Tuesday, August 17, 2010

"უსახელო” ამბავი

მოგეხსენებათ რომ სკოლის ბოლო წლები აბიტურიენტობის წლებიცაა, აბიტურიენტობა კი მიჯნა - ერთი კარის გამოხურვასა და მეორის გაღებას შორის.

ჩემი „მიჯნა“ ისეთ ავბედით პერიოდს დაემთხვა, რომ ვერც ერთი კარის გამოხურვა გავიგე და ვერც მეორის გაღება. ხშირად ფეხითაც დავდიოდი რეპეტიტორებთან, როცა მეცხრე, მერვე თუ ოცდამეჩვიდმეტე ბლოკის ანგელოზი შემოსწყრებოდა ხოლმე ქალაქს და მეტროც ითიშებოდა.

იმ მუქ რეალობაში ძალიან ცოტა იყო საკმარისი, რომ თავი ბედნიერად თუ არა, თვითკმაყოფილად გეგრძნო. ეს „ძალიან ცოტა“ ჩემთვის აღმოჩნდა ერთი მაწანწალა ცალყბიანი ძაღლი, რომელსაც არ ვიცი ჩხუბის თუ თანდაყოლილი დეფექტის გამო ერთ მხარეზე ყბა ისეთი გამოჭმული ჰქონდა, რომ ენას პირში ვერ იკავებდა და მუდმივად გადმოვარდნილი ჰქონდა ცალი მხრიდან. გაბურძგნულ თავთან კომპლექსში ისეთი სასაცილო და საყვარელი შესახედაობის იყო, ოდნავი ზიზღის გრძნობაც კი არ გაგიჩნდებოდათ მისი დეფექტის გამო.

ანაგის ქუჩის ტერიტორიაზე დაძრწოდა. ინგლისურში ვემზადებოდი იმ ქუჩაზე და კვირაში ორჯერ მიწევდა ჩემი გაბურძგნული ”გუინპლეინის” ნახვა, რომელიც პირველივე დღიდან ამედევნა. თავიდან მხოლოდ კორპუსამდე მაცილებდა და მერე მიდიოდა. მას მერე რაც მისი გამოკვება ავიღე საკუთარ თავზე, აღარ მიდიოდა, სადარბაზოსთან მელოდებოდა და მერე იქიდან ისევ მაცილებდა მეტრომდე. ნახევარი წელი გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა.

ერთ დღესაც აღარ დამხვდა მეტროს ამოსასვლელთან და იქვე ვერც ვერსად მოვკარი თვალი. მზესუმზირის გამყიდველ ქალს ვკითხე და მიპასუხა, „რომელი ძაღლი შვილო, ის ქეციანი? - ეგ გუშინწინ მანქანამ გაიტანა, ჩემი თვალით ვნახე“ - და დაიწყო ტყუილ-მართალის ერთმანეთში არევა, რომ რაც შეიძლება მეტად ამჩუყებოდა გული.

გზა აღარ გამიგრძელებია, უკან გავბრუნდი სახლში...

დიდხანს მძულდა იმ ადგილას გავლა. მერე არდადეგებიც დაიწყო და ნელ-ნელა გადამავიწყდა.

აბიტურიენტობის მეორე წელს ისევ ვიპოვე „ძალიან ცოტა“ იმავე გზაზე, იმავე მეტროს ამოსასვლელთან - ერთი ძალიან სიმპატიური ქურთის ბიჭი (იმედია ქსენოფობიად არ ჩამეთვლება ასე მოხსენიება), რომელსაც პატარა დახლი ჰქონდა, სადაც თმის სამაგრებს და საყურეებს - უბრალო სხვადასხვა ზომის ფერად-ფერად რგოლებს, ყიდდა.

ყველა ავლა-ჩავლისას თვალს მაყოლებდა ღიმილით. მერე მეც ვუღიმოდი. ოღონდ არ ვესალმებოდით ერთმანეთს. ერთხელაც საყურის ყიდვა გადავწყვიტე და მივედი. (თუმცა რომ ვაღიარო, საყურე იმდენად არ მაინტერესებდა, რამდენადაც გამოლაპარაკება მინდოდა).

