Monday, February 7, 2011

მარგო და მაკა ბებია

97 წელი, 2 იანვრის დილა... პლეხანოვზე ერთადერთი კაფე-ბარი იყო ღია - კაფე-ბარი ”მუზა” იმ დროისთვის შესაფერისი უსახური ინტერიერით, ჩოლკაზე ბრჭყვიალა ლაქმისხმული მიმტანებით, გენერატორზე მომუშავე ”შარფის” მაგნიტოფონით და ჯორჯ მაიკლისა და ტონი ბრექსტონის სიმღერებით.
კაფე რა თქმა უნდა ცარიელი იყო.
სულ ბოლო მაგიდასთან დავჯექი ნახევრად სიბნელეში. არ მინდოდა გარედან ვინმეს თვალში მოვხვედროდი.
-რამე გნებავთ? - მოიზლაზნა მიმტანი რამდენიმეწუთიანი თვალიერებისა და ყოყმანის შემდეგ.
-ყველაზე დიდი ბოკალი რამხელა გაქვთ?
-ნახევარ ლიტრზე ცოტა ნაკლები ჩადის.
-აი ეგ მთლიანად გამივსეთ სარაჯიშვილით ან დავითით, ან რაც გინდა ის იყოს, არ აქვს მნიშვნელობა და მომიტანეთ.
-ბატონო?... - თუ გინდათ ბოთლით მოგიტანთ, ნელ-ნელა დაისხით და დალიეთ.
-როგორც გითხარით ისე მომიტანეთ, ”ზალპით” არ ვაპირებ დალევას.
-მისაყოლებელი არ გინდათ რამე?
-ერთი კოლოფი ”მაგნა”.
... კონიაკით სავსე ბოკალთან ერთად, ერთი ნაჭერი ნამცხვარი მომიტანა და მითხრა - ”ეს ჩვენგან”... ”ცუდად ხო არ ხართ?”...”სხვა ხომ არაფერი გინდათ”? (აშკარად ვეცოდები, იმდენს კი ხვდება რომ ორი იანვრის დილას ”გასატყვრომად” კაფეში არ შეხვალ, თუ ცუდად არ ხარ)
-არა, დიდი მადლობა.
არადა რა ”ბანალური” მიზეზით ვიყავი ცუდად... ერთი რუსული საახალწლო ფილმის გმირის არ იყოს ”პრაზდნიკებზე” მარტო ვიყავი. ეგ იყო და ეგ...
მაგრამ როცა ახალი წლის მილოცვის პასუხად ყურმილში გესმის ”გმადლობ ძმაო, თქვენიანად, თქვენიანად!” და თან ცდილობს რაც შეიძლება ბუნებრივად ჟღერდეს ეს, გინდა იმ წუთას რომ ტელეფონს ფეხებით შესდგე და მთელი ქვეყანა შენი ”გმირიანად” ტელეფონის აპარატთან ერთად ნაკუწებად აქციო.
ტონი ბრექსტონის ”ანბრეიქ მაი ჰართ”-ის დრო რომ მოვიდა კასეტაზე, მიმტანმა რაც შეიძლება ხმამაღლა აუწია და თან ცალი თვალით გადმომხედა, აქაოდა მიგიხვდი და სოლიდარობას გიწევო.
ნახევრამდე არ მქონდა ბოკალი დაცლილი რომ ბარში საშუალო ასაკის კაცი შემოვიდა... აი, ისეთი ვერც გარეთ რომ ვერ შეამჩნევ და ვერც შენობაში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ მის გარდა სხვა არავინაა.
...დახლთან მივიდა და მიმტანს სთხოვა არაყი დამისხიო.
”აი, კიდევ ერთი გზააბნეული... ნეტა ეს რაღამ წამოაგდო ლოგინიდან”.
”გზააბნეულმა” ჩემს მაგიდას მშვიდად აქცია ზურგი და გვერდით მაგიდასთან დაჯდა.
არ ვიცი ათვისებულმა კონიაკმა წამომაგდო ეგრე მსუბუქად სკამიდან თუ ”ყველაფერი ფეხებზე მკიდიამ”, პირდაპირ დავადექი თავზე და ვეკითხები: ”როცა გინდათ რომ ტელეფონი დალეწოთ, როგორ იქცევით ხოლმე?:
-რა გქვია?
...
-ხოო რა გქვია?
-მარგო...
არ ვიცი მაშინ საიდან მომაფიქრდა და რატომ, ეს სახელი, (თან საკუთარი ნიკის წარმოშობაც გაგიმხილეთ), მერე საუბარში იმდენჯერ ახსენა ”ჩემი სახელი”, მართლა დავიჯერე, რომ მარგო მერქვა.
-დაჯექი მარგო... მამის დედას ერქვა ალბათ და იძულების წესით დაგარქვეს ხო? შენ კიდე არ გიყვარს და როგორ გადააკეთო არ იცი... საუკეთესო გამოსავალი მაინც მაკა მგონია.
