Monday, August 23, 2010

უსათაურო

შეგიწიროთ! შეგიწიროთ!


მარიამობა ახლოვდება... დედას არ უყვარს ეს დღე... ამბობს ვინც მარიამობისთვის მიყავთ ჩვენი ოჯახიდან, ის არასოდეს ბრუნდება უკანო. ეხლაც სულ მოწყენილი დადის, ეტყობა ენატრება ისინი... თან უფრო დამფრთხალი და შეშინებული მეჩვენება, სულ თვალებით მეძებს და ერთი წუთითაც არ მიშვებს არსად მარტო. ...
დღეს სახლში რომ ვბრუნდებოდით, დედამ ფეხი იტკინა, ექიმი მოუყვანეს და სხვა ოთახში გაიყვანეს, ჩვენს ოთახში კი ორი უცნობი ორფეხა შემოვიდა და თვალიერება დაგვიწყო...
მე ამირჩიეს - ეს ყველაზე პატარა და ლამაზიაო...
რა კარგია! - რადგან ყველაზე პატარა და თან ლამაზი ვარ, ცუდად არ მომექცევიან.
„ამას წავიყვანთ!“
ვაი! ეს აღარ მომწონს! მერე დედა? დედამ რომ არ იცის? ხო ინერვიულებს! ვეუბნები კიდევაც ამ ორფეხებს, მაგრამ არ ესმით.
არსადაც არ წამოვალ, აი ეგრე! აქ მაგრად დავდგები და ფეხსაც არ მოვიცვლი, სანამ დედა არ მოვა...
მაჯობეს...მომერივნენ, აქაოდა პატარააო და ხელში ამიტაცეს, მერე რაღაც მოძრავ ოთახში ჩამსვეს და წამიყვანეს.
რამდენი ხანი ვიარეთ არ მახსოვს...
რომ გადმომიყვანეს, ფეხზე თოკი შემაბეს და მერე ეს თოკი იქვე გამოაბეს... ნეტა რად უნდოდათ... სად გავიქცევი, აქ არავის ვიცნობ, გზაც კი არ ვიცი...
ამ პატარა ორფეხას რაღა უნდა, რატო მეფერება, სულ არ გავს ჩემი სახლის პატარა ორფეხას, თან რომ დამდევს სულ, მაწვალებს და თმებს მაწიწკნის. ეს კიდე სხვანაირია... ფაფუკი და თბილი ხელები აქვს... სხვა დროს ალბათ მეც მივეფერებოდი, მაგრამ ეხლა არავინ მჭირდება, ჩემს სახლში მინდა დედასთან, თან ღამდება და მარტო არასოდეს დავრჩენილვარ ღამით...
ნეტა ხვალ რას მიპირებენ, აქ დამტოვებენ თუ სხვაგან წამიყვანენ...
ისე გათენდა, თვალი არ მომიხუჭავს. ეს მყეფარაც აღარ გაჩერდა, ყეფდა და ყეფდა, თუმცა ცოტათი მიხაროდა, სულ მარტო მაინც არ ვიყავი.
...აი ისევ მოვიდნენ, ისევ ამიყვანეს ხელში და იმ საზიზღარ მოძრავ ოთახში ჩამსვეს, გვერდები რომ დამიბეჟა.
ეხლა უფრო დიდხანს ვიარეთ... მერე გააჩერეს და გადმომიყვანეს... ირგვლივ სულ მთები იყო...ხელში აღარ ამიყვანეს, წინ გამიშვეს და უკან გამომყვნენ... თოკი მაინც არ მომხსნეს ფეხიდან...
ტყეში შევედით და აღმართს ავუყევით... გზადაგზა სხვა ორფეხები გვხდებოდნენ...
„შეგიწიროთ! შეგიწიროთ!“
ეს სიტყვები კიდე რამდენჯერმე გავიგე... ნეტა რას ნიშნავს...
როგორც იქნა ავათავეთ აღმართი და შევჩერდით.
„მივედიით“
„რა კარგიაააა“ - პატარა ორფეხამ სირბილი და ხტუნვა დაიწყო.
შემაღლებულ ადგილას ნახევრად დანგრეული ძველი შენობა იდგა. ამდენი ორფეხა ერთად არასოდეს მინახავს - ამ შენობის ირგვლივ ირეოდნენ... ჩოჩქოლებდნენ.. ლაპარაკობდნენ.. ყვიროდნენ... იცინოდნენ...
„მარიამობას გილოცავთ!“
„გმადლობთ გმადლობთ!“
„გილოცავ მარიამობას!“
„მადლობა გაიხარე!“
„ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ“
„შენც ასევე, ოჯახით ხართ?“
„ხოო ღამისთევით ამოვედით“
ჩემიანებიც შევნიშნე, მაგრამ ვერც ერთი ვიცანი...იმათაც თოკი ჰქონდათ ფეხზე გამობმული.
