გეგმებს არ ვაწყობ... არადა როგორ ვერ ვიტან ესეთ წინასწარ გაწერილ ”დასაწყისებს”... ვნახოთ, ურთიერთობაში აღმოჩნდები რა ხილიც ხარ ოპტიმისტო”)

სამი თვე გავიდა რაც ეს წერილი მივიღე და აი, დღეს ამ სამი თვის თავზე გიგას მივყვები, რომ საახალწლო საჩუქარი უყიდონ. მე ალბათ ”ფატა” უნდა დავუჭირო.
ცოტა ხანში გიგას მეგობარმა მიშამ მოგვაკითხა თავის მეგობარ გოგოსთან ერთად და ოთხივე ერთად გავეშურეთ საჩუქრების მაღაზიაში.
- გაიცანით ეს ჩემი მეგობარია ირიშკა! - ამაყად და ომახიანად განაცხადა მიშამ, ჩავჯექით თუ არა მანქანაში, თუმცა სიამაყის მიზეზს ვერც მაშინ მივხვდი და ვერც მას მერე. რადგან გავრცელებული აზრით, გემოვნებაზე არ დაობენ, ამ საკითხზე არ შევჩერდები.
- საიამოვნოა - ამოიკნავლა ირიშკამ.
(”გენაცვალე ცალყბა და უგემურ ღიმილში”)
გზაში ხმა რომ არ ამოუღია, მაღაზიაში შესვლისთანავე ირიშკა უმალ კუდქიცინა მხიარულ არსებად გადაიქცა, მოხსნა რა პირი მიშას საფულეს და რაც ბრჭყვინავდა და ბრწყინავდა ყველაფერი საკუთარ ”ანგარიშზე” გადაიტანა.
- მოგწონს ეხლა აქ რამე?- მეკითხება გიგა
- რა ვიცი, დიდად არაფერზე გავგიჟებულვარ, ზოგი მომწონს, ზოგი არა.
- აი მე კიდე არაფერი მომწონს. გამიტრაკა რა საქმე ამანაც კიდე! უნდა გიყიდო, უნდა გიყიდოო, ჰაა მიყიდოს რა უნდა!
(მეცინება... ”ვაახ როგორ დავიჯერო რომ ესეთი ხეპრე ხარ”)

- გიგა ეს შადრევანი მოგწონს? - ეკითხება მიშა - ნახე შე ჩემა, თან წყალი გადმოდის, თან ანათებს და თან მუსიკას უკრავს.
(”ვაიმე, ოღონდაც ეს არა რაა!!” სად უნდა დადგას ნეტა ეს უგემოვნობის პიკი? ან ეს მიშაც რაში ყრის ამდენ ფულს?)
- მომწონს ხოო, აიღე!
- დედაჩემს მაინც ვაჩუქებ, ევასება ეგეთი რაღაცეები - გადმომილაპარაკა ჩუმად.
(აღარ მეცინება)
- ნათია შენ გინდა რამე? - გავახსენდი მიშას.
(”რა კარგი კითხვაა”)
- არა გმადლობ.
- ვაიმე რატო არ გინდაა? დავიჯერო არაფერი მოგწონს? - ”აღშფოთდა” ირიშკა
(”გადი ქალო გამასწარი აქედან”)
- არ მომწონს - ისეთი ტონით ვუთხარი, რომ ეგრევე მოკეტა.
გიგას ეს დიალოგი ”არ ესმის”.
გამოვედით მაღაზიიდან.
ჰოო.. ეხლა რა ვქნა?! რამე რომ არ მოვიფიქრო ამ წუთასვე, გავსკდები შუაზე. ფული არ მაქვს საკმარისი. მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს ლომბარდი შევნიშნე, მერე ოქროს ძეწკვიც გამახსენდა ყელზე რომ მეკეთა და განათდა. ლომბარდიდან პირდაპირ იმავე საჩუქრების მაღაზიაში შევედი და ოთხი საჩუქარი ვიყიდე - გიგასთვის, მიშასთვის, ირიშკასთვის და გიგას დედისთვის და დავურიგე, თან წინასწარ მივულოცე ახალი წელი. მერე გიგას ვუთხარი, თქვენ წადით, მე საქმე მაქვს კიდე და მერე ჩემით ამოვალ - მეთქი.
რა ჩაიბურდღუნა აღარ მომისმენია, კარი მივუხურე და წამოვედი.
ალბათ თვითკმაყოფილების განცდას არაფერი შეედრება სიმსუბუქის მხრივ.
31 დეკემბერიც გათენდა. მივუჯექი თუ არა ჩემს სამუშაო მაგიდას, ტელეფონმა დარეკა:
-ნათია დღეს რა გეგმები გაქვს? დედაჩემი მინდა გაგაცნო, თვითონაც ძალიან უნდა შენი გაცნობა, (ჰოო მართლა საჩუქრისთვის მადლობა გადმოგცა,)... და მინდა რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ...
("იმდენად ოპტიმისტი ვარ, რომ ზოგჯერ ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ........")

