Tuesday, August 10, 2010

მინდა ჩემი შვილი


 ისეთი თაობის წარმომადგენელი იყოს და ისეთ საქართველოში გაიზარდოს:

-სადაც სიტყვათა შეთანხმება კაი ბიჭი მხოლოდ ბიჭის სიკარგეს აღნიშნავს და არა მოკრიმინალო არსებას.
-სადაც სიტყვა ქურდი მხოლოდ ზიზღს იწვევს და გადმოცემითაც კი არ იციან, რომ ოდესღაც პატივსაცემი სიტყვა იყო.
-სადაც ქვეყნის სავიზიტო ბარათი არ იქნება ”შაშლიკები” ”კინდზმარაული” და უთავბოლო სუფრები.
-სადაც ფილმი ”მიმინო” ნოსტალგიებსა და კეთილ ღიმილს არ გამოიწვევს ან საერთოდ არ ეცოდინებათ ეს ფილმი ან თუ ეცოდინებათ ვერანაირად ვერ გააკეთებენ საკუთარ თავთან და ზოგადად ქართველთან იდენტიფიკაციას.
-სადაც 50 პროცენტს ბიზნესმენობა არ ენდომება და დანარჩენ ორმოცდაათს იურისტობა.
-სადაც დედები არასოდეს წყველიან და სცემენ ბავშვებს.
-სადაც ფიზიკოსი არ იდგება ელიავაზე გულზე ტრაფარეტით ”ვაგებ კაფელს იაფად” და სადაც ვაკანსიებში არ იქნება მითითებული ”30 წლამდე”
-სადაც ახალგაზრდა ჯანიანი კაცი არ წამოვა სოფლიდან ქალაქში, რომ თოხი გაცვალოს ” დაცვის ბიჭობაზე”.
-სადაც მეტროს ერთ ამოსასვლეში არ იყიდიან და მეორე ამოსავლეში გაყიდიან.
-სადაც საექსპორტო საქონელი მარტო ვაშლი, მანდარინი და ბორჯომი არ იქნება.
-სადაც ”გივი სიხარულიძეობა” ცალსახად გატეხავს.
-სადაც წურწუმიები 6 მილიონ დისკს არ გაყიდიან.
-სადაც არ ეცოდინებათ ცეკვა შალახო.
-სადაც აღარ იქნება ქელეხები ორმოცები წლისთავები.
-სადაც სიტყვა ქალწული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტერმინი და არა სულის მდგომარეობა ან პატიოსნების განმსაზღვრელი.
-სადაც პატიოსნება და სექსის არ ქონა, გათხოვება და სექსი ქონა სინონიმები არ იქნება
-სადაც გარეუბნელობა გოიმობას არ ნიშნავს.
-სადაც სიტყვა სოფლელს მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოიყენებენ
-სადაც დიზაინერა ბიჭოლები ვიპ პერსონები არ იქნებიან.
-სადაც პრ----ზე არ გაიხევიან იმის გამო რომ ”იმენნა” პრადოში უსმინონ შუფუწინსკის.
-სადაც ავტობუსის, ოპერის, თეატრის სკამებს არ დაჭრიან, ისტორიულ შენობებს, ეკლესიების შემოგარენს არ მიაწერ-მიაკაწრავენ. ”ვაჟა, კნოპა, შხამა, ჩორნა და ლალი 1965წ. ბუნებაში ხეებზე არ ამოჭრიან ჯაყვით ”აქ მოფსა შოთიკომ 1975 წლის 5 ივნისი.”
-სადაც ეკლესია მონასტრების ტერიტორიაზე ცხვრებს არ დაჭრიან ყელებს და ცხვრის თავს იქვე არ გააგორებენ, რომ მერე ყველა გამვლელისგან გაიგონონ ”შეგიწიროს შეგიწიროს!”
-სადაც ოთხი თაობა ერთ სახლში არ იცხოვრებს.
-სადაც დაწვრილშვილებული მუტრუკი ისევ მშობლების კისერზე არ იქნება და ამას ბუნებრივ მოვლენად ჩათვლის.
-სადაც ადამიანური ურთიერთობები უფრო ღია და სტერეოტიპებისგან თავისუფალი გახდება.
-სადაც ფრაზა ”მარხვაზე ვარ” არ იქნება ტყლარჭვის ერთ-ერთი ფორმა.
-სადაც იღლიის გაპარსვა არაკაცური არ იქნება.
-სადაც ლიფტში არ მოიხოცავენ ცხვირს ხელით და მერე ხელს ლიფტის კედლებზე არ შეიმშრალებენ.
-სადაც ახალგაზრდა გოგოები არ ივლიან ოქროებასხმულები და ქალები ძვირფასი ქურქებით ბაზარში.
-სადაც ”მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი”, მზიას და ზეზვას დამსახურება კი არ იქნება, არამედ თვითშეგნებისა და ცხოვრებსი წესის.
-სადაც ერთმანეთს უფრო მეტ პატივს სცემენ და უცხოელს არ შესცქერიან ”ქვემოდან”
-სადაც აღმოფხვრება ისეთი ცნებები როგორიცაა ოჯახის კულტი, დედის კულტი, ქალის კულტი, ტრადიციების კულტი და იარსებებს მხოლოდ ერთადერთი კულტი - ადამიანის და მისი უფლებების.
ყოველგვარი მეტიჩრობის გარეშე, რომ ვიცოდე რომ ჩემს შვილს ესეთ ქვეყანაში დავტოვებ, ყველაზე უარესი წუთისთვისაც კი მადლობას გადავუხდიდი ღმერთს.

0 comments:

Post a Comment