Saturday, February 13, 2010

სიყვარული



"ზოგი თავისთავს პოულობს მასში, ზოგი თავისთავს კარგავს მასში, ზოგისთვის მთელი ცხოვრებაა, ზოგისთვის შახსეი-ვახსეი, ზოგისთვის სიცარიელის შევსება, ზოგისთვის უანგაროდ გაცემული სიკეთე, ზოგისთვის ხელისმოთბობის საშუალება . . აზარტი. . . თავის მოტუება. . . მარტოობის შიშის მკურნალი. . . პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება. . . თავის შეცოდების მეთოდი . . . უწყინარი გართობა.... აკვიატება....ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზა... ვალდებულება და ა.შ." /By Me. 16.11 08 /

ჩემთვის ისევ ის გაფილტრული ღვინოა და ვიცი რომ არასოდეს დამიძმარდება, გინდაც თავსახური მომხადონ.

ვალენტინობა არ მაინტერესებს. სიყვარულს არც თარიღი აქვს, არც წონა, არც ზომა და საერთოდ უგანზომილებოა, ისევე როგორც პირველსაწყისი. ჯერ ისევ ვერავინ დაადგინა საიდან მოდის და სად მიდის, ისევე როგორც ვერავინ დადგინა სად მდებარეობს ეგზისტენციის ათვლის წერტილი,
თუ რამე ხდება კალი-იუგას სამყაროში, ამის მიზეზი ორი რამაა სიყვარული და შიმშილი, ბაქტერიის არსებობასთან ბრძოლით დაწყებული და ატომური ბომბის აფეთქებით დამთავრებული. ადამიანზე უგუნური არსება არ მოიძებნება ამ ქვეყნად. რაც არ უნდა წყალობა გაიღოს მასზე ღმერთმა, საბოლოოდ ყველაფერს მაინც ვაჭრობის საგნად აქცევს. ვაჭრობა ვაჭრობა ვაჭრობა-ყველგან და ყველაფერში. შვილებსაც კი გამორჩენის მიზნით ვაჩენთ, თორემ რატო გავიმეტებდით იმ არსებას, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარსმერე, დასაბადებლად.
შიმშილი და სიყვარული - სამყაროს ორი მამოძრავებელი ძალა. შიმშილი - ბრძოლა არსებობისათვის და სიყვარული ბრძოლა თავის დამკვიდრებისათვის. იკითხავენ სიძულვილი სადღააო? სიძულვილი ცალკე არ არსებობს, სიყვარულის პარალალელური სამყაროა. ვერ შეიძულებ რაღაცას თუ პარალელურად სხვა რამე არ შეიყვარე, ისევე როგორც ვერ დაღამადება ერთგან, თუ მეორეგან არ გათენდა.
ვინ იცის რამდენი სიბოროტე და სისასტიკე ჩადენილა სიყვარული სახელით...
დედამიწაზე სიყვარული ”999” სინჯით ანუ სუფთა სახით არ არსებობს. ორი ადამიანური მინარევი უგდებს სინჯს - ეჭვი და მესაკუთრეობა. ალბათ როცა პირველსაწყისს შევუერთდებით, მაშინ შევიგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ღმერთმა მიწაზე ჩამოსვა და მაშინ დაბინძურდა როცა ჩვენს გულებში დაიდო ბინა, რადგან აქ დახვდა დიდი ეგო თავისი მინარევებით.
სიყვარული ამაღლებული გრძნობააო. ამაღლებულია იქამდე, სანამ თავს შეურაცხყოფილად არ იგრძნობ ამ სიყვარულში. აი მერე იქცევა ხოლმე ყველაზე დიდ სიმდაბლედ და შხამად, რომელსაც ან ვყლაპავთ და ჩვენს თავს ვიწამლავთ ან გარეთ ვაგდებთ და გარემოს ვაბინძურებთ. ეს გარეთ გადმონთხეული შხამი კი ერთად გროვდება სიყვარულის პარალალელურ სამყაროში და მერე ისევ ადამიანს ატყდება თავზე სხვა დროს, სხვა ადგილას და სხვა საშუალებით.
სიყვარული არ არის კომფორტი. სიყვარული ის დისკომფორტია, რომელსაც ცხოვრების სხვა რეჟიმში და რეგისტრში გადაყავხარ. როცა ეს ახალი რეჟიმი კომფორტი ხდება, იქ სიყვარული უკვე ბოლო აკორდებს იღებს. თუმცა კომფორტული სიყვარულიც არსებობს - ვაჭრობის ერთ-ერთი სახე, არ აქვს მნიშვნელობა რას ყიდულობ ან რას ყიდი.
ადამიანი ისეა მოწყობილი რომ ცდილობს მოირგოს, ვიდრე მოერგოს, ესე რომ არ იყოს არ იარსებებდა სიტყვა პროგრესი, ეს კარგია მაგრამ პროგრესში იკარგება პირველსაწყისური სტერილურობა. სიყვარულსაც ამგვარად ვექცევით, ვცდილობთ მოვირგოთ, ამიტომ ვკიდებთ ზედ იარლიყებს, ვსვამთ ჩარჩოში, ვუწესებთ ნორმებს და გვინდა ისეთი იყოს როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს და არა ისეთი, როგორც არის სინამდვილეში.
ეჭვი აძლიერებს სიყვარულსო, არადა სიყვარულს კი არ აძლიერებს, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას აქვეითებს და ქვეცნობიერი სასწრაფოდ იწყებს ამის რეაბილიტაციას, ამიტომ იქმნება იმის ილუზია რომ გრძნობა გიძლიერდება. გრძნობა და არა სიყვარული.
სიყვარულსა და ვნებას შორის რა განსხვავებააო?! რა განსხვავებაა და სიყვარული სტატიკაა და ვნება დინამიკა. ტემპერამეტშიცაა სხვაობა - ერთი სანგვინიკია და მეორე მელანქოლიკი. სიყვარული როცა დედამიწაზე ჩამოსვეს იმდენად მსუბუქი იყო, რომ გრავიტაცია ვერ აკავებდა, ამიტომ ვნება აჰკიდეს.
რამდენჯერ მოდის სიყვარული?! იმდენჯერ რამდენჯერაც თავი არ დაგენანება, ჩაყვე იქამდე სადამდეც ჩაგითრევს.

