Thursday, August 19, 2010

ფანჯრებს მიღმა

იმ პერიოდის თბილისი უნდა გავიხსენო, საღამოს ექვსი საათის შემდეგ ყველაფერი რომ კვდებოდა და სიცოხლის ერთადერთი ნიშან-წყალი მაშინ ჩნდებოდა, როცა უპრაგონოდ წასული შუქი ასევე უპრაგონოდ მოდიოდა და თან მოჰყვებოდა ერთ მთლიან ხმოვნად ქცეული საერთო სიხარულის ღმუილი, ყველა სახლის ღრიჭოდან რომ ისმოდა და მერე სხვადასხვა შორისდებულად იშლებოდა.
ვცდილობდი ექვსს საათამდე მომესწრო მეცადინეობა, რადგან ლამფის შუქზე კითხვისას თვალები მეღლებოდა, თან მინდოდა ”ვილი ფოგისთვის” მიმესწრო, (თუ შუქი იყო) რომელსაც ტელეკომპანია ”მერმისი” უჩვენებდა დღეგამოშვებით. დენი როცა ითიშებოდა, ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვჯდებოდი და მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს ვუცქერდი.
მუნჯის კინოს გმირებს გავდნენ ამ ფანჯრებს მიღმა, ფილმის კადრებივით მოსიარულე ბინადარნი.
თითქმის ყველას ხასიათი შევისწავლე ჩემდაუნებურად ან მე თვითონ ვარგებდი როლებს და ხასიათებს.
ერთი აღმოჩენა გავაკეთე მაშინ - ჩვენ ვერც ვიგებთ ისე ვასრულებთ ყოველდღე ერთი და იგივე როლს, არადა ჩვენ თვითონ ხომ ხშირად არ გვახსოვს რას ვაკეთებდით ორი დღის, სამი დღის, ან ერთი კვირის წინ საღამოს 7 საათზე, თუნდაც რვაზე ან ძილის წინ? მაგრამ როცა შენ უყურებ სხვის ცხოვრებას თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე დროს, აღმოაჩენ რომ ადამიანები თითქმის არასოდეს ვარდებიან დროთაგანმავლობაში და თანდათანობით გამომუშავებული ჩვევების ნორმიდან. აი, მაგალითად, სადარბაზოს მარცხენა მხარეს, მეხუთე სართულზე სტუდენტი ბიჭი ცხოვრობდა ქირით, რომელიც მუდმივად ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, ან უბრალოდ ხმამაღლა ფიქრობდა. არასოდეს მინახავს მის სახლში სხვა სულიერს გაეჭაჭანებინოს. ყოველ საღამოს დაჯდებოდა სამზარეულოს მაგიდასთან, კიტრს გაფრცქვნიდა ან ვაშლს გაითლიდა, გადაშლიდა წიგნს და თან ჭამდა, თან კითხულობდა. თუ შუქი არ იყო, ფანრიან რადიოს მოიდგამდა გვერდით და მუსიკის თანხლებით მეცადინეობდა. არ მახსოვს ეს ”სცენა” დაერღვიოს ან ”დეკორაცია” შეეცვალოს.
მის ქვემოთ ერთი მძიმე წონიანი კაპასი ქალი ცხოვრობდა, რომელიც სიცოცხლეს უმწარებდა თავის ქმარ-შვილს და არა მარტო ქმარ-შვილს. გამუდმებით წყევლიდა და უყვიროდა ბავშვებს, ან გადმოკიდებდა უზარმაზარ მკერდს ფანჯრიდან და ხან რომელ მეზობელს ურჩევდა საქმეს მჩხავანა ხმით და ხელების ქნევით, ხან რომელს. ამით საღამოობით იცლებოდა უარყოფითი ენერგიისგან და მერე დამშვიდებული იწყებდა საოჯახო საქმეების კეთებას. უფრო ხშირად კი ქმრის ლანძღვით იყო დაკავებული, რომელიც, თავის მხრივ, ცოლის სუბლიმირებული ენერგიისგან თავის დაღწევას, ეზოში ნარდის ან დომინოს თამაშით ცდილობდა უბნის უსაქმურებთან ერთად ან არაყში ახრჩობდა საკუთარი უსარგებლობის (ცოლის თქმით) შეგრძნებით გამოწვეულ დარდს.
