Wednesday, December 30, 2009

რეალური თუ ვირტუალური?!


ყველა ადამიანს თავისი სამყარო აქვს რეალურ ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, წვალობს, ჯახირობს, წელებზე ფეხს იდგამს, იბრიქება, იწელება, იხარჯება, ხურდავდება, გველისტყავში ძვრება, იღებს, გასცემს, უყვარს, სძულს, უნდა, სჭირდება, თავზე ლაფს ისხამს, კედელზე ცერცვს და თვალში ნაცარს იყრის, იტყუება, ილანძღება, პირით ლოცულობს და გულში ეშმაკს ურიგდება ან პირიქით და ა.შ. მოკლედ არსებობისთვის იბრძვის, იბრძვის იმისათვის რომ მაძღარი იყოს და იბრძვის იმისათვის რომ საკუთარ თავი დაიმკვიდროს იქამდე, სადამდეც გაიწელება და გასწვდება. მხოლოდ ეს ორი მიზეზია, რისთვისაც ბრძოლობს. სიყვარულიც და მეგობრობაც მეორე მიზეზში გადის. არაფერი არ ჰგვრის ადამიანს იმაზე მეტ კმაყოფილებასა და სიამოვნებას, რამდენადაც საკუთარი თავის დამკვიდრება იმ ადამიანში, რომელიც ისევ მის თავს აგონებს. ამაში გამართლება იშვითია, რადგან ადამიანი ცდილობს ისევ საკუთარ თარგს მოარგოს სიყვარულის ობიექტი და ნაკლსაც კი ღირსებად უთვლის, ისევ და ისევ იმის გულისთვის რომ საკუთარი გრძნობა გაამართლოს მის მიმართ.
ბავშვობიდან იგება ამ სამყაროს საძირკველი და მერე მთელი ცხოვრება მის კედლებს აგებ და აგებ. ხშირად ისე მიდის ამ ქვეყნიდან ადამიანი რომ საკუთარი სამყაროს გადახურვასაც ვერ ახერხებს. ჰოო, პროვინციულ სახლებს ემსგავსება ეს გადაუხურავი სამყაროები, ეგეთივე დაუმთავრებელი და გაწელილი ათასი უსარგებლო სათავსოთი. ჩვენც ჩვენს ნაშენ სამყაროებს ვართ მიჯაჭვული სისხლით და ხორცით და ათასი დაწერილ-დაუწერელი კანონით, რომელსაც ისევ და ისევ ეს სისხლით და ხორცით დაკავშირებეული ადამიანები ვატენით ერთმანეთს ცხვირში.
ნებისმიერი დაკანონებული ურთიერთობის საფუძველი არის ქვეცნობიერი ეჭვი და უნდობლობა, თითქოს ხელმოწერილი ქაღალდი და თავზე გვირგვინის დადგმა იყოს იმის გარანტი, რომ ამის მერე ადამიანი მხოლოდ "თამასუქის", "შეიძლება", "სასარგებლოა", "სწორიას" ტრაექტორიაზე იმოძრავებს. აი მერე იწყება ამ ნახევრად აშენებული სამყაროების ნელ-ნელა, აგურ-აგურ ნგრევა და ნგრევის შედაგად დაგროვებულ მთელი ეს სამშენებლო ნაგავი წლების განმავლობაში შენს ტვინში ილექება ფენა-ფენად. ერთ ფენას გადააცლი, მეორე ჩნდება, მეორეს გადააცლი - მესამე, მერე კიდევ ზემოდან ახალი ნანგრევები ემატება და ისე გადის ცხოვრება, რომ ადამიანს თავის აგებულ სამყაროში სუფთა ადგილი აღარ რჩება რომ მშვიდად ჩამოჯდეს და იმაზე მეტზე იფიქროს ვიდრე კუჭის ამოვსებაა და "თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს". დენის მრიცხველივით ტრიალებ ამ შენს სამყაროში და რაც მეტს იხარჯები მით მეტი გადასახადი გიწევს.
რაც არ უნდა ხელები ვიბრაგუნოთ გულზე რომ "პრადვინუტები" ვართ, არაორდინალურები ვართ, ბრბოს აზრის არ გვაინტერესებს, მაინც მთელი ძალით ვებღაუჭებით ამ ჩვენს აგებულ ხუხულებს და გვირჩევნია მთელი ცხოვრება ნაგავი ვზიდოთ იქედან, ვიდრე ჩვენი ხელით დავანგრიოთ ბავშვობიდანვე არასწორ საძირკველზე დასმული კედლები. ეს იმიტომ რომ ზოგადად, ჩემი, ჩემი მშობლების და მათი მშობლების თაობა ისე გაიზარდა რომ იძულებით გვაქციეს მენაგვეებად.
ერთადერთი ხსნა ჩემი და მომდევნო თაობებისთვის აღმოჩნდა ინტერნეტი. ეს ხო უზარმაზარი მატრიცული სამყაროა, სადაც ყველა ჩვენთაგანს ჩვენ-ჩვენი შემოღობილი "მაი სფეისები" გვაქვს და აქ იძულებითი მიჯაჭვულობა და კანონები არ მოქმედებს. აქ ხო ჩვენ თვითონ ვართ ამ შემოღობილი სივრცების გამგებლებიც და ბილეთების დამრიგებელიც და ვაშენებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას რასაც თავზე გვახვევენ. აქ ხო ჩვენ ის ვართ ვინც სინამდვილეში ვართ და არა ის რა წარმოდგენაც შეგვიქნეს ჩვენს თავზე? და აქედან გამომდინარე აქ ხო ბევრად უფრო გულწრფელია იმ ადამიანთა შორის ურთიერთობები, რომელთა ციფრული ტექსტებიც ერთ მშვენიერ დღესაც ერთ წერტილში იკვეთება. მერე ნელ-ნელა ხორცს ასხამენ ერთმანეთის ფანტომებს ანუ ფორმას აძლევენ და შემდეგ შინაარსით ავსებენ, რომელიც შეიძლება უსასრულოც იყოს და სასრულიც. მერე ვხვდებით რომ სწორედ ეს არის ნამდვილი და ჩვენი გულით და გონებით ნაშენი და არა ის - რეალური, რომელსაც ხშირად სხვისი კარნახით და სხვისი გულის მოსაფონად ვაშენებთ, სადაც საბოლოო ჯამში ყველას ვუძებნით ხოლმე ადგილს და ჩვენ მდგმურებივით ვრჩებით. ისედაც და ასედაც რეალური, ისევე როგორც ვირტუალური, ორივე ილუზიაა... უდაბნოში ფეხით სიარულს ჰგავს - მომავალი მირაჟივითაა და წარსული ქვიშით გადაფარული ნაკვალევი.

0 comments:

Post a Comment