Wednesday, December 30, 2009

Late night train



დილის რიჟრაჟი ღამის შემღვრევას იწყებდა. თბომავლის ყვირილმა გვიანი შემოდგომისთვის დამახასიათებელი ნაცრისფერი არემარე შეარხია და დროში გაშეშებული ბაქანი გამოაცოცხლა. კანტი-კუნტად გამოჩნდნენ ლოდინისგან დაღლილი მგზავრები, თითქოს მიწამ უეცრად ხავსი გადაიძროო, სოკოებივით ამოჰყვეს თავები. ვაკვირდებოდი მგზავრებს, მაგრამ სიხარული ვერც ერთი მათგანის სახეზე ვერ შევნიშნე. ერთადერთი, რაც ყველას სახეზე ეწერა, სიჩქარენარევი დაღლილობა იყო, ცდილობდნენ რა, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ წუხანდელ თავზე დათენებულ ღამეს და დროის სპორებისგან დაობებულ სადგურს.
ხელი ჩამკიდა და შემომხედა. არაფერი უკითხავს. თვალებში ჩავაშტერდი რამოდენიმე წამით, თითქოს რაღაცას ვეძებდი. გუგები გაჰფართოვებოდა და გუგებს შიგნით კითხვის ნიშანი მოუჩანდა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ვაგონებისკენ გავიქეცით. ვაგონში ჩაგუბებულმა სითბომ ძვალ-რბილში დამიარა. ცხვირში რელსების საცხის სუნი მეცა და გაურკვეველი წარმოშობის ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა. ეტყობა მოულოდნელმა სითბომ და საცხის სუნმა ღრმა ბავშვობაში განცდილი შეგრძნება ამოატივტივა, როცა ბებიასთან მივემგზავრებოდი ხოლმე მატარებლით.
გამცილებელმა კუპემდე მიგვაცილა და გვითხრა რომ ვაგონ-რესტორანი მხოლოდ ორი საათის შემდეგ გაიხსნებოდა. ბარგი საჩქაროდ მივაგდეთ და ქურთუკები გავიხადეთ.
-რა ვაკეთოთ ვაგონ რესტორნის გახსნამდე, გინდა დავიძინოთ.?-მკითხა.
-არა, თავი ჩამიდე კალთაში და თავწამოყოფილ წვერებს დაგაწიწკნი სათითაოდ და თან ჩავუთქვამ "ლუბიტ ნე ლუბიტ", რომლის ამოწიწკვნაც ყველაზე ძალიან გეტკინება იქ შევჩერდები და რა სიტყვაც დაეთხვევა, მერე ისე ვიმოქმედებ. თუ ნე ლუბიტ-ს დაემთხვა ვაი შენი ტყავის ბრალი- გაწვალებ მთელი გზა.
-შენ ისეთი ოხერი ხარ, შენ რასაც გინდა იმას დაამთხვევ. -გაეცინა. - შეეშვი ჩემს წვერებს, მოდი წამოვწვეთ და ჩამეხუტე.
-ვერ მოვისვენებ ხო იცი ეგრე, გიღუტუნებ ან გაწვალებ, ამიტომ ჯობია შენ დაჯექი, მე თავს ჩაგიდებ კალთაში და რამე წამიკითხე. ამასობაში ორი საათიც გავა.
-კარგი.
კარზე კაკუნი გაისმა. სახელური ჩამოვწიე და კუპის კართან გაჯგიმული გამცილებელი შემეფეთა მდაბიო, დაბლა დაშვებული თვალების კუთხეებით და თუთუნისგან გაყვითლებული ბოლოებაპრეხილი ულვაშებით.შევხედე და რატომღაც მომეჩვენა, რომ ჰუსარს უფრო ჰგავდა, ვიდრე რკინიგზის მუშაკს.
-თქვენი ბილეთები თუ შეიძლება-საკუთარი ღირსების გადამეტებული გრძნობით შემოგვძახა.
მე მას გადავხედე.
-ბილეთები არ გვაქვს-უპასუხა.
-როგორ თუ ბილეთები არ გაქვთ?-წარბები აქაჩა "ჰუსარმა"
-აი ეგრე! ჩვენ უბილეთო მგზავრები ვართ. ჩვენ არსად, არასოდეს, არ გვჭირდება ბილეთი!
-სამაიმუნოდ არა მცალია, მაჩვენებთ თუ არა ბილეთებს! წინააღმდეგ შემთხვევაში... - აქ უცბად სიტყვა შეაშრა პირზე და მზერა სხვა რამეზე გადაიტანა. მე თვალი გავაყოლე მისი მზერის ტრაექტორიას და წითელ თუმნიანებთან და ერთ ბოთლ სტალიჩნაიასთან დავიჭირე.
თვალები სიხარბით ავსებოდა და უსაფუძვლო ღირსების გრძნობაც წინა ღამის სიზმარივით გაჰპარვოდა.
-ჰო კარგი, კარგი, გაგიჟდება კაცი! ამდენი ფული აქვთ და ბილეთის ყიდვა ეზარებათ-ბურტყუნებდა თავისთვის.
-დაზარება არაფერ შუაშია ძяძя, ჩვენ უბრალოდ უბილეთო მგზავრები ვართ-გავუმეორე ხალისით.
-სად ჩადიხართ?-იკითხა გასვლისას.
-ჯერ არ ვიცით, სადაც ფეხები თავისით ჩავლენ.
-ხაბაროვსკამდე არსად არ გაჩერდება და დანარჩენი თქვენ იცით.
-ძალიან კარგი თუ არ გაჩერდება.-გავიღრიჭე.
"ჰუსარმა" მხრები აიჩეჩა და კეთილი მგზავრობა გვისურვა.
როგორც კი გავიდა, ჩახუტების სურვილმა შემიპყრო და ისე მივვარდი ასე მეგონა ახლა თუ არ მივუსწრებდი, კუპის იატაკიდან ჩაძვრებოდა ძირს და რელსებში დამეკარგებოდა.
გული რომ ვიჯერე, სავარძელზე მოვკალათდი, თავი მუხლებზე დავადე და წიგნის კითხვის მოსასმენად გავემზადე.
-ტაკ, ესე იგი ვიწყებთ-ომახიანად დაიწყო-"ჩაპაევი", ვიქტორ პელევინი,
-რაა?-უცბად გიჟივით წამოვხტი.-რა ჩაპაევი! რის პელევინი!
-ხო რა იყო, რა არ მოგწონს?-მკითხა და უცბად სიცილი აუტყდა.
-თუ გინდა დამაძინო სპეციალურად და მერე ვაგონ რესტორანში მარტო გაიპარო, კი ბატონო, წამიკითხე, ოღონდ ნელა და გამოთქმით.
-ჰო კარგი, ვითომ მჯერა, რომ გჯერა, პელევინს გიკითხავდი. მოდი არ გვინდა არაფრის წაკითხვა, ჩამეხუტე, გავჩუმდეთ და ბორბლების რახრახს ყური მივუგდოთ-მითხრა და თავისკენ მიმიზიდა.
მოვეხვიე და თავი მკერდზე დავადე. გული და მატარებელი ერთი რიტმში ამოძრავდნენ.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე ან როდის ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე კარგად გათენებულიყო. ფანჯარა ჩამოვწიე. კუპეში შემოჭრილმა დილის ცივმა ნიავმა საბოლოოდ გამომაფხიზლა. ახალი დღე იწყებოდა...

0 comments:

Post a Comment