Monday, October 24, 2011

თუ არ გინდა იცოცხლო, მოკვდი!


თუ არ მოგწონს წადი, თუ არ მოგწონს გადართე, თუ არ მოგწონს ნუ უყურებ, ნუ უსმენ, ნუ კითხულობ, უკეთესად შენ გააკეთე, დაწერე, იმღერე, ითამაშე და ა.შ.

ეს ის ბოლო გაჩერებებია, სადაც კამათში მონაწილე ერთი მხარე უმალ ჩაგაგდებს ხოლმე, როცა არგუმენტი ელევა. ღმერთმა ნუ ქნას და თუ რელიგიურ თემატიკას შეეხე ან რომელიმე რელიგიურ ყაჩაღს და ღვთის სახელით მოლაპარაკე ღიპგასიებულს, პირში მოგახლიან, ნუ განიკითხავო. რა კარგია! თურმე რა მარტივად შეიძლება გადაწყდეს პრობლემები! მთავარია ეხლა ფხვიერი მიწა და სირაქლემასავით გრძელი კისერი რომ თავი რბილად ჩავყოთ შიგნით. მერე რა რომ ტრაკი დაუცველი გვრჩება, ჩვენ ხო მაინც ვერ ვხედავთ. ამასობაში კი სარანჩებივით მრავლდებიან უტვინო პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პარტიები, მოძრაობები, ”სულიერი მოძღვრები”, ამა თუ იმ ცოცხალ თუ უსულო საგანთა ”დამცველი” საზოგადოებები, მომღერლები, მწერლები, მსახიობები, ”პროფილები”, ნაირ-ნაირი დღის და ღამის შოუები, მოცლილი ცოლების და ნაშების კლუბები, ბიჭოლები, მარკუს მეტრეველები, აგერ ეხლა ”ბავშვი არ დაბადებულა და ყარამანს არქმევდნენ” სამეფო ამობრწყინდა ვიღაცა სასაცილო პერსონაჟებით. მოკლედ ერი და ბერი ხალისობს. ადრე თუ ”ობშიაკი” მარტო გარკვეული კატეგორიის ვიწრო წრისთვის იყო, ეხლა სხვა მიმართულება, სხვა ძალა და სხვა მასშტაბები შეიძინა და რომელ მარკეტში არ უნდა შეხვიდეთ ყველგან ნახავთ კუთხეში მიდგმულ ყუთს წარწერით ”შესაწირი” - ოფიციალური და ღვთის მადლით აღვსილი და ნაკურთხი რეკეტი, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც ამაყად აცხადებს, რომ არანაირი კანონის არ ეშინია. ხო არ გახსენებთ ერთ-ერთ ინსტიტუტს ახლო წარსულიდან?

ჩვენ ისღა დაგვრჩენია ხელში წარმოსახვითი პულტი დავიჭიროთ და რაც არ მოგვწონს გადავრთოთ, თუ საერთოდ არაფერი მოგვწონს მაშინ ავდგეთ და წავიდეთ.

რა გახდა ერთი ნორმალურად მყეფარე ძაღლი რომ ეს დაუსრულებელი ქარავანი ან შეაჩეროს ან გეზი შეუცვალოს.