Monday, December 28, 2009

(ღმერთო გმადლობ ამის გადალახვისთვის)

როცა რაღაც ძალიან გამიხარდება ან მეწყინება, გონებაში ტელეფონის ყურმილს წავავლებ ხოლმე ხელს, მაგრამ როგორც თავში დიდი ურო მოგხვდეს ისე მახსენდება რომ мне некому звонить და ცივად "ვკიდებ" ყურმილს. ...მაინცდამაინც ყველაზე ახლობელი, ყველაზე... რატომ?... ნებისყოფა შემიმოწმე თუ სიძლიერე? ტკივილი საჩუქარია ადამიანისთვის, აძლიერებს მისი გადალახვაო. მადლობელი ვარ, მაგრამ აღარ მინდა ბატონო მთელი ცხოვრება ერთი და იგივე საჩუქარი. ცოტა ხანი არ შეიძლება რომ დამივიწყო?... ჯერ ვინც გამზარდა, მთელი ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრების შუქნიშანი ისეთ დროს ამაცალე...იქედან დაიწყო ყველაფერი, რადგან აღარავინ იყო ისეთი ვის წინაშეც პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი და ვისი აზრიც ჩემთვის ეჭვშეუტანელი იყო...იმ ადგილას კიდე რამდენჯერ დამაბიჯე "კასტეტიანი" ტერფი...გასაგებია, ის კარგად იცი, რომ ერთი და იგივე მტკივან ადგილზე უწყვეტი ტკივილის მიყენება, იმ ადგილს აბუჟებს და უგრძნობს ხდის, მაგრამ უგრძნობს ხდის, ხომ არ კურნავს. უბრალოდ, ნეკროზს იწვევს და ეგაა რა...სულის ნეკროზი დამმართე... ყოველი მზის ჩასვლა-ამოსვლა თავის მოტყუებაა...ყოველდღე ერთი და იგივე უარაფრო დილა თენდება...რა იქნება ერთ დილასაც გავიღვიძო და ყველაფერი თავის ადგილას იდოს, თუნდაც დამტვერილი ან გაცრეცილი, გახუნებული, დახეული, გაბზარული, გატეხილი, დაშლილი, დაობებული ან ყველაფერი ერთად, ოღონდაც იდოს. გავიზარდე და კიდე ვერ მივხვდი, რომ ნივთების გადაადგილება არ მეხერხება, იმიტომ რომ მავიწყდება სად შევინახე და ვეღარ ვპოულობ ან უარესი, ხელებშივე მატყდება ხოლმე, სანამ ადგილს შევუცვლი. ალბათ გაფრთხილება არ იციო, მავანი მეტყვის, მაგრამ მე მგონია რომ უფრო ზედმეტად ვფრთხილობ და ხო იცი, ზუსტად მაშინ წამოედები რამეს, როცა ფეხაკრეფით დადიხარ. ყველაზე ტრაგიკომიკური კიდე ისე არის, რომ ზუსტად მაშინ გადავაწყდები ხოლმე ამ ჩემს უთავბოლოდ შენახულ ნივთს, როცა სხვა რაღაცას ვეძებ და ეს სულ აღარაფერში მჭირდება და მერე იმაზე მიწევს "ზრუნვა" სად წავიღო ისეთ ადგილას რომ თვალში აღარ მომხვდეს, რადგან გადასაგდებად ვერაფერს ვიმეტებ. ხარბი არა ვარ, უბრალოდ ყველა მათგანი იმ საღ თუ ჩატეხილ საფეხურს მახსენებს, რამაც აქამდე მომიყვანა და უკან რომ დამჭირდეს ჩასვლა, მინდა ვიცოდე სად არის საღი და სად ჩატეხილი, რადგან თუ ასვლის დროს ჩაგიტყდა რომელიმე, ბოლოსდაბოლოს შენს წინ მდებარე საფეხურს ჩამოეკიდები. ჩამოსვლისას კი თუ იგივე საფეხურზე დააბიჯე, ისე დაგორდები სული არ დაგყვება ძირამდე. ასვლა ჩამოსვლას და ამდენ ხლაფორთს ისევ ერთი ადგილი ტკეპნეო ვინმე რეალისტი მეტყვის...ხოოო.... აი მაგას უკანსვლა მირჩევნია, როცა იქნება ხო ჩიხამდე მივალ და იძულებული ვიქნები ისევ წინ წამოვიდე, ერთი ადგილის ტკეპნით კიდე მიწას ვერ გაცვეთ, მაგრამ შენ გაგიცვდება ქუსლები და ვეღარც წინ წახვალ და ვეღარც უკან...მოკლედ მინდა გავიღვიძო და ყველა ნივთი კი არა მე ვიყო თავის ადგილას.