მესამე სართულზე ერთი ძალიან ლამაზი გოგო ცხოვრობდა - საეჭვო ყოფაქცევაში შემჩნეული, თუმცა მე პირადად მისი არც საეჭვო ყოფაქცევის მოწმე გავმხვდარვარ ოდესმე და საერთოდ, არც რაიმე ყოფაქცევის.
როგორ ახერხებდა ესე შეუმჩნევლად ცხოვრებას არ ვიცი. ყოველ საღამოს შვიდი საათისთვის გადახსნიდა ფარდებს, მერე სადღაც უჩინარდებოდა და შუაღამისას ისევ ხურავდა.
დანარჩენი მეზობლებიც ყოველდღიურ რუტინაში იყვნენ ჩართულნი.
სადარბაზოს მარჯვნივ მერვე სართულზე, ზუსტად ჩემს მოპირდაპირე მხარეს, სამუშაო დღეებში შუქი არასოდეს ინთებოდა, არც არავინ დამინახავს, მხოლოდ შაბათ-კვირას ანთებდნენ მქრქალ მოწითალო შუქს და ვხედავდი ახალგაზრდა ბიჭის ლანდს.
ერთ შაბათ საღამოსაც ეს ლანდი ფანჯარას აეტუზა. ვიგრძენი რომ ჩემსკენ ჰქონდა მზერა მომართული.
კვირა დილითაც იგივე განმეორდა.
ჩემი სათვალთვალო კორპუსი დაახლოებით იმ მანძილზე იყო რომ სახეებს კი ვარჩევდი, მაგრამ თუ ნანახი არ მყავდა პირადად, ეზოში რომ რომელიმე შემთხვევით შემხვედროდა, შეიძლება ვერც კი მეცნო. ეს ბიჭიც მომეჩვენა ასე ჩემი ასაკის სიმპატიურ ყმაწვილად.
ის შაბათი-კვირა რამდენი ხანიც ვიჯექი ჩემს სათვალთვალო პუნქტთან, ისიც იმდენ ხანს იყო თავის ფანჯარასთან აყუდებულ-აკრული. ფანჯრის მინაზე ჰქონდა მკლავი შემოდებული, ამ მკლავზე კი შუბლი მიეყრდნო და ისე შემოსცქეროდა ჩემს ფანჯარას.
ჰოდა მეც შემოვდე ჯერ მკლავი და მერე შუბლი. გაეცინა... მეც გამეცინა და პირველი კონტაქტიც შედგა.
მას მერე გავაბით ძალიან სახალისო ”უიკენდ” ფლირტი. ჩვენი სიმბოლოები და ნიშნები გვქონდა. ლოჯიაში მთლიანად გახსნილი ფარდები მანიშნებდა რომ უკვე სახლში იყო. თუ ფარდა მთლიანად ფარავდა ფანჯარას, ესე იგი არ იყო სახლში, თუ სანახევროდ იყო გადაწეული, ეს იმას ნიშნავდა რომ საცაა გამოჩნდებოდა ფლირტ-პოსტზე.
ჩვენი გამოგონილი ”მორზეს ანბანით” ვურთიერთობდით (ზამთრის პერიოდი დაემთხვა ჩვენს გაცნობას და ფანჯრებს არ ვაღებდით), ხელებით, მიმიკებით, ჟესტებით ვლაპარაკობდით და რასაც ვერ ვაგებინებდით ერთმანეთს, ფანჯრის მინაზე დიდი წარმოსახვითი ასოებით ვწერდით.