გილოცავთ! ვალენტინობას არა, უბრალოდ კიდევ ერთ ახალ დღეს, დაე სიყვარულით სავსე ყოფილიყოს ყველა ”დღე-ს”.

Friday, February 12, 2010

”ვინ” არის სინდისი?!

როდესაც თიხისაგან და მიწისგან შექმნილ არსებას სული შთაბერეს, იქვე ხუთი გრძნობით შემოსეს და ორიც სათადარიგოდ მისცეს: მეექვსე-ინტუიცია და მეშვიდე-სინდისი, რა იცი რაში დაგჭირდესო. გაუხარდა თიხის არსებას - რაც მეტი მით უკეთესიო, მაგრამ რა იცოდა საბრალომ რომ მეშვიდე საჩუქარი შუბლზე დაუკითხავად გადაიჭიმებოდა და გულის უხილავ მსაჯულად ექცეოდა. მას მერე დაერქვა ამ არსებას ადამიანი.
ზოგს სინდისი ყელში გაჩხერილი ლუკმასავით აქვს მუდმივად, ვერც ყლაპავს და ვერც აგდებს, ასეთი ადამიანები მერყევები არიან და შიშის თვალებით უყურებენ ყველაფერს. ამ კატეგორიის ადამიანებისგან იბადებიან ფანატიკოსები, მორალისტები, მარტოსულები, არასრულფასოვნების და დამნაშავის კომპლექსით შეპყრობილები, ასოციალურები და კაცთმოყვარეობის ნიღბის ქვეშ დამალული მიზანთროპები. ზოგის სინდისი ღრმადაა დამალული ან უდრტვინველად სძინავს, მაგრამ თუ გამოფხიზლდა, ისეთ დროს იცის გამოფხიზლება, როცა არ ელი და ისეთს დაგატეხს თავზე, ხელით შეხება რომ შეგეძლოს სიამოვნებით მიახრჩობდი.
საოცარი გარდასახვის უნარი აქვს სინდისს, რადგან თუ ერთისთვის შეიძლება ტვირთი იყოს, მეორესთვის შეიძლება მხოლოდ აღვირი. ერთი ეგ არის რომ სინდისი თუ ტვირთად იქცა, ვეღარასოდეს მოიშორებ. რადგან არ არსებობს სინდისისთვის მონანიებული ცოდვა, ადამიანს კი აქვს იმის ილუზია, რომ მონანიებით სინდისს ხარკს უხდის, მაგრამ სინდისი რისი სინდისია რომ მოტყუვდეს! ცოტა ხნით შიძლება თავი მოიტყუოს, მაგრამ ისეთ დროს დაგესხმება თავს როცა ყველაფერი ჩავლილი გგონია.
უსინდისო ადამიანი არ არსებობს. ზოგი უბრალოდ ”იბრალებს” უსინდისობას, რადგან ასეთი რეპუტაცია შეუქმნეს და ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რა რეპუტაციასაც უქმნი, იმას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაამართლებს.
როგორ შეიძლება ადამიანი უსინდისო იყოს, როცა სიყვარულის უნარიც აქვს და სიძულვილისაც. სიყვარული და სიძულვილი ხომ ერთმანეთის წაღმა-უკუღმა პირია და სინდისი კიდე მათი უხილავი პირი და მომრიგებელი! მის გარეშე ეს ორნი ისე არიან როგორც საათი ისრების გარეშე - ციფერბლატი არის, მაგრამ გინდა ყოფილა, გინდა არა, დროის სვლას არ აჩვენებს, მხოლოდ მისი არსებობის ფაქტს ადასტურებს.
საიდან მოდის სინდისი?! - პირველივე ცოდვიდან, პირველივე სინანულიდან. მაგრამ ხშირად ადამიანს ერევა ერთმანეთში სინდისი და დასჯის შიში. მათ შორის კი საერთო არაფერია გარდა იმის განცდისა, რომ აღარასოდეს მოიქცე ასე. სინდისი გაკეთილშობილებს და დასჯის შიშმა კიდე შეიძლება უარესისკენ გიბიძგოს.
და ბოლოს დავამატებდი რომ პანდორამ როცა ყუთი გახსნა იმედთან ერთად იქ სინდისიც დარჩა, რამეთუ ერთიც და მეორეც მხოლოდ ადამიანთან ერთად კვდება.