-სწორედ მიხვდით ყველაფერს, მაგრამ მაკა მეორე ბებიას ქვია (ესეც მეორე ტყუილი)
და მაკა რომ დავირქვა იმ ბებიას ეწყინება, რომელსაც მარგო ქვია.
-მაკა ქვია ბებიაშენს? - უცბად სიცილი აუტყდა.
-კი, მაკრინე ქვია და პაპაჩემი მაკას ეძახის - ვუთხარი და მეც ისეთი სიცილი გადმომედო, რომ სუთქვა შემეკრა, რა თქმა უნდა გრადუსმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში.
- ხო ხედავ რა მარტივია?
-რა არის მარტივი? - ვეკითხები.
-ეხლა შეგიძლია ყურმილი მშვიდად დადო, დალეწვის გარეშე.
-თქვენ ესე იქცევით ხოლმე?
-მე აღარ მახსოვს როგორ ვიქცეოდი ეგეთ შემთხვევებში, მაგრამ როცა რაღაცის გაფუჭების სურვილი მოგივლის, ყურადღება ისეთ რაღაცაზე უნდა გადაიტანო, საერთოდ რომ უადგილოა იმ დროს და მერე თავისთავად მოხდება განტვირთვა. ნაცადი ხერხია და ამართლებს. თუნდაც ჩემი აქ შემოსვლაა ამის მაგალითი, სამაგიეროდ სახლში რომ ავალ, აღარ მექნება მამაჩემის მიხრჩობის სურვილი.
-რა დააშავა?
- რომ არსებობს, ეგ უკვე დანაშაულია. სამოცი წელია ამ ქვეყნად იმისთვის არსებობს რომ დედას და მე თავი გვაყვედროს და დედაჩემს დღეში ერთხელ მაინც არ უხსენოს, მე რომ არ გამესაღებინე, დარჩებოდი გაუთხოვარიო. არადა მთელი ცხოვრება ტახტზე გორაობს და დედა ინახავს. მე სამჯერ დავკარგე სამსახური და ცხვირში ამომადინა, თვითონ კიდე ერთი დღე არ უმუშავია, მას მერე რაც დედაჩემი მოიყვანა ცოლად. ბაბუაჩემი შეძლებული კაცი იყო და სანამ ცოცხალი იყო ამ ფუქსავატმა გამოუჭამა ქონება. მერეც ვერ გადაეჩვია მზამზარეულზე ყოფნას და რომ ამოიდო მუთაქა თავქვეშ, აღარც გამოუძვრია, მარტო ბრძანებებს გასცემს. რა ვქნა ხო არ ვცემ, რამდენჯერაც გავიწიე, იმდენჯერ დედაჩემი ჩამივარდა მუხლებში ამ ერთხელაც აპატიეო. ცხოვრება დამინგრია ამ კაცმა, საკუთარი ოჯახი მინდა და ამის გამო თავს ვიკავებ. ამასთან როგორ მოვიყვანო ცოლი, ერთ თვეში გამიქცევს.
-ბინის გაყიდვა და ცალკე გასვლა არ გიფიქრიათ?.
-როგორ არა, მაგრამ ბინა მასზეა გაფორმებული და ამბობს სანამ ცოცხალი ხარ ვერ ეღირსებიო და თან დედაჩემის დატოვება არ მინდა მასთან. ჩემთან ერთად კიდე მაინც ცოტა ერიდება.
-დედათქვენი რატომ არ შორდება?
-ბავშვობიდან ვეხვეწებოდი ამას, მაგრამ ეცოდება... საკუთარი უზნეო შვილივით უყვარს და უვლის და ეს არაკაციც იფერებს. არ მესმის დედაჩემის, მაგრამ იმდენად მიყვარს, ვპატიობ, რომ ჩემი ცხოვრების დანგრევაში მასაც თანაბარი როლი აქვს მამაჩემთან ერთად. როგორც მსხვერპლი ეს უფრო მეცოდება და სიბრალულნარევი სიყვარულით მიყვარს, მაგრამ დედაც რომ დამნაშავეა ჩემთან ფაქტია... აი დღეს დილით თუ ვინმე იყო უბანში მთვრალი ყველა სახლში ამოიყვანა და სიცხიანი დედაჩემი ლოგინიდან წამოაგდო სუფრა გაშალეო. ვიცი საშინელებას დავატრიალებდი და გამოვეცალე, ესე მოვხვდი აქ. არც ვიცოდი აქამდე ამ კაფის არსებობა.
..............
-შენ რაღა გჭირს მარგო, გარდა იმისა რომ ტელეფონზე ბრაზობ?
-რა და პირველი სამი კურსი ხუთებზე დავხურე და ეხლა გასარიცხად მაქვს საქმე, მიზეზი ისაა, რომ თავში არაფერი შემდის და ამის გამო არ დავდივარ ლექციებზე.