თუმცა  რაც ხდება ყველაფერი კანონზომიერია გინდა გარეთ, გინდა შიგნით. ადამიანიც ხო ბუნების მიკრო მოდელია, ზოგჯერ ვყვავილობთ, ზოგჯერ ფოთლები გვცვივა, სულ ერთ სეზონზე ვერ ავეწყობით. ბიორითმი დაგვერღვევა. გაზაფხულის პირველი დღეების მოსვლა და სურნელი ისე ვერ გაგიხარდება თუ უკან უჟმური ზამთრის დღეები არ გამოაირე. კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად ეჩვევა თვალიც და გულიც. ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა, რომ თურმე სასწაულსაც ეჩვევა ადამიანი და რომ დავაფასოდ ამიტომ ქრებაო. ასე რომ wait for another miracle an' enjoy the moment", - თქო, მაგრამ ეხლა ლოდინიც გავათავისუფლე, აღარ ველი სასწაულს და აღარც მინდა. ძლიერი ადამიანები როცა, როცა საკუთარი ცხოვრების გააზრებას იწყებენ, ისეთ კითხვის ნიშნებს სვამენ, რისი პასუხისაც ეშინიათ.

ყველას ჩვენ- ჩვენი მშიშარა ტარაკანები გვყავს.

ადამიანი ხომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ანუ იმ დღიდან როცა საკუთარი პიროვნების შეგრძნება-გააზრებას იწყებს, ბრძოლობს ან საკუთარ თავთან ან სხვებთან. მთავარია შენს თავთან ბრძოლაში არ წააგო, თორემ სხვასთან ომში ხან "გაიცინებ" ხან "იტირებ". არასოდეს წამიგია სხვასთან, სამაგიეროდ ყოველთვის ვაგებდი საკუთარ თავთან, თან დიდი ანგარიშით. და ყოველი წაგებული ბრძოლა იყო კომპრომისი არსებულ რეალობასთან. ეს მედლის ერთი მხარე და მედლის მეორე მხარეს რაც შეეხება "მიყვარდა და ვუყვარდი- Carpe Diem" და ეს იყო მედლის მეორე მხარეს მჩქეფარე ცხოვრების ძირითადი ფონი.... შიში კი მედლის ორივე მხარის შემაერთებელი რგოლი იყო, რაც ხალისს უკარგავდა ყველაფერს. არადა ზოგჯერ სულ სულ პატარა ბიძგია საჭირო რომ ყველაფერი თავდაღმა ამოატრიალო. ვერასოდეს შევძელი ეს. ეხლა აღარც ეს მაინტერესებს.  

ვატყობ რომ ამ ბოლო წელიწადნახევარში საგრძნობლად გავიზარდე, ოღონდ ამ ბიოლოგიურ პროცესში ზრდის "ცუდი" ჰორმონები უფრო მეტია თუ "კარგი", ჯერ ბოლომდე არ ვიცი. ალბათ უფრო ცუდი, იმიტომ რომ ადრე ადამიანებს ტელესკოპით ვუყურებდი, ეხლა მიკროსკოპით. ცინიზმის, ნიჰილიზმის, სკეპტიციზმისა და მიზანთროპიის ბაცილა შემეყარა.  ადამიანების მიმართ ნდობა დავკარგე და სიყვარული. თუმცა ყველაფრის საღად შეფასების უნარი შევიძინე და აღარც მარტივად ვაწერ ადამიანებს არარსებულ თვისებებს. თუმცა მერჩივნა ისევ ის დავრჩენილიყავი რაც ვიყავი, რადგან უფრო ადამიანად ვგრძნობდი თავს ვიდრე ეხლა. ამ წელიწადნახევარმა იმ მხრივაც გამზარდა რომ არაერთ ძალიან დიდ ტკივილს გადამაბიჯებინა და ამან თავის მხრივ ძალიან დიდი ნაწილი წაიღო იმის რასაც ზოგადად გულით ვატარებდი.

0 comments:

Post a Comment