Wednesday, December 30, 2009

II ხმა

- რაო რა გითხრეს? – (I ხმა)
- არ მტოვებენ, ჯერ არ ხარ მზადო. – (II ხმა)
- როდის ბრუნდები?
- როგორც კი ნიშანი მოვა... ბოლო შანსს გაძლევთ და ამიტომ ყველაზე რთული მისია იქნებაო. - შენ როდის ბრუნდები?
- არ ვიცი, ჯერ კიდევ ვახსოვარ იქ ხალხს და ხო იცი, სანამ ერთ კაცს მაინც ახსოვხარ, არ გაქვს დაბრუნების უფლება. აქ ხო უნდა დავხვდე, როცა ის უკანასკნელიც მოვა!
- შენიანი ვინმე დაბრუნდა უკან?
- ხოო, ჩემი დიდი ბებიის ბებია... გული დამწყდა... ყველაზე ძალიან მიყვარდა მათ შორის აქ ვინც დამხვდა და იქ არ ვიცნობდი.
- ნელ-ნელა შემოგაკლდებიან...
- მე ყველაზე მეტად შენი წასვლა არ მინდა... მერჩივნა ჯერ მე დავბრუნებულიყავი და მერე შენ.
- რა მნიშვნელობა აქვს, ორივე შემთხვევაში დაშორება მაინც გარდაუვალია...
- როგორ არ აქვს მნიშვნელობა, იქ ყველა წინა მახსოვრობა იშლება და სუფთა ფურცლიდან იწყებ და შენც დამავიწყდებოდი. აქ კიდე სულ უნდა მახსოვდე და თან იმ აზრსაც უნდა შევეგუო რომ ვეღარასოდეს გნახავ.
- იცი რაა...დარწმუნებული ვარ, თუ ჩემი სიცოცხლის მანძილზე დაბრუნდი, ჩვენ აუცილებლად შევხდებით იქ... რაც აქ ვარ, ძალიან მოგეჯაჭვე, ეს არ გაწყდება... ოღონდ რა მოცემულობით შევხდებით არ ვიცი.
- რა გენატრება ყველაზე მეტად იქიდან?
- საკუთარ თავში სქესის შეგრძნება, შენ?
- თვითკმაყოფილების გრძნობა, სიყვარულის ეიფორია და თოვლი.
- აქ არ ხარ ბედნიერი?
- როგორ ფიქრობ, ეს სიტყვა ამ მდგომარეობაში რას ნიშნავს? აქ ბედნიერებამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და გადაიქცა ერთ უსასრულო და მონოტონურ უპრობლემო ყოფად. ყოველი მომდევნო წუთი წინას გავს და რითი განვასხვავო ბედნიერება, რისგან უნდა გამოვარჩიო, როცა სხვა ასარჩევი აღარაა. როგორ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ნივთი, როცა იცი რომ ამ ნივთის გარდა სხვა არაფერი არსებობს. რას უნდა შეადარო მოსაწონებლად ან არ მოსაწონებლად? - ადამიანური შეგრძნებები მომენატრა გაიგე? თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით, თავისი ცოდვა-მადლით, რა ფასი აქვს ან ერთს ან მეორეს უერთმანეთოთ?
- როგორც ვატყობ შენ კიდე დიდხანს მოგიწევს სიკვდილ-სიცოცხლის წრეზე ტრიალი. არ ხარ მზად გასათავისუფლებლად, იქაურობა დიდი ძალით გეწევა უკან. ვშიშობ როცა დაბრუნდები მძიმე ცხოვრება გექნება და უნდა გაუძლო.
- იმაზე მძიმე რაღა უნდა იყოს რაც ბოლოს მქონდა?!
- ჰოდა ვერ განთავისუფლდი ბოლომდე მანდედან, წერტილი დაგრჩა დაუსმელი, ან სადმე შუაში ცარიელი ადგილი დაგრჩა და ამ ჯერზე რომ დაბრუნდები ის ადგილი უნდა შეავსო, რომ მძიმე ცხოვრებების ციკლიდან ამოხვიდე.
- და ჯილდოდ რას მივიღებ? აქ დავიდებ სამუდამო ბინას? მე არ მინდა მუდმივად აქ დარჩენა!
- რატო აბა ის გირჩევნია სულ მუდამ იძენდე და კარგავდე ადამიანებს, კარგავდე და იძენდე? რამდენჯერ უნდა განიცადო თუნდაც დედის დაკარგვა, გინდა იქ, გინდა აქ?
- კიდე კარგი ცნობიერებას გადატვირთვის ფუნქცია აქვს, თორემ რა აიტანდა ამდენს?!
- იცი რა მინდა გკითხო, ჩვენ რომ იქ შევხედროდით ერთმანეთს, როგორ გგონია ვინ ვიქნებოდით ერთმანეთისთვის.
