Friday, August 20, 2010

ვასო პაპა

ზოგჯერ ბავშვები უცნაირად აიკვიატებენ ხოლმე რომელიმე კონკრეტულ ადამიანს და ყველანაირად ცდილობენ მაქსიმალურად მიიზიდონ მისი ყურადღება და მის ირგვლივ იტრიალონ. შეიძლება ეს ადამიანი სულ უცხოც იყოს. არ ვიცი ამას რა ფსიქოლოგიური ახსნა აქვს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ბავშვის რჩეული ის ადამიანი ხდება, რომელიც თვითონ კი არ ბავშვდება ხელოვნურად (რაც მე პირადად ძალიან მაღიზიანებდა ბავშვობაში თავისი ენის მოჩლექებით და უკბილო გახუმრებებით), არამედ ბავშვს ისე ექცევა, როგორც თავის თანასწორს.
ჩემთვის ასეთი ადამიანი ვასო პაპა იყო - დაახლოებით 70-75 წლის მოხუცი უბნის მეწაღე, რომელსაც ფეხსაცმელების ვასო პაპას ვეძახდი. დილიდან საღამომდე თავაუღებლად შრომობდა თავის პატარა ჯიხურში, სოკოსავით რომ ამოსულიყო ქუჩის გადაღმა, გზაჯვარედინის კუთხეში.
გამხდარი გალეული კაცი იყო, ავადმყოფური იერითა და კეთილი თვალებით. გაღიმებული არასოდეს მინახავს. ამბობდნენ ორი წლის შვილი მდუღარე სარეცხის ქვაბში ჩაუვარდა მის ცოლს და იქვე გარდაიცვალა ბავშვი შოკითო. ცოლსაც გაშორებია მალევე და მას მერე აღარ დაოჯახებულა.
მისი ჯიხურის გვერდით ავტობუსების გაჩერება იყო და სკოლაში წასასვლელად ყოველ დილით იქ ველოდებოდი ავტობუსს. ისეთი პატარა იყო ვასო პაპას ჯიხური რომ გეგონებოდათ კასრში იჯდა. წინ ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა გამოჭრილი და სანამ გვერდითა კარიდან შევიხედავდი მისასალმებლად, ჯერ მის ხელებს ვხედავდი ფანჯარაში, რომელიც უსაქმოდ არასოდეს მინახავს.
ფანჯარა და კარი ყოველთვის ღია ჰქონდა, საიდანაც მუდმივად ფეხსაცმელების წებოს სუნი გამოდიოდა.
მისალმებაზე ცივად მპასუხობდა, რითაც განსხვავდებოდა სხვა უფროსებისაგან, რომლებიც ხან ლოყაზე იჩმიტებოდნენ, ხან თმებს გიწეწავდნენ და ხან არც გპასუხობდნენ სალამზე. ვასო პაპა კი ერთს ამომხედავდა სათვალის ზემოდან, გარკვევით წარმოთქვამდა გამარჯობას და ისევ თავის საქმეს უბრუნდებოდა.
სულ მინდოდა რომ სანამ ავტობუსი მოვიდოდა, შევსულიყავი და პატარა ტაბურეტზე ჩამოვჯდარიყავი, გვერდით რომ ედგა და ახლოდან მედევნებინა თვალი რას საქმიანობდა, მაგრამ მრცხვენოდა.
ერთ დღესაც ლენინური შაბათობის დღეს (ვინც ამ დროს ასცდა განგიმარტავთ, რომ ეს იყო ლენინის სახელის უკვდავყოფისადმი მიძღვნილი ერთგვარი შრომითი ღონისძიება, რომელიც ყველა ბავშვს უხაროდა ) სკოლიდან ჯართის შესაგროვებლად წაგვიყვანეს. სახლში დედაჩემს ავუტყდი, გინდა თუ არა ახალ გამოსასვლელ ფეხსაცმელს ჩავიცმევ და ისე წავალ-მეთქი, რაზეც რა თქმა უნდა უარი მივიღე.
უარმა უფრო გამაჯიუტა და უფრო მეტად მომინდა ახალი ფეხსაცმელების ჩაცმა. დედაჩემი კიდევ უფრო მეტად გაჯიუტდა და კარგადაც ვიჩხუბეთ წასვლის წინ. როგორ მოვახერხე არ მახსოვს, მაგრამ სახლიდან მაინც ახალი ფეხსაცმელებით გავედი.
ჯართის შეგროვების დროს თითქმის ფეხის წვერებზე დავდიოდი, რომ რამეს არ წამოვდებოდი ან სადმე არ ჩამვარდნოდა ფეხი და ფეხსაცმელი არ გამეფუჭებინა. შაბათობამ კი მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ბედის ირონიით სახლში მობრუნებულს გზაში ფეხი გადამიბრუნდა და ერთი ფეხსაცმლის თასმა მთლიანად ამოწყდა, ერთ მხარეს კი ძირიც ცოტათი ასძვრა. მიწა გამხეთქოდა ის მერჩივნა, რადგან საშინლად არ მინდოდა დედაჩემის ”ხო გეუბნებოდის” მოსმენა.
ყელში ბურთგაჩხერილს ცრემლები მახრჩობდა და ცოტაღა მაკლდა ხმამაღლა ავღიალებულიყავი, რომ უცბად ვასო პაპა გამახსენდა და ცალფეხათრეული გავიქეცი.
გულამოვარდნილი შევვარდი და ეგრევე მივახალე:
-ვასო პაპა მიშველეთ!
მშვიდად ამომხედა და მითხრა:
-აბა დაჯექი და მომიყევი რა მოხდა.
-დედაჩემს არ დავუჯერე, ახალი ფეხსაცმელები არ ჩაიცვა გაგიფუჭდებაო, მე კიდე ჩავიცვი და გზაში თასმა გამიწყდა და გაიხა.