ნეტა რა ხდება, რატომ ამოგვიყვანეს აქ...
აი ერთი ჩემიანი ჩემს ახლომახლო ტრიალებს და იმას ვკითხავ, ცოტა ჩემზე უფროსია და შეიძლება იცოდეს.
-ხომ არ იცი აქ რატომ ვართ?
შემომხედა... თვალებში შიში ჰქონდა.
-ვიცი, წეღან ჩემმა ორფეხა პატრონმა ვიღაცას გასძახა, ბიჭი მოეწყო და შეთქმული მქონდაო. კი ვერაფერი გავიგე, მაგრამ ჩემზე წინ ვინც მოიყვანეს და „შეთქმული“ ახსენეს, წააქციეს, ჯერ ყელიდან სისხლი ადინეს, მერე თავი და ფეხები მოაჭრეს, გაატყავეს და ამ შენობასთან დააგდეს, დანარჩენი სად წაიღეს არ ვიცი.
-მოიცა, მაგ დროს ვინმემ ხო არ უთხრა შეგიწიროთო? - ხოო, უთხრეს, ვინც გამოიარა და დაინახა, ყველამ უთხრა,- შენ საიდან იცი?
- ვიცი...
მერე ერთმა ორფეხამ შეგვაწყვეტინა ლაპარაკი და ისიც წაიყვანეს...
შემეშინდა... ესე არასოდეს შემშინებია... აი თურმე რა ყოფილა „შეგიწიროთ“...
დედა, სადა ხარ დედა! შენ რომ მაშინ ფეხი არ გტკენოდა და ჩემთან ყოფილიყავი, იქნება არ წავეყვანეთ! ამოგეფარებოდი და ვეღარ დამინახავდნენ. დედააა! დღეს მარიამობაა და ვინ იცის როგორ ნერვიულობ! თურმე რატომ არ გიყვარდა ეს დღე დედა!...
ჩემი ჯერიც მოვიდა...ისევ დავიძარით, ოღონდ შორს აღარ წავსულვართ. შენობას რომ მივუახლოვდით შიგნით შევიხედე -კედლებზე უმრავი პატარა ცეცხლი ციმციმებდა.. რა ლამაზია...
მერე ჩემს მოსაუბრეს დავუწყე თვალით ძებნა, მაგრამ აღარსად იყო, მხოლოდ იმ ორფეხას მოვკარი თვალი, საუბარი რომ გაგვაწყვეტინა - ვიღაცას უყვიროდა, რაღას უდგეხართ შეადგით ქვაბიო.
სამჯერ შემომატარეს შენობის ირგვლივ... მერე პატარა ორფეხა მოვიდა ჩემთან, თოკი წამაძრო ფეხიდან, თან მომეფერა და მითხრა წადი ახლაო.
ვერაფერიც ვერ გავიგე... არსადაც არ წავსულვარ, იქვე ვიდექი და ლაპარაკს ყურს ვუგდებდი.
„თქვენც გილოცავთ! ამ დღის მადლი და შემწეობა არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახს! ღამისთევით ხართ?“ "
"არა, ცოტა ხნით ამოვედით, ბავშვზე მქონდა შეთქმული, შარშან მთელი წელი გაგვაწვალა საავდმყოფოდან საავადმყოფოში დავრბოდით. გვინდოდა ღამისთევით ამოვსულყავით და როგორც წესი და რიგია ისე ჩაგვეტარებინა ყველაფერი, მაგრამ ბავშვმა აიჩემა, არ დავკლათ, გავუშვათო და... "
რაოო? გავუშვათოო? რას ამბობს ეს ორფეხა რას!... ესე იგი მიშვებენ?... აბა „შეგიწიროთო“ და ესენიც მადლობას რომ უხდიდნენ?...
მაინც ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ ის გავიგე რომ მე პატარა ორფეხამ გამიშვა... პატარა თბილხელებიანმა ორფეხამ. გული ისე მიცემდა, ლამის დავეხრჩე.
მივიდე მივეფერო?... არა არ მივალ, მერე რომ აღარ გამიშვას და მითხრას ჩემთან დარჩიო... კი დავრჩებოდი დედა რომ არ მყავდეს...
გავიქეცი...
მაგრამ რომ არ ვიცი საით წავიდე?...თუმცა დედამ ხო მითხრა, თუ მთაში დაიკარგე, მხოლოდ დაღმართზე იარეო, თუ მდინარეს იპოვი, მხოლოდ მდინარის მიმართულებას მიყევი და ბარში ჩამოგიყვანსო...
ჰოდა ვიპოვი მდინარეს, აუცილებლად ვიპოვი. ჩემს სახლსაც ვიპოვი და დედასაც... მერე მივალ დედასთან და ვეტყვი რომ დღეს მარიამობაა და მე დავბრუნდი...


