Monday, December 28, 2009

მგელი და ხმა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მგელი. ეს არ იყო ჩვეულებრივი მგელი, ჩვეულებრივი მგელი რუხია, ბანჯგვლიანი და ბოროტი სისხლისფერი თვალები აქვს. ეს კი დიდი, თეთრი, ლურჯთვალა მგელი იყო. მგლისთვის შეუფერებელი კეთილი თვალები ჰქონდა და თვალებში სიყვარულის, სიძულვილის, სილაღისა და სევდის ნაკვალევი ეტყობოდა. დიდი ხანია მარტო დადიოდა, იმიტომ რომ რუხ მგელთა ხროვაში თავს უცხოდ გრძნობდა და თავისი კეთილი თვალების რცხვენოდა.
სხვა კეთილთვალებიანი მგლები ცხოვრების გზაზე ნელ-ნელა ეცლებოდნენ ხელიდან და ბოლოს, მარტო საკუთარი თვალების ამარა რომ დარჩა და ისეთი აღარავინ ეგულებოდა გვერდით, ვის თვალებშიც მისი თვალების ანარეკლს დაინახავდა, შესძულდა ისინი და გადაწყვიტა, ძალით დაეხუჭა. მაგრამ ბოლო წუთს მიხვდა, რომ თავისი დახუჭული თვალების გარდა ვერაფერს წაიყოლებდა იმ ქვეყნად და ამ განზრახვაზე სამუდამოდ აიღო ხელი.
მას მერე დაიწყო ხეტიალი ტყესა და ღრეში, ბარსა და მთაში, წყვდიადსა და ნათელში, მაგრამ ვერსად მიაგნო იმ ადგილს, სადაც დაჯდებოდა და სულგანაბული მოუსმენდა ჭრიჭინების სიმღერას, სადაც სამყაროს სხვა ხმები მისი ყურისთვის დახშული იქნებოდა და მხოლოდ ამ სიმღერით შეივსებდა დაცლილ სულს, მხოლოდ ამ სიმღერით მოიშორებდა თავისი თვალებიდან სევდისა და სიძულვილის კვალს, მაგრამ ამაო იყო ყოველი მისი მცდელობა, იმიტომ რომ ყველგან სადაც კი ჩამოსაჯდომ ადგილს ნახავდა, სამყარო მაინც თავის ქაოტური ხმების ექოში ახვევდა და ის სიმღერაც მისი სმენის მიღმა იკარგებოდა.
ასე გრძელდებოდა წამები, წუთები, დღეები, კვირები, თვეები, წლები, სანამ ერთი ძალიან ჩვეულებრივი დილა არ გათენდა. ჩვეულებრივი იმიტომ იყო, რომ მამალსაც თავის დროზე ეყივლა სამჯერ, გამაღიზიანლებლად პუნქტუალურმა მზის სხივმაც რვა წუთში დაადგა ფეხი მიწას, ღამემაც თავისი სათქმელი თქვა და ვარსკვლავები გამოსაძინებლად წაასხა და ჰაერიც ისევე აივსო უხილავი ”შავ-თეთრი” უჯრედებით. ამ დილამაც სრულიად შეუმჩნევლად გაუცვალა ადგილი ასევე ჩვეულებრივ დღეს, დღემ - საღამოს და საღამოც ასევე ჩვეულებრივად ჩაიფერფლებოდა ღამეში, სრულიად უცხო ხმას რომ არ გაერღვია სიბნელე და ბეწვის ხიდზე ჩუმად მოსუნსულე კეთილთვალებიანი მგელი ადგილზე არ შეეჩერებინა.
-გამატარე მგელო! -ექოსავით გაისმა უცხო ხმა და მგელმა შენიშნა რომ ეს ხმა ყველა სხვა ადრინდელისაგან განსხვავებით არ აღიზიანებდა.
-ვინ ხარ, რომ ვერ გხედავ!-გაეპასუხა მგელი.
-როგორ დამინახავ შენ ხომ სამყაროს მარტო შვიდ ფერში ხედავ.
-აბა შენ რაფერი ხარ?-გაიოცა მგელმა.
-შენ თვითონ მიხვდი მგელო!
-მე როგორ მივხვდე, რაფერი ხარ, როცა ვერც გხედავ და ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ.