ისიც გაწითლდა და მეც. ფული არ გამომართვა. ვიუარე, ვივიშვიშე, უარესად გავწითლდი, ფეხები ვაბაკუნე, ვიბურტყუნე, ვილუღლუღე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ”მე მინდა რომ გაჩუქო”, - მოკლედ მომიჭრა და ისღა დამრჩენოდა, მადლობა გადამეხადა.

ფრთებშესხმული და რეტდასხმული წამოვედი. რას ვიფიქრებდი რომ ეს „მე მინდა რომ გაჩუქო“ პერმანენტულ ხასიათს მიიღებდა. მას მერე მომკრავდა თუ არა თვალს, გამოვიდოდა დახლიდან, დამიდგებოდა წინ უშველებელი ღიმილით და მაწვდიდა ერთ წყვილ საყურეს ან თმის სამაგრს. უარს აზრი არ ჰქონდა. კვირაში ორჯერ ახალ-ახალი საჩუქრით მივდიოდი სახლში. ზოგჯერ ერთიდაიგივეს მჩუქნიდა, მაგრამ ისე მიხაროდა, თითქოს პირველად ვხედავდი მსგავს ნივთს.

არასოდეს არაფერი უკითხავს, სახელიც კი. მეც მერიდებოდა კითხვების დასმა.

გულში „საყურეების ბიჭს“ ვეძახდი. ერთადერთი რასაც ვახერხებდი - გაწითლება, უხერხული გაცინება და მადლობა იყო. შევდგამდი თუ არა კიბეებზე ფეხს, სანამ დავინახავდი, გული ყელში მებჯინებოდა და საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი... მრცხვენოდა რომ მე ვერაფერს ვჩუქნიდი საპასუხოდ, თან მეც მინდოდა რამით გამეხარებინა და ერთხელ დედაჩემს მოვპარე (კინაღამ მომკლა) ახლად ნაყიდი დეზოდორი „პრინცი მაჩაბელი“ და ის ვაჩუქე. სულ არ მიფიქრია იმაზე რომ ქალის იყო.

რეაქცია ჰქონდა სასწაული, ჯერ ყველა ფერმა გადაჰკრა სათითაოდ, მერე ხელები აუკანკალდა და ერთადერთი რაც მოაფიქრდა მკითხა, რომელ კლასში ხარო. მადლობა კი სადღაც ბოლოში წაიბურტყუნა და ისე მიუბრუნდა თავის დახლს, რომ საყურის მოცემა დაავიწყდა და ეს იყო ერთადერთხელ ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში.

ისე დამთავრდა სასწავლო წელი, რომ ერთმანეთის ვინაობა არ გაგვირკვევია. საგამოცდო ციებ-ცხელება რომ დამეწყო, შესაბამისად ინგლისურზე სიარულსაც დავანებე თავი და ჩვენი ურთიერთობაც შეწყდა. მერე უნივერსიტეტი, პირველკურსელის რეჟიმი და ისევ გავიდა პირველი სემესტრი რომ ჩემი „საყურეების ბიჭი“ აღარ მინახავს, იქით აღარ მიწევდა სიარული.

საახალწლო არდადეგებზე გადავწყვიტე რომ მენახა.

პირდაპირ თავზე დავადექი...

ვერც მაშინ მოახერხა რამე ეკითხა. მთხოვა ცოტა ხანი არ წახვიდეო და ეს „ცოტა ხანი“ ისე გავიდა ხმა არ ამოუღია. მანამდე მითხრა, მალე სხვაგან ვიწყებ სამსახურს და აქ აღარ ვიქნებიო, მერე რაც კი მოხვდა, ორივე ხელით მოხვეტა დახლიდან საყურეები და თმის სამაგრები და გამომიწოდა. მეც დაუფიქრებლად გავუწოდე ხელები... და მაშინ პირველად, სულ პირველად შევხედე თვალებში... მოურიდებლად ჩავაშტერდი... უცბადვე მომარიდა თვალი. ძალიან მინდოდა რამე ეკითხა, თუნდაც მხოლოდ სახელი და გვარი ან თვითონ ეთქვა თავისი, ან სად იწყებდა მუშაობას ის მაინც, მაგრამ მარტო ის მკითხა ჩააბარე თუ არა გამოცდებიო...მერე მომილოცა და გაჩუმდა.

ცოტა ხანში მყიდველებიც მოვიდნენ და სანამ იმათ მიუბრუნდებოდა, მადლობა გადავუხადე და გამომშვიდობებისას ლოყაზე ვაკოცე...ხესავით გაშეშებული იდგა...


