Monday, August 30, 2010

კლოუნი

მე ერთი შეუმჩნეველი კაცი ვარ... ჩემნაირებს უიღბლოებს ეძახიან, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი იღბალმა ზურგი შემაქცია-მეთქი, რადგან ისეთი არაფერი მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან, რომ უიღბლობისთვის მიმეწეროს, მაგრამ ვერც რაიმე განსაკუთრებულ იღბლიან შემთხვევას გავიხსენებ... იღბალიც კი ვერ მამჩნევდა.
ალბათ დედის მუცლიდანვე დამყვა - დედამ ხომ მხოლოდ მაშინ შეიტყო თავისი ფეხმძიმობის შესახებ ხუთი თვის რომ გახდა... დარჩენილი ოთხი თვეც არ შემიწუხებია ჩემი არსებობით და ისე იმშობიარა ”ღმერთო ჩემოს” დაძახებაც ვერ მოასწრო...სამშობიაროში მიყვანამდე, სახლში გამაჩინა.
”ისეთი უპრობლემო და წყნარია, ბავშვი თუა სახლში ვერც შეამჩნევ”
და მართლაც ისე გავიზარდე, „ბავშვი თუ ვიყავი სახლში, ვერ მამჩნევდნენ“
მეც ისე მივეჩვიე თუ მიმაჩვიეს საკუთარ შეუმჩნევლობას, რომ ვცდილობდი თვალში ზედმეტად არავის გავჩხეროდი, თამაშსაც კი მაშინ ვიწყებდი, როცა როცა ჩემი და-ძმები ამთავრებდნენ და დაბლა, სხვა ოთახში ჩადიოდნენ.
ერთი დიდი ოთახი გვქონდა სხვენში სათამაშოდ გამოყოფილი... რას არ ნახავდით შიგნით - სათამაშოებით დაწყებული ძველმანი ნივთებით დამთავრებული, რომლებიც ჩემს მშობლებს აღარ სჭირდებოდათ, მაგრამ ვერც გადასაგდებლად იმეტებდნენ.
ოთახის ერთი კუთხე ამ ძველმანებსა და ხარახურას ეკავა.
მეორე კუთხე ჩემი დის იყო, სადაც თოჯინები და რეზინის სათამაშოები შემოეწყო კედლის თაროებზე... ფანქრები და სახატავი ფურცლები კი იქვე, პატარა მაგიდაზე ელაგა...
მესამე კუთხე ჩემი უმცროსი ძმის სამფლობელო იყო - იქ ინახავდა სამთვლიან ველოსიპედს, ლამაზი კენჭებითა და ქვებით სავსე ხის პატარა სკივრს, ფერად-ფერად კოჭებსა და სხვადასხვა ზომის ბურთებს.
მეოთხე კი ჩემი უფროსი ძმის საკუთრება იყო და იქ თავის გამოთლილ ხის სათამაშოებს აწყობდა.
ყველაზე ძალიან ხის კლოუნი მომწონდა. მახსოვს, ყველაზე დიდხანს ამ სათამაშოს თლიდა და საგულდაგულოდ ღებავდა... ძალიან ამაყობდა ამ ნამუშევრით, ერთი საპატიო თაროც კი გამოუყო ყველაზე ზემოთ, საიდანაც მთელ სხვენსა და სხვა სათამაშოებს გადმოჰყურებდა, მათ შორის მეც, ქვემოდან რომ შევცქეროდი თვალმოუშორებლად და თან ათასგვარ ამბებს ვთხზავდი ჩემსა და მის მეგობრობაზე.
როგორ მინდოდა ერთხელ მაინც ამეყვანა ხელში და სახლის უკან მდებარე ბაღში გამეყვანა სასეირნოდ, მერე ერთად გვევახშმა და ღამითაც ერთად დაგვეძინა... რამდენ რამეს მოვუყვებოდი ძილის წინ... მაგრამ კარგად მქონდა შეგნებული, რომ ამ ოცნებას ასრულება არ ეწერა, რადგან ჯერ ერთი, რომ ვერ ვწვდებოდი თაროს და მეორეც, ჩემი ძმა ისე უფრთხილდებოდა ამ სათამაშოს, მე კი არა ჩემს და-ძმასაც არ აძლევდა იმის უფლებას, რომ ჩამოეღოთ.
