Tuesday, August 24, 2010

საოჯახო ალბომი

წლების მერე როგორ უბრალოვდება ყველაფერი...
დრო მარტო კი არ კურნავს, ზოგჯერ აფუჭებს კიდეც... აცამტვერებს... ახუნებს.... დროსაც თუ ყალბი ღირებულებები და მათი ცხოვრების კანონად და ქცევის ნორმად გახდომა მიეხმარა, ისე შემოგადნება ცხოვრება ხელში, რომ ვერ გაიგებ როდისღა იცხოვრე.
ვიხსენებ ჩემს მშობლებს და ვერ დამიჯერებია რომ ეს ის ბედნიერი და თვალებგამბრწყინებული წყვილი იყო, საოჯახო ალბომი რომ აევსოთ თავიანთი სიყვარულის გაჩერებული კადრებით.
ჯგუფში ყველაზე ლამაზი გოგო იყო... ყველაზე ლაღი...
ადვილად მიიზიდა ყველაზე გამორჩეულისა და გამბედავის ყურადღება...
ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მოხდა, როგორც იმ დროს შეეფერებოდა - ოჯახში მისვლა, ხელის თხოვნა, გაკითხვ-გამოკითხვა „როგორი სახელი აქვს“, „რა ოჯახი აქვს“, „ნათესაობაში „გიჟი“ ხო არ ურევია“ და სხვა სათამასუქე დეტალები. თითქოს სიყვარული არ იყოს საკმარი იმისა, რომ ერთად ყოფნის უფლება დაიკანონო...მერე ამ ყველაფრის ოფიციალური ეტაპი - ნიშნობა, ქორწილი (გოგოსა და ბიჭის ცალ-ცალკე, სადაც ერთმანეთის მშობლები არ ესწრებიან რატომღაც.), „რიტუალები“ „სვეტიცხოველი“ , მაყრიონი, პიჯაკის გულის ჯიბეში წითელ მიხაკ გარჭობილი უფროსი მაყარი, გზამკვლევის ფუნქციაც რომ აქვს აღებული თავის თავზე, წინასწარ შერჩეული თამადა, რომელსაც გზადაგზა აცნობენ ვინ ვინაა და ვის რა დამსახურება აქვს ამ ოჯახისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე, ხახაში ჩაცლილი „განსხვავებულები“, ცეკვა-კუნტრუში „ეროვნულ“ მელოდიებზე და ქორწილის წარმატებული ფინალის ერთ-ერთი პირობა - გაწევ-გამოწევა, აყალ-მაყალი და ჩხუბის მიზეზი - ერთი მხარის მაყრის წევრს არ მოსწონს მეორე მხარის მაყარი ბიჭის ცეკვის ილეთები, რომლებიც ღიად ადასტურებს მათი მაყრის წევრი გოგოს მიმართ უპატივცემულობასა და ცუდ ზრახვებს.
ჩემი მშობლების შეუღლებაც ყველა ამ საფეხურისა და ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ მოხდა, რის შემდეგაც ყველაზე გამორჩეული, გამბედავი და მთელ სამყაროზე შეყვარებული ბიჭი ერთ გაუთლელ და ხეპრე ქმრად იქცა, რომელსაც ბრმად სწამდა, რომ ცოლს თუ მკაცრი ხელი არ მოახვედრე, თავზე დაგაჯდებაო და ამ არგუმენტის გასამყარებლად ეროვნულ-ტრადიციული სიბრძნის კონიდან ერთი ანდაზა მოჰყავდა - „ქალმა თუ აიწყვიტა, ცხრა უღელი ხარ კამეჩი ვერ დააბამსო“.
ამ „მკაცრი ხელის“ წყალობით დედაჩემის ლაღი ბუნებიდან აღარაფერი დარჩა და გამოუთქმელი დარდისა და მოთმინებისაგან ისე შეერყა ფსიქიკა, რომ მართლა ცხრა უღელი ხარ-კამეჩი სჭირდებოდა დასაკავებლად, როცა მორიგი ნერვული შეტევა ეწყებოდა.
ჩემს გარდა შვილი არ ჰყავდათ. მათი შეუღლებიდან ხუთი წლის შემდეგ დავიბადე. მაგ დროისათვის კი დედაჩემს უკვე გაფუჭებული ჰქონდა ნერვები ქმრის გაუთავებელი საყვედურებითა და ბუზღუნით და მამაჩემიც, სახლში სიმყუდროვის არ ქონის საბაბით, ხშირად რჩებოდა სამსახურში გვიანობამდე, სამსახურის მერე მეგობრებში და ამიტომ ჩემს დაბადებას დიდი პოზიტიური ცვლილება არ შეუტანია მათ ურთიერთობაში.
დედა მარტო მზრდიდა, დამხმარე არავინ ჰყავდა და საოჯახო საქმეები, მუდამ უკმაყოფილო მამა და მე, მთელი ჩემი თანდაყოლილი პრობლემებით, რომლებიც მოგვიანებით აღმომაჩნდა და თანდათანობით წამოჰყო თავი, ყველა ერთად დავაწექით დედაჩემს გაფუჭებულ ნერვებზე.
ისე გავიზარდე, ვერ გავიგე ჩემს მშობლებს ვუყვარდი თუ ვძულდი, მე ხომ არ ვგავდი სხვა ბავშვებს.