-ფერის დანახვას რად უნდა თვალები მგელო, ფერს უნდა მოუსმინო და მაშინ დაინახავ. თვალებით კი მარტო შვიდ ფერს ხედავ და ვერც მე დამინახავ.
-აბა როგორ დაგინახო მაშინ?
-მისმინე მგელო და მერე დამინახავ.
-კარგი მოგისმენ, იმ შემთხვევაში თუ დამეხმარები.-უთხრა მგელმა.
-რითი შემიძლია დაგეხმარო?
-ისეთ ადგილას წამიყვანე, სადაც წყვდიადი ყველაზე ნათელი იქნება, სადაც სიცივე ყველაზე თბილი, სადაც სინესტე ყველაზე მშრალი, სადაც შავი ყველაზე თეთრი , სადაც ქვესკნელი ზესკნელი იქნება, სადაც ჭაობი - ედემის ბაღი. სადაც მარტო ჭრიჭინებისა და ჩემი გულის ხმას მოვუსმენ, სადაც სხვა, ვერც ერთი ჩქამი ჩემს ყურამდე ვერ მოაღწევს.
-სადღა წაგიყვანო მგელო, შენი ფეხით მოსულხარ ამ ადგილამდე-ისევ გაარღვია სიბნელე უცხო ხმამ.
-ეს ის ადგილია?-გაიკვირვა მგელმა და დაამატა - მე რომ ვერაფერს ვგრძნობ ჯერ და არც სიმღერა მესმის!
-რა სულსწრაფი ხარ კეთილთვალებიანო! ჩამოჯექი აქვე, გულის გარდა ყველაფერი დახუჭე და ნელ-ნელა გაიგონებ შენი გულის რითმზე როგორ აეწყობა ის სიმღერა, რასაც ამდენი ხანია დაეძებ. მეც აქვე ჩამოგიჯდები და სიმღერას ვუდარაჯებ და მანამდე არ გაიგონებ ჩემს ხმას, სანამ იმ სიმღერით არ აივსება ჰაერი, იმიტომ რომ მერე აღარ დასჭირდება ჩემი დარაჯობა, აღარსად წავა. ოღონდ დაიმახსოვრე მგელო, ძალიან მაღლა ვკიდივართ უფსკრულის თავზე, ერთი ზედმეტი მოძრაობა და წყვდიადი სინათლის ფერს დაკარგავს, სიცივე სითბოს, სინესტე სიმშრალეს, შავი თავის თავს დაუბრუნდება, ზესკნელი ქვესკნელად იქცვევა და ედემის ბაღი ყველაზე ღრმა ჭაობად.
-კარგი უცნობო თანახმა ვარ, ჩამოვჯდეთ, მივიღებ ამ პირობას, იმიტომ რომ არასოდეს, არაფერს შევუშინებივარ, არც ბარიერთან დამიხევია უკან, უფსკრულის პირთანაც ვმდგარვარ და ჩემსკენ მოშვერილ სიკვდილთანაც პირისპირ. არც ამ უფსკრულის მეშინია, მაგრამ კარგი, არ გავინძრევი, იმიტომ რომ შენც ჩემს გვერდით ზიხარ და შენც ჩაგიყოლებ. სანამ ეს სიმღერა ჩემი გულის რითმს აყვება, მანამდე ვისაუბროთ.
მაინც რა ფერი ხარ? -შეეკითხა ისევ მგელი, როცა შავად დაღებული წყვდიადის პირას ჩამოსხდნენ.
-ჩამოთვალე ფერები და გეტყვი რა ფერიც ვარ.
-მწვანე?
-არა, მწვანე არა ვარ, ძალიან მიწიერია.
-ლურჯი?
-არც ლურჯი, იმიტომ რომ ძალიან მორცხვია და გულუბრყვილო.
-ცისფერი?
-არა, ზედმეტად შორია.
-ნაცრისფერი?
-ეს ფერი არასოდეს ვიქნები ყველაზე მოსაწყენ წუთებშიც კი.
-წითელი?
-არც წითელი-ურცხვად შიშველია.
-შავი?
-არა, ყველაზე ბევრია.
-ყავისფერი?
-არა, მდაბიოა.
-ყვითელი?
- ტაკიმასსხარაა, ამიტომ არც ყვითელი ვარ.
-თეთრი?