თვრამეტი წელი ისე გავიდა, აღარსად შემხვედრია. რამდენ ისეთ ნაცნობს გადავყრილვარ ქუჩაში, სულ რომ ერთხელ მყავდა ნანახი, მაგრამ მისთვის თვალიც კი არსად მომიკრავს, თუნდაც შორიდან.

დრომ თავისი ქნა. დროს ჩემს ცხოვრებაში განვითარებული მოვლენებიც დაერთო თან და ნელ-ნელა სულ გადამავიწყდა.


... გუშინ ქალაქის ერთ ბოლოში, სადაც ალბათ სულ ერთი-ორჯერ ვარ ნამყოფი, ბანკში მომიწია შესვლა. რიგი იყო და სკამზე ჩამოვჯექი. სალაროსთან ერთმა კაცმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ისიც იმიტომ რომ რამდენჯერაც გავხედე, დაჟინებით მიყურებდა.

ერთი ასეთი თვალის გაპარების დროს, უცბად რომ ადამიანს რაღაც გაუნათდება გონებაში და ეს სახეზე გამოესახება, ისე დაემართა - ბავშობის ღიმილი გაეშალა მთელ სახეზე და ამ ღიმილში ვიცანი საშუალო ასაკის შეჭაღარავებული და ოდნავ ღიპწამოზრდილი ჩემი „საყურეების ბიჭი“.

სიცილი ამიტყდა - მოულოდნელობით, სიხარულით და დღემდე გამოცანად დარჩენილი ”ნეტა როგორ მიცნოთი” გამოწვეული სიცილი.

როგორც ჩანს ჩემმა სიცილმა კიდევ უფრო დაუდასტურა ეჭვი, მომიახლოვდა და მკითხა:

- შენ „ის“ ხარ ხო?

- კი, მე ის ვარ ”ის“ - ვუპასუხე და ინსტიქტურად წავივლე ხელი საყურეზე. აღარ გავწითლებულვარ.

- როგორ ხარ....- წაბორძიკდა.

მივხვდი და შევაშველე:

- ნათია მქვია.

- როგორ ხარ ნათია? - ისე მკითხა თითქოს ამ „უსახელო“ თვრამეტმა წელმა ჩვენს შორის კი არა, სხვაგან ჩაიარა.


...აღმოჩნდა რომ მალევე წასულა მისი ოჯახი საქართველოდან. „კუპონიზაციის“ დროს გაუყიდიათ ყველაფერი და აბარგებულან. ერთადერთი დეიდა დარჩენია აქ, რომელსაც დაქვრივების მერე პატრონი აღარ ჰყოლია და მის წასაყვანად და საბუთების გასაკეთებლად იყო ჩამოსული.

მორცხვი და გულკეთილი „საყურეების ბიჭი“ გერმანიის მოქალაქე და ხუთი შვილის მამა ყოფილა. ისიც მითხრა რომ ჩემი ნაჩუქარი დეზოდორის დაცლილი ბალონი თან წაუღია. (ჰოი საოცრებავ რომ გული არ ამიჩუყდა).

შეგნებულად თუ ძველმა მორიდებულობამ შემახსენა თავი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გაცვლა-გამოცვლაზე სიტყვა არ დამცდენია. მისი რამოდენიმე მორიდებული კითხვაც ზრდილობიანად გადავატრანსფერე უმისამართოდ და ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა.

გამომშვიდობებისას ვუთხარი ერთი უპირატესობა გაქვს ჩემთან შედარებით, შენ ჩემი სახელი იცი-მეთქი.

-თემური მქვია ...თემურ ბროიანი - დაამატა პატარა პაუზის მერე და თან მითხრა თუ გინდა ეს უპირატესობა შენს მხარეზე დარჩესო...

...ჰოდა დავიტოვე.

„უსახელო“ თვრამეტი წელი ერთ წამში ჩათავდა.

2 comments:

Anonymous said...

გამაჟრიალა. მემშობლიურა ის დროც და გრძნობაც... ლამაზადაა აღწერილიც და დაწერილიც. ავტორს გვარი არ აქვს? მას და მის შემოქმედებას უნდა ვიცნობდეთ!!!

Anonymous said...

ავტორი მგონი ცხადი და ნათელია :)

Post a Comment