Monday, December 28, 2009

დრო, როცა ყველა ფერადი იყო...


/Friday, June 20, 2008/


ბავშვობასთან დამაკავშირებელი ძაფები ნელ-ნელა და სათითაოდ წყდებოდა... სხვადასხვა მიზეზი იყო... საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არაერთხელ, მერე ავადსახსენებელი 90-იანი წლების ბრძოლა არსებობისთვის, მერე საკუთარი ინტერესები, რომელიც დიდი მანძლით გასცდა ბავშვობის მეგობრების ინტერესების სფეროს და ესე ნელ-ნელა განიდევნა ის სილაღე, სიხარული და უზრუნველობა, რაც ყველა ბავშვის ცხოვრების გამაერთიანებელი რგოლი იყო იმ დროს, როცა ურთიერთობები პირდაპირი და უშუალო იყო და რაც მთავარია რეალური. გართობა-თამაშებიც რეალური იყო: რეზინობანა, წრეში-ბურთი, შვიდქვიანა, ომობანა, კლასობანა და ა.შ.
ჩვენი სახლი ხუთსართულიანი იყო. წითელი აგურით ნაშენები კორპუსი. წინ დიდი ეზოთი და უამრავი ბავშვით.
კორპუსის ქვემოთ პოლიკლინიკა იყო, რომელიც ქუჩის მხარეს გადიოდა. მის წინ ყოველთვის ბევრი ხალხი და მანქანა მოძრაობდა. ეზოს მხარეს კი პირველ სართულზე, ჩემი სადარბაზოს გვერდით ორთოპედიული სტომატოლოგიური კაბინეტი იყო, საიდანაც მუდმივად ბურღის ხმა და სპეციფიური სუნი გამოდიოდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სტომატოლოგიურ კაბინეტებში დგას, უფრო სხვანაირი, ალბათ კბილების გამოწვის.
ყველაზე ცხადად ჩვენი სადარბაზოს სუნი და მწვანე საფოსტო ყუთი მახსოვს... #42 ეწერა ჩვენსას. ყოველ კვირა სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ყუთის გამჭვირვალე ძირში, "ნორჩი ლენინელი" და "დილა"...
თორმეტი წლის წინ ვიყავი ჩემი ბავშვობის ქალაქში პირველად მას მერე, რაც იქედან წამოვედით.
95 წელი იყო. სიცივის, უშუქობის, უარაფრობის წელი. ვიყავი და კიდევ უფრო მეტად დავშორდი ბავშვობას. ისეთი სიჩუმე იდგა კორპუსის ირგვლივ და ისეთი სიშავე მოსჩანდა ყველა ფანჯრიდან თითქოს ცარიელი, უსიცოცხლო კედლები აღმართულიყვნენ. სტომატოლოგიური კაბინეტიც გაპარტახებულიყო და ბათქაშჩამოყრილი კედლების ამარა დარჩენილიყო. ალბათ ერთი საათი ვიჯექი ეზოში, იქ სადაც კორპუსის ბავშვების მამები ნარდს თამაშობდნენ ხოლმე. ამ ხნის განმავლობაში ვერცერთი ბავშვი ვერ დავინახე გარეთ, ერთ მანქანასაც კი არ გაუვლია რომ რაიმე სიცოცხლის ნიშან- წყალი დასტყობოდა იქაურობას. მერე ჩემი სადარბაზოსკენ გავემართე და შესასვლელში, სადაც კლასობანას ვთამაშობდით, ზუსტად ისევე იყო ორი ფილა აყრილი და ერთი კუთხეში წვერწატეხილი, როგორც ადრე. შევჩერდი, გამახსენდა რომ ოთხი ფილის გამოტოვებით ვახტებოდი ხოლმე სათამაშო "პოლიგონს" და გადავხტი... გამომივიდა...:)
სადარბაზოში რომ შევედი, ისევ ის სიგრილენარევი სუნი მეცა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ სულ იდგა. მარჯვნივ გავიხედე და კედელზე თავდაყირა დაკიდებული მწვანე საფოსტო ყუთი დავინახე, რომელსაც ისევ ჯიუტად ეწერა 42 და რომელიც ალბათ ათეული წელი იყო არ გახსნილიყო. უკან მინდოდა გამობრუნება, მაგრამ მაინც გავაგრძელე კიბეებზე ასვლა და აი ისევ ისე, როგორც ადრე, მეხუთე საფეხურის ამომტვრეული ნაწილი მომხვდა თვალში, რომელსაც არც სიღრმე მომატებოდა და არც სიგანე, თითქოს თავიდანვე ისე იყო ჩამოსხმული... როგორც იქნა ავედი მეორე სართულზე და ჩემი კარების წინ შევჩერდი, გული გამიჩერდა ლამის. კარები მაინც გამოეცვალათ ან ზარი. დავრეკე ზარი და ალბათ რაც კი ოდესმე ამ კარზე დამირეკავს, ყველამ ერთად დარეკა. ვერც უკან მოვდიოდი და გულშიც ვნატრობდი ნეტა კარი არავინ გამიღოს მეთქი. ცოტა ხანში საკეტის ჩხაკუნი გავიგე და კარი ვიღაცა ქალმა გამიღო. ძალიან მინდოდა შესვლა და დათვალიერება, მაგრამ ვერ გავბედე, რა მეთქვა ისიც არ ვიცოდი და ბოლოს რაღაცა ამოვილუღლუღე, ამ სახლში ესა და ეს გვარი ცხოვრობდა და ხომ არ იცით სად გადავიდნენ-მეთქი. აბა მე რა ვიცი შვილო, მას მერე სამი პატრონი გამოიცვალა ამ სახლმა და შენ რომელზე მეკითხებიო. სულ პირველად ვინც ცხოვრობდნენ-მეთქი. ქალმა მხრები აიჩეჩა, გვერდით დააკაკუნე, შეიძლება იმათ იცოდნენო და დამემშვიდობა. რა თქმა უნდა აზრად არ მომსვლია გვერდით დაკაკუნება და წამოვედი. წამოვედი და გზაში ვფიქრობდი რა იქნა ის ამდენი ბავშვი, ვისთანაც ერთად მატარებლობანას ვთამაშობდი და ფიჩხის კონებს ვაგროვებდი ჭიაკოკონობისთვის . თან ყველაზე დიდი ჭიაკოკონა ჩვენი კორპუსის წინ ენთო ხოლმე, სხვა უბნებიდან მოდიოდნენ სანახავად...
მასე მერე აღარ ჩავსულვარ იქ და ის ბავშვებიც დავიწყებას მიეცნენ ნელ-ნელა.
ეს რამოდენიმე დღეა ამ ძველ ძაფის წვერებს წავაწყდი... ალბათ დიდი ხანია ესე არაფერი გამხარებია...
P.S მიყვარს ინტერნეტი...

0 comments:

Post a Comment