- შენ ალბათ კაცი, მე ქალი. ან პირიქით. ოღონდ ერთი სქესის გამორიცხულია, რადგან სხვანაირად მავსებ, თითქოს მამთლიანებ.
- იქნება ოდესმე ერთი მთლიანი ვიყავით და მერე გავიყავით?
- არა მგონია, შენ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ხარ, ყველაზე მაღალზე, ვინც კი აქ მინახავს, შენი ცნობიერება ჩემსაზე ბევრად უფროსია და დატვირთული, შენ უკვე იისფერი ხარ და თითქმის უახლოვდები მიზანს.
- რა ვიცი, ეს ბოლო მისია თუ ჩამივარდა, მერე რა იქნება აღარ ვიცი. ნუთუ მერე ისევ ათვლის წერტილს დავუბრუნდები?
- არა...მე მგონი მერე გაიფანტები და ყველა ნაწილიდან ახალ-ახალი ცნობიერებები გაჩნდება და ისინი დაიწყებენ არსებობას ათვლის წერტილიდან. თუმცა ეს უბრალოდ ვარაუდია. დარწმუნებული ვარ შეძლებ უწყვეტი ციკლიდან თავის დაღწევას.
- მართლა გუშინ სად იყავი ღამით?
- ჩემი იქაური ნათესავი კიბიდან ჩამოვარდა, თავის ქალის ტრავმა მიიღო და შოკშია, გუშინ ძალიან წვალობდა, ხან აქეთ იყო და ხან იქით. ყველანი კართან ვდარაჯობდით. კიდევ სამი დღე აქვს კრიზისი და ვმორიგეობთ... შენ სად იყავი?
- სიზმრებში დავბორიალობდი, სადაც ღია ველი ვნახე ყველას შევუარე.
- მართლა ბავშვებზე გამახსენდა, ხმები დადის, ისეთი ვიღაცის დაბადებას ელიან იქ, რომ იქაურ ავტორიტეტს მმართველობასა და ძალაუფლებაში შეეცილებაო და ის უბედური თურმე სიბრაზისგან ბრდღვინავს და გადაუწყვეტია რაც კი ბავშვია მის ირგვლივ ყველა დახოცოს, რომ შემცილებელი არავინ ჰყავდეს.
- ხოო მეც გავიგე ეგ... დიდი ამბებია მოსალოდნელი. არადა რა სასაცილოდ ჩანს აქედან ყველანაირი ძალაუფლება და ამისთვის ბრძოლა არაა? ვინ არის ნეტა? ეტყობა ახლად დაბადებული ცნობიერებაა და იმიტომ ებღაუჭება ესეთი ძალით მატერიას.
- მე უფრო ის ”მისიონერი” მაინტერესებს, იქ რომ უნდა დაბრუნდეს...ამბობენ წარმოუდგენელი ცვლილებები მოყვება მის დაბადებასო... ალბათ შენსავით ბოლო საფეხურზეა, მაგრამ ამდენი ხანია აქ ვართ და იისფერი მარტო შენ ხარ მათ შორის, ვინც კი ოდესმე აქ შემხვედრია... დავიჯერო არაფერი უთქვამთ რა მისიით ბრუნდები?
- არა ვინ გეტყვის ამას?! ხომ გითხარი ერთადერთი რაც მითხრეს ის იყო, რომ ყველაზე რთული იქნება, რაც აქამდე გაგივლიაო და როდის იქნება ეგეც არ ვიცი, იქაური დროის საზომით შეიძლება ათასი წლის მერე და ჩვენი დროით უფრო სწორედ უდროობით, შეიძლება ეხლავე მოვიდეს ნიშანი.
- ნეტა იქ როგორ გიცნობ ან რითი გამოგარჩევ სხვებისგან?
- სამწუხაროდ ამას ცხოვრების ორომტრიალში ვერ მიხვდები, როცა სიცოცხლის ბოლოში გახვალ, ვისი გახსენებისასაც ყველაზე გულწრფელად გაიღიმებ და გული გაგითბება, ის ვიქნები...
............

დედამიწაზე კი ერთ სოფელში მთელი დღე თოვდა... დეკემბერი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. მხოლოდ ერთი სახლის ფანჯრებში ჩანდა სუსტი შუქი...

ფერმკრთალი, ლამაზი სახის ქალი ბუხართან მიმჯდარიყო და ჯერარდაბადებული შვილისთვის წინდებს ქსოვდა...

... ”ამტკივდა”

....................

- ნიშანი მოვიდა, ვბრუნდები! - (II ხმა)
- თუ გამიმართლა და დაგეწიე, მომავალ შეხვედრამდე... – (I ხმა)

0 comments:

Post a Comment