-არც თეთრი ვარ, მოჩვენებითი სიმშვიდეა, სინამდვილეში სულისგამყინავად ცარიელია.
-აბა რა ფერი ხარ იისფერი?-მოთმინებადალეული ინტერესით კითხა მგელმა.
-არა, არც იისფერი, ბავშვობაში ვიყავი იისფერი, როცა სულ თბილოდა. ახლა მე თვითონაც არ ვიცი რაფერი ვარ, იმიტომ რომ მცივა და სიცივეში ფერს ვკარგავ.
-გინდა ფერი დაგიბრუნო, იმის სანაცვლოდ შენ რომ ამ ადგილას მომიყვანე? - ჰკითხა მგელმა.
-ძალიან მინდა მგელო, მაგრამ მეშინია.
-რისი გეშინია უცნობო! გაგათბობ და ფერიც დაგიბრუნდება.
-სწორედ იმისი მეშინია მგელო, რომ გამათბობ და რომ გავთბები, გაფვართოვდები და ამ ბეწვის ხიდზე ვეღარ დავეტევი, შენც შეგავიწროვებ და ორივე ქვემოთ აღმოვჩნდებით.
აქ უცბად მგელი გაჩუმდა და გაოცებულმა წამოიძახა:
-უცნობო სიმღერა გამოჩნდა, სიმღერას ვხედავ და შენც გხედავ ბუნდოვნად შიგნით. ახლა ვიცი რაფერიც ხარ, შენი ფერი მესმის! შენი ფერი! შენ ამ სიმღერის ფერი ხარ ოღონდ ძალიან მკრთალი ფერი! გადააგდე შიში, მოდი ჩემთან, ჩაგეხუტები, გათბები და უფრო მკვეთრად გამოჩნდები სიმღერაში!
-არა მგელო, უკან უნდა დავბრუნდე და სიმღერის ფერიანი ჩემს სამყაროში ვერ გამოვჩნდები, იმიტომ რომ ყველა ჩემსკენ გამოიშვერს ხელს, ეს რა უცნაური ფერის ყოფილაო და დამშლიან შვიდ ფერში.
...ძალიან დიდხანს ილაპარაკეს მგელმა და ხმამ. მგელს აღარ უნდოდა უცხო ხმის გაშვება, უსმენდა მის ხმას და ასე ეგონა ეს ხმა მისი გულიდან ამოდიოდა. მაგრამ სიბნელე თავის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა და ხმაც უნდა დაბრუნებულიყო თავის სამყაროში.
-გამიშვი მგელო, სანამ ინათებს უნდა დავბრუნდე, არ მინდა ვინმემ შემამჩნიოს.
-მგელი ხმას არ იღებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ პირი ჰქონდა გამშრალი და სიტყვებს ვერ აწებებდა ერთმანეთზე.
უეცრად სიმღერა შეწყდა და მგელმა როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-რატომ ვეღარ მესმის უცნობო სიმღერის ფერი?
-იმიტომ რომ ჩემი სამყაროს ფერიდან წამოსულმა ტალღებმა ჩაახშო და ახლა უკვე ნამდვილად უნდა დაგემშვიდობო.... მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის? რაც გინდოდა ის ხომ დაინახე, იმას ხომ მოუსმინე? და რაც დაინახე და მოუსმინე იმან ხომ გაგაცოცხლა?
....სიჩუმე ასეთი აუტანელი არასოდეს ყოფილა. იმდენად აუტანელი იყო, რომ მგელმა ინატრა ისევ იმ სამყაროს უხეში ხმები გაეგონა, ოღონდაც ამ სიჩუმეს არ გაეხვრიტა მისთვის ყური.
-თუ მიდიხარ, წადი! - წვრილად დაბზარულ ნაწილაკებად დაიშალა მგლის ხმა წყვდიადში.
-მაპატიე მგელო - ერთი ნამსხვრევიც შეერია დაბზარულ ნაწილაკებად დაშლილ ექოს და უცხო ხმაც სიბნელის უკანასკნელ წუთს გაჰყვა.



პრე ისტორია


გარიცხული ხარ თემიდან თეთრავ! - გაახსენდა ეს ავადსახსენებელი სიტყვები და სიბრაზისაგან ყბა ყბას წაჰკრა, ბელადის სიავისაგან აელვარებული თვალები რომ წარმოიდგინა.