ისე გავიწაფე წერაში, რომ შეტრიალებული ასოებით და მარჯვნიდან მარცხნივ ვწერდი უკუღმა, რომ მას წაღმა წაეკითხა. მერე ისიც გაიწაფა და ჰაეროვან კოცნებთან ერთად უკვე გრძელ წინადადებებს მიწერდა: „დღეს ძალიან ლამაზი ხარ...“ „თმები გიხდება ეგრე...“ „როგორ ხარ...“ „დღეს რას აკეთებდი...“ და ა.შ.
მერე ურთიერთობა უფრო თამამ ფაზაში გადაიყვანა და ხშირად მახსენებდა: ნათია+გოგა= ისარგაყრილ <3... თუ მოხდებოდა ისე რომ შემაგვიანდებოდა ფანჯარასთან მისვლა, გატეხილ გულს და სხვა უკმაყოფილების გამოხატველ სიმბოლოებს მიხატავდა.
მოკლედ, ორივეს წარმოსახვითი გრაფიტომანია შეგვეყარა. მეც იმ ასაკში ვიყავი რომ ეს ყველაფერი სულაც არ მეჩვენებოდა ბანალურად და ასე მეგონა თითოეული დახატული გულში გარჭობილი ისარი, მე მერჭობოდა.
შაბათ-კვირას ოჯახის წევრებისთვის აღარ ვარსებობდი, რადგან დღისით ბლიც-ტემპში ვმეცადინეობდი, პარალელურად ლოდინის რეჟიმში ვიყავი და ნერვულად ვცმუკავდი. როგორც კი ფარდა სანახევროდ გადაიწეოდა, ფანჯრების მეტს ვერღაფერს ვხედავდი.
ასე გაგრძელდა მთელი ზამთარი.
მე და გოგამ ფანჯრებს შორის, უხილავი ფლუიდებით გაჯერებულ სივრცეში გამოვიზამთრეთ.
რა დასამალია და ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ მთხოვდა შეხვედრას, ან რატომ ვერ ახერხებდა იმის მოფიქრებას, რომ „შემთხვევით“ დამხვედროდა სადრბაზოსთან, როცა მაღაზიაში ან სადმე იქვე გავდიოდი. მეც არასოდეს მინახავს დაბლა ჩამოსული. მცდელობის მიუხედავად ვერასოდეს დავაფიქსირე მისი მოძრაობისა და მისვლა-მოსვლის გრაფიკი. როგორც ჩანს პარასკევს გვიან ღამით მოდიოდა და კვირას ისევ გვიან ღამით მიდიოდა ან დილაუთენია მიდი-მოდიოდა. თუმვა გულში ყოველთვის გამართლებას ვუძებნიდი - ალბათ ჯერ არ უნდა, ან ვერ იცლის, ან ჯერ კარგად არ მიცნობს და რცხვენია, ერთი სიტყვით, ათას აბდა-უბდას ვედებოდი.
ერთ დღესაც ჩამოვუგდე ამაზე სიტყვა. ხელებით ვანიშნე რომ ქვემოთ ჩავდიოდი და თუ სურვილი ჰქონდა ჩამოსულიყო. ჯერ ვითომ ვერ გაიგო რა ვუთხარი და მერე ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინა.
კიდე რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე ლაპარაკი და ისევ - ან მოიყრუა ყური ან გავიდა ცოტა ხნით და რომ შემოვიდა ისევ სხვა რაღაცეების ხატვა თუ წერა დაიწყო. მერე როგორც იქნა მითხრა, ძალიან მინდა შენი ნახვა, მაგრამ ჯერ არ შემიძლიაო. ერთ საღამოს ისევ ამ თემას მივუბრუნდი და ვუთხარი, რომ თუ ხუთი წუთით მაინც არ ჩამოვიდოდა ეზოში, ფანჯარაში ვეღარ მიხილავდა საერთოდ.
დიდი ყოყმანისა და „პრანჭვის“ მერე დამთანხმდა.