- ოო, ეგ ვერ მოგვსლია კარგი საქმე, აბა მანახე რა გამოვა - მითხრა და მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა.
აიი!!- დავუდე ფეხსაცმელი მაგიდაზე და თან გულიც ამოვაყოლე.
-გაკეთდება ნუ გეშინია.
-მართლა ვასო პაპა? - და არ დაეტყობა?
- მე ისე გავაკეთებ რომ შენც კი ვერ შეამჩნევ.
ისე გამიხარდა რომ მივედი და ლოყაზე ვაკოცე. შეცბა და სულ ცოტა ხანი ფეხსაცმელს მიაშტერდა.
მერე ჩამოვჯექი ტაბურეტზე და ვადევნებდი თვალს ჯერ როგორ დააკერა თასმა, მერე როგორ წაუსვა წებო, გააშრო და დააწება ამძვრალი ძირი.
თითქმის უკვე დამთავრებული ჰქონდა საქმე, რომ გამახსენდა ფული არ მქონდა და უცბად წამოვხტი სკამიდან. შემატყო ალბათ სახეზე უცაბედი ცვლილება, მაგრამ სანამ რამეს მკითხავდა მე დავასწარი, ვასო პაპა ფული არ მაქვს-მეთქი და ისევ მომებჯინა ყელში ბურთი.
-ჰოო... მოდი ესე მოვიქცეთ, შენ ხომ არ გინდა დედაშენმა გაიგოს ფეხსაცმელის ამბავი, ჰოდა რა ვქნათ იცი? ვალი გექნება ჩემი და ამ ვალს ფურცელზე ჩავინიშნავ და შევინახავ, აი ზედა თაროს შიგნით კიდევ ერთი პატარა თაროა, არ ჩანს, თუ არ იცი... აქ შევინახავ და მარტო შენ და მე გვეცოდინება. მერე როცა დედაშენს გადაუვლის გაბრაზება და ფეხსაცმელიც დაგიძველდება, მაშინ მოგცემ ამ ფურცელს, წაუღე დედას და ვალიც მაშინ გამისტუმრე - მითხრა და ამოიხია თხელი რვეულიდან ერთი ფურცელი და ვალი ჩაიწერა. ჩაწერის დროს დედაჩემის სახელი მკითხა. მერე ჩემს თვალწინ დაკეცა ფურცელი ოთხად და იმ პატარა თაროში შეინახა, მარტო მე და მას რომ უნდა გვცოდნოდა.
უცბად დიდი და ამაყი გავხდი. მე ვალი მქონდა და უნდა გადამეხადა.
იმ დღის მერე მისი ხშირი სტუმარი გავხდი. რამდენჯერ დამიგვიანია პირველ გაკვეთილზე, იმის გამო რომ მასთან საუბარში დრო გამპარვია. უამრავ საინტერესო რამეს მიყვებოდა: მეორე მსოფლიო ომის ამბებს, ხან თავის ბავშვობას იხსენებდა. ზოგჯერ გაკვეთილებს ვაბარებდი, განსაკუთრებით მაშინ მიყვარდა მისი მოსმენა როცა ასტროლოგიაზე და გეოგრაფიაზე მელაპარაკებოდა. მან მასწავლა თითქმის ყველა ქვეყნის დედაქალაქის სახელწოდება და ძალიან უხაროდა, როცა უშეცდომოდ ვპასუხობდი.
ერთხელ მითხრა ამხელა კაცი ვარ და შვლის ნუკრის ნაამბობზე ეხლაც ვტირიო. აი მაშინ მომინდა რამე მეკითხა შვილზე, მაგრამ საიდან მომევლო არ ვიცოდი და შევეშვი. შვილი და მეუღლე იყო ერთერთი რამ, რაც არასოდეს უხსენებია და არ გაუხსენებია, როცა თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მიყვებოდა.
ძალიან შევეჩვიე ვასო პაპას და როცა ბებიაჩემთან არ ვრჩებოდი, (რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო) ერთი სული მქონდა გაკვეთილები მემეცადინა და მერე ჩავსულიყავი მასთან.
ერთ დღესაც სკოლიდან რომ დავბრუნდი, ქუჩის აქეთა მხარეს მდებარე ავტობუსების გაჩერებიდან შევნიშნე, რომ ვასო პაპას ჯიხურის ფანჯარა ღია არ იყო და ძალიან გამიკვირდა, რადგან გვიანობამდე მუშაობდა და დროის ამ მონაკვეთში არასოდეს მინახავს სადმე გასულიყოს.
ვიფიქრე სახლში ავალ, ვიმეცადინებ და იქნებ მანამდე გამოჩნდეს-მეთქი.
გამოვიცვალე, ვისადილე და სამეცადინოდ რომ დავჯექი, მივხვდი რომ სანამ ვასო პაპას არ ვნახავდი, ერთი სიტყვაც კი არ შემივიდოდა თავში.
ისევ ჩავედი ეზოში, ქუჩა გადავჭერი და ჯიხურთან მივედი, ფანჯარას მივაწექი ხელით და ოდნავ გაიღო, შიგნით აღარ შემიხედავს, კარისკენ წავედი... კარზე ფურცელი დამხვდა გაკრული, მინაწერით: ”ვასო გარდაიცვალა, დატოვებული ფეხსაცმელები მოიკითხეთ მის სახლში ტელ: .......”
გავშეშდი, ვერ მივხვდი უცბად რა წავიკითხე და ისევ ფანჯრისკენ მივბრუნდი, ფანჯარა ბოლომდე შევაღე, თავი შევყავი და წებოს სუნი რომ მეცა, აი იქ გავიაზრე რაც წავიკითხე და .......