მე ჩემი კუთხე არ მქონდა სხვენში, ამიტომ ხან ჩემი ძმის ფერადი კოჭებით ვთამაშობდი, ხან ჩემი დის საქანელა ცხენზე ვჯდებოდი და ხანაც ჩემი უფროსი ძმის ხის ჯარისკაცებით ვერთობოდი. ჩემს კლოუნს ბოლოსათვის შემოვინახავდი ხოლმე... დავდგამდი ხის ტაბურეტს ოთახის შუაში, დავჯდებოდი ზედ, ავხედავდი მას და მერე ერთად ვმოგზაურობდით - კალიებს დავდევდით ჭალაში, ბაყაყებს ვდარაჯობდით წყლის გუბურასთან და კენჭებს ვესროდით, ხილს ვიპარავდით, ფარდულში შევიკეტებოდით და იქ ვჭამდით, მერე და რა გემრიელი იყო მოპარული ხილი...
ვინ იცის რამდენჯერ გვიმოგზაურია მთვარეზე მფრინავი ხალიჩით, რამდენჯერ დაგვიხსნია პრინცესა ბოროტი ჯადოქრისაგან, რამდენი გმირობა ჩაგვიდენია ერთად....
კიბეებზე ბებიას ფეხის ხმის გაგონებისას თუ მახსენდებოდა, რომ უკვე ძილის დროს იყო და მეც იძულებული ვიყავი, გავყოლოდი. დედა ამ დროს იშვიათად იყო სახლში, სამრეცხაოში მუშაობდა და ხშირად ღამითაც მორიგეობდა, ამიტომ თითქმის სულ ბებია მაძინებდა, მაგრამ არასოდეს მომწოლია გვერდით. ლოგინს გამიშლიდა, ტანსაცმელს გამხდიდა, დამაწვენდა, საბანს კარგად ამომიკეცავდა, შუქს ჩააქრობდა და გადიოდა.
ერთხელაც ისე მოხდა, რომ მამას კედელზე მისაყუდებელი ხის კიბე დარჩა სხვენში - სახურავიდან წყალი ჩამოგვივიდა და ჭერის შესაკეთებლად ამოიტანა ეზოდან.
არ ვიცი იმ წუთას რა ჟინმა შემიპყრო, წვალებ-წვალებით გადმოვათრიე კიბე ერთი კედლიდან, მივაყუდე ჩემი კლოუნის თაროსთან ახლოს და ავძვერი. ერთი ხელის გაწვდენაღა მრჩებოდა “ოცნებამდე”, რომ ნაჩქარევად მიყუდებული კიბის ფეხები გასხლტა და თაროიანად ძირს მოვადინე ზღართანი.
...ვაშა! პირველად შემამჩნია ყველამ ერთად...
ხელი მოვიტეხე, მაგრამ ამაზე სულაც არ ვდარდობდი, მე ჩემი კლოუნი მებრალებოდა (ერთი კი მოვკარი თვალი, ცალ-ცალკე ეგდო თავიც და ტანიც).
დამსაჯეს - ერთი კვირით ამიკრძალეს სხვენში ასვლა, სასჯელს თან დაერთო წითელა-ბატონებიც და სამი კვირა ისე გავიდა, რა ბედი ეწია ჩემს კლოუნს ვერ გავიგე.
ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა... არ მიყვარდა ეს დღე, რადგან სულ ისეთ დღეს ემთხვეოდა, როცა არც დედა იყო სახლში და არც მამა. მე კიდე სულ ველოდი, რომ ამ დღეს სასწაული თუ არა, რაღაც ახალი მაინც მოხდებოდა, მაგრამ ეს დღეც ისე გადიოდა, როგორც დანარჩენი დღეები, თუ არ ჩავთვლით პატარა სადღესასწაული ღვეზელს, ბებია რომ მიცხობდა და იქიდანაც ნარჩენები მხვდებოდა.
ეს დღეც გათენდა. ახლად გამომცხვარი ღვეზელის სურნელი საწოლშივე ვიგრძენი, მაგრამ თვალის გახელაც კი მეზარებოდა, თუმცა გამახსენდა რომ სხვენში აშვებას შემპირდნენ ამ დღეს და უცბად წამოვხტი, საჩქაროდ ჩავიცვი და ისე ავვარდი ზევით, რომ იმ ოთახშიც კი არ შემიხედავს, სადაც სასაუზმოდ ვიკრიბებოდით.
ოთახის შუაგულში ხის ტაბურეტი დავინახე, ზედ მუყაოს კოლოფი იდო ოქროსფერი ლენტით შეკრული. სუნთქვაშეკრული მივვარდი და გავხსენი...
