Monday, December 28, 2009

"მტრედის მოტანილი ბარათი # 4"

 
თვალები ძლივს გაახილა... გაბრუებული იყო... 
წამოჯდა, დასიებულ სახეზე მოისვა ხელი. ოთახში ისეთი სიბნელე იდგა, რომ ცხვირთან მიტანილი ხელიც ვერ დაინახა...
ძილის წამალი თავისას შვრებოდა... იმდენად იყო მოთენთილი, თვალების ამოძრავებაც კი ეზარებოდა...

ყველანაირი წესით და კანონით არ უნდა გაეღვიძა... წამალი იმდენად ძლიერმოქმედი იყო, რომ ნახევარი ტაბლეტის დალევის შემთხვევაში მინიმუმ 8–10 საათს უგონოდ აძინებდა...
და ისევ ეს საშინელი რაღაც გრძნობა... გაურკვეველი... მაგრამ ნაცნობი... ნაცნობი იმიტომ, რომ უკვე რამდენი წელია აწუხებს... შიგნიდან ჩუმად ღრღნის გონებას...
რამდენჯერ დაფიქრებულა მშვიდ გონებაზე, ყველაფერი გადაუხედია... მაგრამ ვერც ამ გრძნობის გაჩენის მიზეზს და ვერც დროს ვერ მიაგნო... თითქოს ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ ჩუმ, ლატენტურ მდგომარეობაში და პერიოდულად სხვადასხვა ინტენსივობით ახსენებდა თავს... შემდეგ კი გაძლიერდა...

ძილის წამალიც მაგიტომ ჰქონდა დალეული... უკვე იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ აღარ აძინებდა...
ახლაც შეაწუხა... შეაწუხა კი არა გააღვიძა... არადა, მაგ წამლის მოქმედების ქვეშ წიხლი რომ გერტყა ვერ გააღვიძებდი... ეს რაღაც კი წიხლზე ძლიერი აღმოჩნდა...
თვალები ნელ–ნელა სიბნელეს შეეჩვია და ოთახში ავეჯის კონტურებიც გამოჩნდა... თანდათანობით უკეთ არჩევდა...
ძებნა დაიწყო...

რისი – თვითონაც არ იცოდა... მაგრამ ეძებდა...
თვალი ოთახს შემოატარა მთლიანად...
მაგიდა, სკამი და მასზე გადაკიდებული ტანსაცმელი არ იყო ის რაც უნდოდა...
არც წიგნების თარო...
არც სავარძელი...
არც მაგიდაზე დაყრილი კარტი...
ოთახი უკვე თითქმის მთლიანად იყო განათებული... მთვარეს ღრუბელი აღარ ეფარებოდა...
მთვარეს შეხედა... და შემდეგ... მზერა მარჯვნივ გადაიტანა...
ის გრძნობა გაქრა... ცხოვრებაში პირველად და საბოლოოდ...
სხვამ შეცვალა...

ყველაფერი ნათელი იყო... სულ ყველაფერი თავიდან ბოლომდე...
ის რაც ამდენი წელი აწუხებდა... რატომ, საიდან, რისთვის...
ეს ხომ სულ აქ იყო... ცხვირწინ... რამდენჯერ დაუნახავს, მაგრამ...
უკან ჩაემხო ბალიშში...
თითქოს გულზე ვიღაცის ხელმა მოუჭირა...
სხვა გრძნობა აწუხებდა...
ეს რაღაც ახალი იყო... და უარესად ღრღნიდა...
იპოვა რასაც ეძებდა... მაგრამ...
...გაითიშა... წამალმა მაინც თავისი გაიტანა...

ხოლო ის რამოდენიმე წამი იმ ძველი გრძნობის გაქრობიდან ახლის გაჩენამდე ალბათ ყველაზე საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში...

კედლიდან ახალგაზრდა ქალის გადიდებული სურათი იყურებოდა...

0 comments:

Post a Comment