ოო, როგორ ვერ ვიტანდი ვერცერთს, როცა რომელიმე მათგანის თვალებში სიბრალულს ვხედავდი. ამას მერჩივნა გამბრაზებოდნენ, ეყვირათ, დავესაჯე და საერთოდ მომქცეოდნენ ისე, როგორც სრულფასოვან ბავშვებს ექცევიან და ეფერებიან და არა მე, როცა მათ მოფერებაშიც კი ზედმეტად ვგრძნობდი თავს, როგორც კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა მათ ცხოვრებაში...
დეიდა მიყვარდა ძალიან. მთელი ჩემი სიყვარულის მარაგი, რაც მშობლებზე უნდა გამენაწილებინა, დეიდაში მოვათავსე. ხშირად რჩებოდა ჩემთან ღამით... ძილის წინ ზღაპრებს მიყვებოდა, მერე გულში მიხუტებდა და ისე ვიძინებდით. ერთადერთი რეალური სამყარო ჩემთვის ეს ზღაპრები იყო, სადაც რაც მინდოდა და ვინც მინდოდა ის ვიყავი - ხან პრინცესა, ხან ბოროტი ჯადოქარი, ხან ოქროს თევზი, წითელქუდა...ბაჭია...ქურდი კაჭკაჭი... მკვეხარა თაგვი....
მერე დეიდაც წავიდა - გათხოვდა და სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან ხშირად ჩამოდიოდა ჩემთან, მერე მოუკლო სიარულს და შვილების შეძენის შემდეგ, წელიწადში ორჯერ თუ ახერხებდა ჩემს ნახვას. მეც წელიწადში ორჯერ ვბრუნდებოდი ჩემს რეალურ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრებს აღარ მიყვებოდა - დიდი ვიყავი.
ბებიაც მიყვარდა, მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი მის ლაპარაკს (მამაჩემს ეუბნებოდა ამ ბავშვის ცოდვით ვიწვიო, იმ ქალბატონს (დედაჩემს) რომ არ დაელია ათასი უბედურება მუცლის მოსაშლელად, ეხლა ჯანმრთელი შვილიშვილი მეყოლებოდაო) და შემძულდა.
რატომ არ ვუნდოდი დედას, ვერ მივხვდი - მე ხომ პირველი შვილი ვიყავი და თან ხუთი წლის შემდეგ... ეტყობა წასვლა უნდოდა მამასგან და ხელს ვუშლიდი... ჩემიანად წასულიყო ვინ უშლიდა?!... იქნება ბებიამ მოიტყუა და რძლის სიძულვილი ალაპარაკებდა, მას ხომ არასოდეს მოსწონდა თავისი შვილის „შეუფერებელი“ ცოლი.
ალბათ ვერასოდეს გავიგებ სიმართლეს, ვინ ან ვიღა მეტყვის კი?
დედა რომ ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა, მამა თითქოს გამოცვალეს. პატარა ბავშვივით უვლიდა ცოლს, იქნება ამხელა სიყვარული და სინაზე ახალგაზრდობაში რომ გამოეჩინა მის მიმართ, ავად არც გამხდარიყო და მეც არ მეძებნა ჩემი რეალური სამყარო ზღაპრებისა და მითების სამყაროში...
ბავშვივით მოსთქვამდა მამაჩემი, დედა რომ გარდაიცვალა... მე კი ერთი ცრემლიც არ გადმომვარდნია... არც ის მახსოვს ოდესმე მეტიროს...
თან მძულდა, თან მებრალებოდა მამა, როცა ვხედავდი, როგორ უფუნქციოდ დარჩენილი (თუმცა აქამდე რისი ფუნქცია ჰქონდა, მაგასაც ვერ გეტყვით) დაბორიალობდა ოთახიდან ოთახში დედაჩემის სიკვდილის მერე...
ორი წლის მერე ისიც გარდაიცვალა...
„ტრომბი მოწყდაო“ - ამ ორ სიტყვაში ჩაეტია მისი სიკვდილი...

...არ ვიცი რატომ გადმოვიღე ეს საოჯახო ალბომი... მე ხომ არასოდეს დავინტერესებულვარ ჩემი მშობლების წარსულით - დეიდას მონაყოლით თუ ვიცოდი რამე და აქა-იქა ყურმოკრული ამბებით...
ვფურცლავ და სათითაოდ ვაკვირდები ჩაწებებულ სურათებს... რა ახალგაზრდები არიან და რა ბედნიერები.... აი ეს ყველაზე კარგია - მამას დედა ყავს ხელში აყვანილი, დედას თავი უკან გადაუგდია და გულიანად იცინის...
... წარმოსახვით ავიტაცე ჩემი თავი და სურათის შუაში, მათ შორის მოვათავსე....
და მერე...
...უცბად ვიგრძენი როგორ გალღვა ჩემში გაყინული ცრემლების ლოდი და რაც ბავშვობიდან დღემდე იყო მასში კრისტალებად შენახული, ერთბაშად მოწყდა...

0 comments:

Post a Comment