დასაფლავების მერე მე და დედაჩემი მივედით მის სახლში. კარი მისმა დამ გაგვიღო...
ფილტვის ინფარქტით გარდაიცვალაო...
წამოსვლისას შეგვიძღვა იმ ოთახში, სადაც ფეხსაცმელები ეწყო და გვკითხა რამე ხომ არ იყო ჩვენი. მაშინ ვუთხარი რომ ვასო პაპას ვალი მქონდა და ის უჯრაში შენახული ფურცელი მინდოდა მენახა, სადაც ეგ ჰქონდა ჩანიშნული.
არ არის საჭირო გადახდაო, გვითხრა მისმა დამ და თან დაამატა, იქიდან მისი ნივთები ყველაფერი წამოვიღეთ და უჯრაში არაფერი გვინახავსო.
ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, იმ უჯრაში აქვს შენახული მარტო მე და ვასო პაპამ რომ ვიცოდით და აუცილებლად უნდა გადავიხადო, შევპირდი-მეთქი.
გამოგვიტანა გასაღები და გვითხრა, იქ მაინც აღარაფერია ვასოსი და თუ გინდათ გასაღებს ნუღარ დააბრუნებთ, დღეს ან ხვალ აიღებენ მაგ ჯიხურსო.
ჯიხურში რომ შევედი ჯერ კიდევ იდგა წებოს სუნი, ისევ ისე გამეჩხირა ბურთი ყელში როგორც პირველად. გამოვაღე ჩემი და ვასო პაპას დამალული უჯრა, ფურცელი ამოვიღე და გავშალე:
”ქალბატონო სოფიკო არაჩვეულებრივი შვილი გყავთ...
ნათია გაიზარდე დიდი გოგო და დედას ყოველთვის დაუჯერე”
შენი ვასო პაპა.”
...

3 comments:

Keti said...

აი, ეს ალბათ აგვისტოშივე წავიკითხე და ცრემლი ვერ შევიკავე. მაშინ ძალიან მინდოდა რამე დამეწერა, მაგრამ კომენტარების ველი გამორთული იყო, ამიტომ ახლა ვწერ :)

Anonymous said...

ცრემლი ვერ შევიკავე არ ქვია იმას, რაც მე დამემართა. ერთი გემრიელად ვიღრიალე. მარტო ეს ნოველა ღირდა აქ შემოსასვლელად. თუმცაღა ყველაფერი ძალიან საინტერესო და "ჩემია" აქ. დიდი მადლობა შენ! ამ პატარა სამყაროსთვის, რომელსაც მარტო შენთვის არ იტოვებ :)

margusha said...

დიდი მადლობა ესეთი სიტყვებისთვის:)

Post a Comment