-მერე ის ადამიანი ღირს იმდენად რომ თავში ამხელა ადგილი გამოუთავისუფლე?
-ახლა არ ვიცი... რაღაცის ან ვიღაცის ღირებულებას ხომ მაშინ იგებ, როცა ფასს შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს ან შენი აღარაა. ახლა კი რახან ვბრაზდები, ესე იგი, მიღირს.
-რაშია კონკრეტულად პრობლემა, თუ საიდუმლო არაა, რა თქმა უნდა.
-არა რა საიდუმლო, ჩვენ ხო უკვე გადავლახეთ გასამხელ-არგასამხელის ზღვარი. თან ბევრად მარტივია ამაზე უცნობთან ილაპარაკო, ვიდრე ნაცნობთან.
პრობლემა ”სამკუთხედშია” და დღეს უფრო უარესი, ამ სამკუთხედის ერთ-ერთი წვერის შიგნით კი არა, მის გარეთ ვგრძნობ თავს.
-შენც აუტი ჩააწოდე მერე - ისევ სცადა გავემხიარულებინე.
-არა, მიზანში რომ ვერ მოვარტყა, უარესად დავითრგუნები. ბურთიც მაგათი იყოს და მოედანიც.
-ალკოჰოლმა გაგადიდგულა ესე თუ მართლა ეგეთი მამაცი ხარ.
-მამაცი არა, ჯიუტი ვარ და თუ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ავიკვიატე, ვერავინ და ვერაფერი გადამათქმევინებს, მაგრამ აქამდე იშვიათად და ძნელად მივდივარ.
-ვერაფერს გეტყვი, კარგი თვისებაა, მაგრამ ცხოვრებაში ხელს შეგიშლის.
-რატომ?
-რატო და ვხვდები გულზე უფრო მეტად გონებით აზროვნებ და ამის გამო ბევრი კარგი გამოგეპარება, აი იმიტომ.
-გულს რომ ვუგდებდი ყურს იმიტომაც აღმოვჩნდი აუტში.
-კარგი ნუ აზვიადებ, უბრალოდ ხო არსებობს გამოუვალი სიტუაციები, რომ უცბად ვერ ხვდები, რა გააკეთო და იბნევი.
-ეგ არ მაინტერესებს, მთავარია რომ მე ვგრძნობ თავს თამაშგარეთ და ამირანი რას მღეროდა იმ დროს გულში, ჩემამდე ვერ აღწევს. თუმცა ვაღიარებ, რომ არ ვიქცევი კარგად, ჰოდა მინდა გამოვსწორდე. სულ ეს არის.
-აი დღეს რომ კარგად გამოიძინებ და ხვალაც იგივეს იფიქრებ მაშინ ჩათვალე რომ სანახევროდ უკვე გამოსწორდი.... და მეტი აღარ დალიო კარგი? თუ გინდა გაგაცილებ სახლამდე.
-არა გმადლობთ, შორს არ ვცხოვრობ აქედან. დალევით აღარ დავლევ, თუნდაც იმიტომ რომ დღეს ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც ჩემზე ზრუნავს და ამაზეც მადლობა.
-პირიქით, მე გმადლობ, მამაჩემი დამავიწყე დღეს... იცი როგორი ხარ მარგო, ყოველთვის ადვილად მიიზიდავ ადამიანებს და ნებისმიერს აალაპარაკებ ძალდაუტანებლად, თან ისე რომ არ ინანებენ.
...წადი ახლა სახლში. მოიცა გავალ და ტაქსს გაგიჩერებ ეხლავე...

”რა იდიოტი ვარ, სახელი მაინც მეკითხა, ისე ზრდილობის გულისთვის... მამის სახელი კი ახსენა ერთხელ - გოგიო...მაგრამ ერთი მე გამომადგება რამეში მამამისის სახელი და მეორე მას არარსებული მარგო და ბებიაჩემი მაკა... ნეტა ამ ტაქსის მძროლის თავში ჩამახედა რას ფიქრობს, ეხლა რომ ამანაც სახელი მკითხოს” - ხმამაღალი თავშეუკავებელი სიცილი და მძღოლის გაოცებული სახე.

........

არასოდეს არ მომყვებოდა ორ იანვრამდე წინა ორი დღის აღმაფრენა და ხასიათი უმიზეზოდ მიფუჭდებოდა. მერე ”ზემოთ” იზრუნეს ჩემზე, ეტყობა იფიქრეს ტყუილად რატომ იყოს ცუდ ხასიათზეო და სამი წლის წინ როგორც იქნა ”გამიპრავეს” ორი იანვარი.