დედაჩემს გასვლისას გავძახე რომ ცოტა ხნით ეზოში ჩავდიოდი და კარი გავიხურე. უცბად ისევ გაიღო კარი, გამოვიდა დედაჩემი და ნაგვის ვედრო შემაჩეჩა ხელში, ბარემ ჩადიხარ და ჩაიყოლეო. უარი ვერ ვუთხარი და ჩავედი ვედროთი ხელდამშვენებული.
ის უკვე ეზოში დამხვდა. ჩემს სადარბაზოსგან მოშორებით იდგა. შებინდებული იყო და კარგად ვერ ვხედავდი. ერთი კი შევამჩნიე რომ უსაშველოდ გამხდარი იყო და სავარაუდოთ მხრებამდე მომწვდებოდა.
ღიმილით წამოვიდა და შემეგება. თავი მორცხვად დავხარე და სანამ აწევა და სახეზე შეხედვა მოვასწარი, მანამ უსიტყვოდ ჩამომართვა ვედრო, უცბად გატრიალდა და წინ გამიძღვა ჩქარი ნაბიჯით. მეც გავყევი მორჩილად, თან ფეხები უკან მრჩებოდა - აშკარად არ იყო ის, ვინც ჩემს წარმოსახვაში მყავდა წარმოდგენილი.
როგორც იქნა მივედით ნაგვის კონტეინერთან, (ამაზე უკეთეს ადგილს ვერასოდეს წარმოვიდგენდი პირველი პაემნისთვის) ერთი ხელის მოწყვეტით გადაცალა ნაგავი და ღიმილით შემომიტრიალდა...
შემომიტრიალდა და იქ მეცა პირკატა - პირწავარდნილი ”ბანდიტი აგურის ქარხნიდან”.
(ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა ამბობენ კაცს სილამაზე არ სჭირდებაო, ან უკბილო ხუმრობოთ ნათქვამი ”კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოსო”. ეს იყო დაახლოებით 35 წლის ”WANTED” ტიპაჟი, ძალიან უსიამოვნო შესახედაობითა და გამომეტყველებით.)
სახე ისე ჰქონდა ნაყვავილარი რომ ეპიდერმისი თავისთავად და დერმაც კი შეჭმული ჰქონდა. ისეთი მეჩხერი ღიმილით გამიღიმა, რომ კინაღამ მუხლი მომეკვეთა. ხმა ამოიღო და ჯობდა ისევ ღიმილის გამო მომკვეთოდა მუხლი. ასე მეგონა გამოცვალეს.
-”გინდა მოგიტაცო?“ - მკითხა და გაიკრიჭა.
”პასუხს” არც დაელოდა ისე გააგრძელა:
-ეხლა პირობითზე ვარ... ეს ერთი წელი დამრჩა, იმიტომ ვარ აქ მარტო შაბათ-კვირას, მერე სულ გადმოვალ.
(”როგორ გამახარე”)
- რა დააშავე? - თან შიშით ვკითხე და თან უინტერესოდ.
- ”ძაღლი” ვცემე კუმისში (დანარჩენი დღეები იქ ცხოვრობდა თურმე) და მერე მეზობლის ბინის ქურდობა შემტენა - მიპასუხა და ისევ გაიკრიჭა.
ჩვენი საუბარი უფრო საინტერესოდ აღარ წარმართულა. ისეთი დაბნეული და იმედგაცრუებული ვიყავი რომ ნაგვის ვედროც კი მას შევატოვე.
მომდევნო შაბათ-კვირას ჩემს ფანჯარას აღარ გავკარებივარ და მას მერეც ოთახში ”უკანა სვლით” დავდიოდი რომ შემთხვევით არ გამეხედა მისკენ.
რამდენჯერმე კი მოვკარი თვალი ჩვეულ პოზაში, ფარდასაც ისევ სანახევროდ გადასწევდა ხოლმე, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, მობეზრდა ლოდინი ან ისევ რაღაც დააშავა კუმისში და ისე გავყიდეთ ის სახლი, აღარ მინახავს.

0 comments:

Post a Comment