ვერასოდეს რიგდებოდნენ. ბელადი მეტოქეს ხედავდა მასში და მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ სახიფათო მდგომარეობაში არ ჩაეგდო. რთულ დავალებებსაც ყოველთვის მას აძლევდა, ამით ორ კურდღელს იჭერდა - იცოდა რომ ის საქმის უბადლო შემსრულებელი იყო და თუ რამე ხიფათს მოიწევდა, უვნებლად და ავტორიტეტშეულახავად ჩამოიშორებდა მეტოქეს. ფარული შუღლის საგანი კი თვალცრემლიანი შედგებოდა ხოლმე პატარა გორაკზე და გულისმომკვლელად ევედრებოდა მთვარეს, უვნებლად დაბრუნებულიყო მისი გულის საიდუმლო მიჯნური.
...უცხო ტომისა იყო და ხროვაში ყველაზე ლამაზი. აკი ბელადმაც ამიტომ აირჩია მთავარ მეწყვილედ. თავადვე გამოზარდა და გამოწვრთნა, როცა ნახევრად დაფლეთილი იპოვა სხვა ერთიანად განადგურებულ ხროვის ნარჩენებში. მაშინ პირველად დაარღვია დაუწერელი კანონი - ოჯახში უცხო არ გაეჭაჭანებინათ, მაგრამ არსებობისთვის ბრძოლაში გაქვავებულმა გულმა ვერ გაუძლო ულამაზესი პატარა არსების ტანჯვით სავსე მავედრებელ მზერას და სწორედ იმას დაავალა მისი წამოყვანა და მეთვალყურეობა, ვინც შემდეგ მოზიარე გაუხდა საბედისწერო ვნებაში.
მას მერე გვერდიდან არ მოშორებია თეთრა ოჯახის ახალ წევრს, შეეძლო ნადავლი მისთვის დაეთმო და თვითონ შიმშილით ფერდებჩაცვენილს ეხეტიალა მთელი დღე. თუმცა იცოდა რომ ეს თავდადება და ერთგულება ამაო იყო, რადგან მისი აღზრდილი ბელადს ეკუთვნოდა და მოვიდოდა დრო, როცა მხოლოდ ბელადის მეწყვილის დავალებების შემსრულებელი იქნებოდა და არა სუსტი და დაუცველი არსების მეურვე. ერთადერთ ძალას და სიხალისეს ის აძლევდა, რომ გრძნობდა არც მომავალი დედოფალი იყო გულგრილი მის მიმართ, როცა გაურკვეველი სევდისაგან ჩამუქებულ თვალებში ჩახედავდა ხოლმე.
ერთ დღეს ერთი ასეთი ჩამუქებული მზერა ბელადმაც შეამჩნია და შეწყვილების დღე დააჩქარა. თეთრაც იმ დღიდან აითვალწუნა.
თემიდან გაძევებაზე მწარედ ახსოვს ეს დღე თეთრას, რადგან თუ თემიდან გაძევებით მხოლოდ ოჯახს მოსწყვიტეს, სადაც ისედაც ვერ პოულობდა იმ უბედური შემთხვევის შემდეგ ადგილს, ბელადის დაწყვილების დღეს მისი არსებობის აზრი ისე გაქრა, როგორც ხროვაშესეული საბრალო მსხვერპლი.
იმ უბედურ შემთხვევასაც მაშინ გაეთხარა საძირკველი, როცა ხროვის საყოველთაო ზეიმს გამორიდებულმა, საკბილოს დაუწყო ძებნა გამწარებით, სანამ ხეტიალ-ხეტიალში სოფელში არ აღმოჩნდა. საკბილოც უმალ შენიშნა - თავისი მოდგმის ყველაზე დიდი მტრის ნაშიერი, რომელიც უდარდელად დატყაპუნობდა გუბეში.
ერთი ნახტომი გახდა საკმარისი, რომ შიშისგან აღმოხდენილი ყვირილი ჩაეხშო. თვალზე და გონზე ლიბრგადაკრული გლეჯდა მსხვერპლს, სანამ თავი არ აიღო და მის წინ მდგარ, შიშისგან და უბედურებისგან გაოგნებულ თვალებს არ წააწყდა. ვერც ერთი იძროდა ადგილიდან და ვერც მეორე. მერე გაახსენდა თეთრას, რომ ასეთი თვალები მხოლოდ მაშინ ენახა, როცა ერთხელ ხროვის ერთ-ერთ წევრს შვილი მოუკლეს. ამის გახსენება და მისი ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. მხოლოდ კარგა ხნის მერე გაიგო სასოწარკვეთილი ღრიალი, რომელიც იქიდან ისმოდა, სადაც საკუთარ თავს და პრინციპს უღალატა - არასოდეს შეხებოდა ”მათ”.
