Monday, December 28, 2009

Hot ვაკანსია


ვაცხადებ კონკურს ისრით აღნიშნულის დამკლიკველის ვაკანსიაზე.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
სქესი: მამრობითი
ხუთივე გრძნობა, ცხრა მუზა და შვიდივე ფერი არა მარტო ადგილზე უნდა ჰქონდეს, არამედ კარგად დახარისხებულ- დაფასოებული. მეექვსე გრძნობა, მესამე თვალი , ულტრაბგერა, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.
ანდროგენები - ნორმის ფარგლებში- რაც მეტი მით უკეთესი და არცერთი ერთეულით არ უნდა ქვეითდებოდეს სტრესულ და საპასუხისმგებლო სიტუაციებში.
ტესტოსტერონი - რაც მეტი მით უკეთესი "კაბების" დიფერენციაციის უნარის დაკარგვის მაჩვენებლამდე.
განათლება: თხა და გიგოდან - კვანტურ ფიზიკამდე (წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა და ადამიანური ენით გადმოცემის უნარი) პროფესიული გამოცდილება: ჟიგოლო, ალფონსი, ლოველასი, ბარიგა, აფერისტი, მსახიობი, სუტენიორის გარდა ნებისმიერი.
ენები: ადამიანური (ზეპირი, წერა-კითხვა სრულყოფილად)
ეროვნება: სულით კოსმოპოლიტი, გენებით უბიხიდან მარსიანელამდე.
რელიგიური მრწამსი: "რაღაც არსებობს"
კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ დამკვლიკველი შეასრულებს რა დაკისრებულ მოვალეობას, შემდგომში დაინიშნება ატომური ელექტრო სადგურის მთავარ მესაჭედ.
დანარჩენი ადგილზე გასაუბრებით.

P.S. სავალდებულო მოთხოვნებს ემატება ბლუტუსის ქონა 24/7 ON რეჟიმში


რაც შემეხება მე:

სქესი: მდედრობითი, მკაცრ ჰეტეროსექსუალურ ჩარჩოებში.

ვარ პროფესიით სიზმრების დამჭერ-მფილტრავი, სპეციალობით გულის ფიცარზე მკითხავი და იუთუბში ჩამხედი. უმაღლესი ჰუმანიტარული განათლებით, კათილშობილ ბუ-მე-რანგთა კოლეჯის კურსდამთავრებული. საჭიროებისამებრ ვიყენებ ხუთივე გრძნობას, ცხრა მუზას და შვიდივე ფერს. ასევე კარგად ვფლობ მეექვსე გრძნობას, მესამე თვალს და ულტრაბგერებს, ვლაპარაკობ ადამიანურ ენაზე (ზეპირი, წერა-კითხვა სრულყოფილად) ვიწრო წრეში ჩემს ენაზე. მორელიგიო მრწამსით - მოწყენილი გნოსტიკოს-დეისტი. ლიდერის თანაშემწის თვისებებით, ვარ რადიკალურად განწყობილი ანტისუფრაჟისტი, ”ბოზბაში თუ ჩიხირთმა” დილემის არწარმომშობი. გუნდური მუშაობის საყრდენი ბერკეტი, სამუშაო საათებში ჭორთმოძულე. ასევე მაქვს უნიკალური უნარი-შემიძლია სიზმრები გადმოვიტანო ცხადში და ცხადი სიმზრებში.

0 comments:

Post a Comment