დიდხანს არ ვუჯერებდი თვალებს - ყუთში ჩემი საყვარელი კლოუნი იდო ბარათთან ერთად „გილოცავთ დაბადების დღეს“
სიხარულსაც ვერ დავარქმევ, რაც მე მაშინ განვიცადე, რადგან არ არსებობს ემოცია, რომელიც იმ განცდას გამოხატვს სრულად, მთელი ჩემი არსება რომ შეეპყრო.
მოტეხილი თავი მიეწებებინა ჩემს ძმას კლოუნისთვის და შეწებებული ადგილი რომ არ გამოჩენილიყო, პატარა ნაქსოვი კაშნე შემოეხვიათ ზედ, რომელიც ჩემ დას მოექსოვა სპეციალურად მისთვის.
რამდენ ხანს მყავდა გულში ჩახუტებული არ მახსოვს. მერე ბებია ამოვიდა და ჩამიყვანა სასაუზმოდ. დედაც სახლში იყო და მამაც. ყველანი მაგიდას შემოსხდომოდნენ და მე მელოდებოდნენ, სადღესასწაულო ღვეზელი რომ გაეჭრათ.
ასეთი ბედნიერი არც მანამდე ვყოფილვარ და აღარც მას მერე.
...მერე დედა გარდაიცვალა - სამრეცხაოში გაცივდა და ფილტვების ანთებამ მოუღო ბოლო. დედას ჩემი უფროსი ძმა მიჰყვა - ხუნაგი შეხვდა და სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, გზაში კიდე უფრო გაურთულდა მდგომარეობა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერაფერმა უშველა. ორი წლის მერე მამა გაიწვიეს ომში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. ბებია ნელ-ნელა დაილია დარდისაგან და როცა ისიც გაემგზავრა იმ ქვეყნად, ნათესავებმა მთელი ჩვენი უძრავ-მოძრავი ქონება გაყიდეს და სამივე ბავშვი სხვადასხვა მხარეს წაგვიყვანეს სამეურვეოდ.
ერთადერთი ნივთი, რაც მშობლიური სახლიდან წამოვიღე ჩემი კლოუნი იყო. ის და ბოღჩაში გამოკრული რამდენიმე ხელი ტანსაცმელი დამრჩა წარსულიდან.
ქალაქში წამიყვანეს დედაჩემის ბიძასთან და ბიცოლასთან.
დიდი და ლამაზი სახლი ჰქონდათ. ბიძაჩემი ბანკის ჩინოვნიკი იყო და ქალაქში პატივსაცემი პიროვნება. რაც იქ ვიცხოვრე გაღიმებული არასოდეს მინახავს, თითქოს ღიმილი სირცხვილი იყო და პატივსაცემი პიროვნების იმიჯს შეულახავდა. არც კარგად მექცეოდა და არც ცუდად, მისთვის სულ ერთი იყო იქ ვიყავი თუ არა- ვერ მამჩნევდა. ბიცოლაჩემი დილიდან დაღამებამდე თავის საქმეებში იყო ჩაფლული და ხშირად დღე ისე გადიოდა, ხმის გამცემი არავინ მყავდა, თუმცა მსმენელი ყოველთვის გვერდით მყავდა - ჩემი კლოუნი, რომლის გარეშე ერთი დღეც კი არ ვყოფილვარ.
ერთ დღესაც საბანაოდ შევედი სააბაზანოში და კლოუნი ჩემს საწოლზე დავტოვე. რომ დავბრუნდი ოთახში, იქ აღარ დამხვდა. გულგახეთქილი მივვარდი ბიცოლაჩემთან და სათამაშო მოვიკითხე. მითხრა, ახალი ტანსაცმელი გიყიდე და მოახლეს ვთხოვე შენი ძველმანები გამოეტანა ოთახიდან და ეტყობა შენი სათამაშოც ზედ მიაყოლა და გადააგდოო.
ბოლო სიტყვა ეზოში გასასვლელ კართან მომწვდა, ჩავირბინე კიბეები და ვეცი ნაგვის ყუთს... ჩემ ძველ ტანსაცმელში შეეხვიათ და ისე ჩაეგდოთ. ამოვიყვანე, გულში ჩავიხუტე და ჩემს ოთახში შევიკეტე.
დილით სახლიდან გავიპარე...
