Saturday, August 21, 2010

რონო

ამბობენ ყველა სოფელს თავისი გიჟი ჰყავსო, რომელიც პატარა ბავშვმაც კი იცის და თითოეულ მაცხოვრებელში სხვადასხვა ამოციებს აღძრავს, თუმცა ამ ემოციებს ერთი საერთო ძირი აქვთ - სიბრალული.
არც ჩვენი სოფელი იყო გამონაკლისი.
რონო ერქვა... გაურკვეველი ასაკის ცისფერთვალება კაცი იყო, რომელსაც ლიბრგადაკრული თვალის ფერიდან აღარაფერი შერჩენოდა და ვერ გაიგებდით ცისფერი ჰქონდა, ნაცრისფერი, გამჭირვალე თუ სულ არ ჰქონდა თვალები. როგორღაც ახერხებდა და სილუეტებს ხედავდა. ზამთარ-ზაფხულ კოჭებამდე ჩათრეული ნაბადის კიტელი ეცვა, კიტელის შიგნით სქელი წყალგაუმტარი „ბუშლატა“, იმის შიგნით ჭუჭყისგან საყელოგასიპული ორი თუ სამი ჯემპრი, ფეხზე სქელძირიანი რეზინის ბოტები, რომელშიც ბრეზენტის შარვლის ტოტები ჰქონდა ჩატანებული. თავზე მოუხდელად ეხურა ჭუჭყისგან გაქვავებული თბილი „უშანკა“ ქუდი.
გამოჩნდებოდა თუ არა უბანში, ბავშვები დასცხებდნენ ყიჟინას „რონო მოდიიის! რონოს მოდიიიიის! რონო კი მთელი თავისი ავლადიდებითა და ასხმულობით გაჩერდებოდა ბავშვების შუაში და გაბრაზებით იტყოდა, „რა იყო თქვე მამაძაღლებო, პირველათა მხედავთ? მერე ჩემი პატარა დის ძებნას იწყებდა ლიბრგადაკრული თვალებით და თუ დალანდავდა ახლომახლო, ჯიბიდან ერთ ცალ კამფეტს ამოიღებდა და აძლევდა. გამორჩეულად უყვარდა ჩემი და, იმიტომ რომ არასოდეს აბრაზებდა და სახლიდან საჭმელი გაჰქონდა მისთვის.
ისეთი ჭუჭყიანი ჯიბიდან იღებდა კამფეტებს რონო , რომ ელეთ-მელეთი მომდიოდა, მაგრამ ჩემ დას არაფერს ვაგრძნობინებდი, რადგან თავისებურ რიტუალად ექცა რონოსთვის კამფეტის ჩამორთმევა, თან ამის გამო თანატოლებში რჩეულად გრძნობდა თავს და უხაროდა ბავშვურად.
ერთხელ მითხრა:
-ნათი რონო რატოა გიჟი? - ბევრი ტანსაცმელი რომ აცვია?
-არ არის გიჟი, სხვებისგან განსხვავებულია.
-აბა გიჟს რატომ ეძახიან და ბავშვები რატო ესვრიან ქვებს?
-უცნაურია და იმიტომ, მაგრამ შენ როცა ამას დაინახავ, დაუშალე ბავშვებს რომ აღარ ესროლონ ქვები.
ერთ დღესაც ატირებული მოვიდა სახლში. - „იცი რა მკითხა რონომ? - დედაშენი გცემსო? მე ვუთხარი არა-მეთქი და ესე მითხრა კარგი დედა გყოლიაო. მეც კარგი დედა მყავდა, ოღონდ მცემდაო, წიწილებს საჭმელს ვუჭამდი და ამაზე ძალიან ბრაზდებოდა და ისე მცემდა ჯოხით, ზოგჯერ თავიც კი გაუტეხია ჩემთვისო. მერე ქუდი მოიხადა და მითხრა, აი ნახე აქ მეტყობაო, მე კიდე შემეშინდა და ვერ შევხედე ნაა. მერე მე ვუთხარი არ ყოფილა დედაშენი კარგი ქალი-მეთქი და ამაზე ისე გამიბრაზდა, გამომაგდო და მითხრა აღარც შენთან მოვალ და კამფეტსაც აღარ მოგცემო.“
- ეტყობა ძალიან უყვარდა დედა და გაგიბრაზებია, არა უშავს გადაუვლის გაბრაზება და ისევ მოვა, შეიძლება უკვე დაავიწყდა კიდეც - ვუთხარი.
- რო არ მოვიდეს ნაა?
- მაშინ ჩვენ მოვძებნოთ.
მეორე დღეს ისევ გაისმა ყიჟინა - „რონო მოდიიიიის, რონო მოდიიიის“! - რონო კი ჩვეულ პოზაში ჩადგა ბავშვებს შორის და დაუცაცხანა მათ: „რა იყო თქვე მამაძაღლებო პირველათა მხედავთ?“ - მერე გაარღვია ბავშვების წრე და ჩემს დას დაუწყო ლიბრგადაკრული თვალებით ძებნა...


წლების მერე გრაკლის რკინიგზის სადგურზე იპოვეს...ჩვენს სოფელში არ დაუსაფლავებიათ, ნათესავებმა წაიყვანეს სხვაგან...

...ამბობენ ყველა სოფელს თავისი გიჟი ყავსო, ჩვენი სოფლის გიჟს კი რონო ერქვა...

0 comments:

Post a Comment