გენდერული ბალანსი


„თუ გოგო იქნება არ დავიტოვოთ... მესამეზე ხო არაფერი მითქვამს“
ნეტა ვინ ვარ გოგო თუ ბიჭი... რა იქნება ბიჭი აღმოვჩნდე! არადა სულაც არ მინდოდა ბიჭობა.
დედა ცუდადაა... ვგრძნობ, მე ყველაფერს ვგრძნობ, დედას როდის სტკივა, როდის უხარია, როდის ბრაზობს, როდის იცინის... ყველაფერს ვგრძნობ და მასთან ერთად მეც მტკივა და მეც მიხარია.
ნეტა თვითონ თუ გრძნობს, მე რას განვიცდი ახლა...
დედამ ისიც კი არ იცის რომ მე მარტო არ ვარ აქ.
-იქნება მამას გადააფიქრებონოს როცა გაიგებს რომ ორნი ვართ, ხო ყოველთვის უნდოდა ტყუპები.
- რა სულელი ხარ ჯერ ერთი გოგო არ უნდა და ორი მოუნდება?
- ხო შეიძლება მე გოგო აღმოვჩნდე და შენ ბიჭი, ან პირიქით, მაშინ ორივე გადავრჩებით. თუ ბიჭები ვართ მაშინაც.
-როდის გავიგებთ ამას? -ხვალ მიდის დედა იქ...
მთელი ღამე სამივემ თეთრად გავათენეთ... მამას ალბათ ეძინა...
გათენდა და წავედით.
„რაზე ხართ მოსული?“
-„სქესის გაგება გვინდა“
მერე დააწვინეს დედა და ზემოდან რაღაცა საზიზღარი ჯოხი დაგვადეს - გვაწვალა ძალიან, ხან იქიდან გვატრიალეს, ხან აქედან.
„გოგოა ორივე“
„ორივეეე???“
„ხო ორივე, ტყუპები გყავთ“
დედა ტირის...ჩვენც ვტირით.
გზაში ხმა არ ამოუღია არცერთს.
სახლში მაგრად იჩხუბეს...მამამ მაინც დაითანხმა...
მერე დედა ავად გახდა და ჩვენც ავად გავხდით, მაგრამ გვიხაროდა, რაც უფრო დიდხანს ვიქნებოდით ავად, მით უფრო დიდხანს ვიქნებოდით დედასთან.
სამი კვირა ლოგინიდან არ ავმდგარვართ.
მერე დედა გამოჯანმრთელდა და ის დღეც მოვიდა.
გზაში მამა აწყნარებდა დედას, ხუთ ბავშვს ისედაც ვერ მოვუვლითო, თან ვირუსი შეგხვდაო, რა იცი როგორები იქნებიანო...
„დედა არ დაუჯერო რა მამას, როგორ ვერ მოგვივლი, ჩვენი დებიც ხო მოგეხმარებიან, დიდები არიან უკვე, ან მერე რა რომ ავად ვიყავით, ეხლა ხომ აღარ გვაქვს სიცხე, არც არაფერი გვაწუხებს... ჩვენ თუ გვესმის და გვტკივა შენი ტკივილი დედა, შენ ნუთუ არ გესმის“
მივედით... მამა გარეთ დარჩა...
დედა აღარ ტირის...ალბათ შეეგუა.
ნეტა მალე დამთავრდეს ყველაფერი.
-როგორ გგონია გვეტკინება?
ხმას არ მცემს. ის უფრო მშიშარაა. ხელი ჩამკიდა უსიტყვოდ და მომეკრო. აღარ გვესმოდა უკვე გარეთ რა ხდებოდა...
უცბად სიცივე ვიგრძენი და უცხო ხელის შეხება. რამდენ ხანს მოძრაობდა ეს ხელი ჩვენთან არ ვიცი, მაგრამ როცა გავიდა ლაპარაკი შემოგვესმა:
„დიდი ნაყოფია ქალბატონო, იმაზე დიდი ვიდრე თქვენ გგონიათ, ხელს ვერ მოვკიდებ სარისკოა თქვენი სიცოცხლისთვის. ...და დედა ხმამაღლა ატირდა.
გზაშიც სულ ტიროდა, მამა კი ჩუმად იყო...
"არა უშავს მაა, დავიბადებით და ნახავ როგორ გაგიხარდება. იცი რა კარგი გოგოები ვიქნებით! აი ნახავ ყველაზე ძალიან შენ და დედას ჩვენ გეყვარებით..."

0 comments:

Post a Comment