გავიდა ხანი, მაგრამ თეთრას სულ უფრო და უფრო უწვავდა შიგნეულს უბედური მტრის თვალები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ არც დღე და არც ღამე. სიკვდილი უნდოდა და ამის გამო ბელადის ნებისმიერ დავალებას პირველი ეგებებოდა. ბელადიც არ სწყვეტდა გულს, რადგან მასაც თავისი მიზეზი ჰქონდა.
...
იმ დღეს გადაუღებლად თოვდა. საკბილო ძნელი საშოვარი იყო. შებინდებამდე სად აღარ იწანაწალეს. გამობრუნებას აპირებდნენ, რომ შორიახლოს სილუეტი შენიშნეს. ერთ-ერთი ”იმათგანი” იყო. ბელადმა თეთრა გაუშვა დასაზვერად. თუ მოიტანდა ამბავს, რომ ”ის” მარტო იყო და უიარაღო, მაშინ სამოქმედო გეგმაზე გადავიდოდნენ და ალყაში მოიქცევდნენ. თეთრა ისე მიუახლოვდა მსხვერპლს, რომ არ შეემჩნია მას.
როგორც კი იმ მანძილზე მიუახლოვდა, რომ კარგად შეძლებდა ყველა დეტალის გარჩევას, სამალავს ამოეფარა და შეხედა. შეხედა და უცბად ვერდავიწყებული თვალები შეეფეთა და თვალებთან ერთად ის ღრიალიც ჩაესმა სადღაც შორიდან, სულს რომ უმღვრევდა ყოველი გახსენებისას. მერე მზერა ქვემოთ ჩააყოლა და მხარზე გადაკიდებულ სიკვდილს მოჰკრა თვალი. უცბად გონებაში რაღაცამ გაჰკრა და უკან წამოვიდა ძუნძულით. ბელადს მოახსენა რომ მსხვერპლი მარტო იყო და უიარაღო.
მოქმედებაც დაიწყო. აზრზე მოსვლაც არ აცალეს ისე მოაქციეს ალყაში. თუმცა ეგრევე გაშეშდნენ, რადგან გასროლის ხმა გაისმა და ბელადმა დაინახა როგორ მოცელა ამ ხმამ მისი მეწყვილე-დედოფალი. ხროვის წევრები ვერც თავდასხმას ბედავდნენ და ვერც გაქცევას, სანამ თეთრამ ალყა არ გაარღვია, რომ არეულობა გამოეწვია და მსხვერპლისთვის - მისი ”სინდისისთვის” საშუალება მიეცა თავი დაეღწია უვნებლად.
...
ხროვაში დიდ ხანს ვერ ჩნდებოდა. იცოდა ბელადის რისხვას ვერ გადაურჩებოდა და დროის გასვლას ელოდებოდა, რომ ეს რისხვა შერბილებულად დასტყდომოდა თავზე.
სიკვდილი აღარ უნდოდა რადგან ანგარიში გასწორებული იყო - ბელადთანაც და საკუთარ სინდისთანაც. ამით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ამ გრძნობამ თავისი გამოუტირებული სიყვარულიც კი დაავიწყა, რადგან დანაშაულის გამოსყიდვა მსხვერპლს მოითხოვდა - ყველაზე საზარელ მსხვერპლს.
მიუხედავად იმისა რომ იცოდა ბელადი არ აპატიებდა ღალატს, ერთ დღესაც გამოცხადდა ხროვაში.
ერთსულოვანი გადაწყვეტილებით თეთრა თემიდან გააძევეს.

”მას მერე დაიწყო ხეტიალი ტყესა და ღრეში, ბარსა და მთაში, წყვდიადსა და ნათელში, მაგრამ ვერსად მიაგნო იმ ადგილს, სადაც დაჯდებოდა და სულგანაბული მოუსმენდა...........................................”

0 comments:

Post a Comment