სად აღარ ვიწანწალე მას მერე, ვის აღარ შევეკედლე, ამასობაში 16 წლისაც შევსრულდი და ბოლოს ერთ პატარა ქალაქში მოხეტიალე ცირკის დასს ავეკიდე. თავიდან შავ წვრილმან სამუშაოს მავალებდნენ. მეც დაუზარელად ვმუშაობდი. დიდი საპასუხისმგებლო საქმე არ იყო და ლუკმა-პურისთვის ერთი-ორ გროშსაც ვშოულობდი.
ერთ დღესაც პატარა კლოუნმა ფეხი მოიტეხა და ექვსი თვით გამოეთიშა დასს. დასის ხელმძღვანელს ბევრი არ უფიქრია, არც შორს წასულა და მისი ადგილი პირდაპირ
მე შემომთავაზა. იმდენად დიდი მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვის, რომ ვერც ჰო ვუთხარი და ვერც არა. ხელმძღვანელმა შემამჩნია რა გასაჭირშიც ვიყავი და თვითონვე მითხრა, მოიფიქრე და ხვალ დილით მითხარი პასუხიო.
იმ ღამეს განცდებისგან არ დამეძინა. თან უცხო იყო ეს პროფესია ჩემთვის და თან ძალიან ახლობელი. მე ხომ ჩემი ყველაზე ახლო მეგობრის - დარდებისა და სიხარულის გამზიარებლის ტყავში უნდა შევმძვრალიყავი...
ან როგორ მივეჩვეოდი ერთბაშად ამხელა ყურადღებას მე, აქამდე ყველასათვის შეუმჩნეველი. ამ ფიქრებში დამათენდა ღამე.
როგორც ჩანს დილა უფრო გამბედავი აღმოჩნდა საღამოზე და დავთანხმდი.
ორი კვირიანი რეპეტიციის შემდეგ ჩემი ახალი ცხოვრებაც დაიწყო.
სცენაზე გასვლის წინ ამოვირჩევდი ხოლმე რომელიმე მაყურებელს, წარმოვიდგენდი რომ მის ადგილას ჩემი სათამაშო კლოუნი იჯდა და მთელი საღამო მისთვის ვმართავდი წარმოდგენას. ისე შევდიოდი როლში, რომ ვეღარ ვიგებდი სად მთავრდებოდა კლოუნი ჩემში და სად ვიწყებოდი მე, სად ვმთავრდებოდი მე და სად იწყებოდა კლოუნი. თითოეული დაკრული ტაში თუ სიცილი ყველა იმ დღესა და საათს მინაზღაურებდა, ”სულ ერთი” რომ ვიყავი. თუმცა აქაც თავს ვიტყუებდი, როგორც კი სცენას გავცილდებოდი და ჩემს ვაგონში გრიმს ჩამოვიცლიდი, ისევ ”სულ ერთი” ვხდებოდი და ჩემი სათამაშო კლოუნის ამარა ვრჩებოდი. დღის შთაბეჭდილებებსაც მას ვუყვებოდი.
ერთ დღესაც როცა წარმოდგენის დაწყების წინ ჩვეულებისამებრ მაყურებელს ვათვალიერებდი ერთ-ერთის ამოსარჩევად, მეორე რიგში ათი-თორმეტი წლის ულამაზეს გოგონას მოვკარი თვალი. თხელ მხრებზე ოქროსფერი კულულები ჩამოშლოდა და ლურჯი თვალები ისე უბრწყინავდა სიხარულისგან, რომ მისი შემხედვარე, ჩემი კლოუნი სულ გადამავიწყდა და მხოლოდ წარმოდგენის ბოლოს მივხვდი, რომ იმ დღეს ამ გოგონასთვის ვითამაშე და არა ჩემი მეგობრისთვის.
პირველად ვუღალატე...
გვიანობამდე დავხეტიალობდი ქალაქში და თან ოქროსფერკულულებიან გოგონაზე ვფიქრობდი და თან ჩემს კლოუნზე, მთელი დღე რომ უპატრონოდ მყავდა მიგდებული საწოლზე.
ვაგონში რომ დავბრუნდი სინდისი მქენჯნიდა და პირველად ჩემს ცხოვრებაში, ისე დავიძინე რომ ჩემი მეგობრისთვის არაფერი მომიყოლია ძილის წინ.
ასე გაგრძელდა მომდევნო ოთხი თვე.
გოგონამ შეამჩნია, რომ მთელი ყურადღება მისკენ მქონდა მიმართული წარმოდგენის დროს და ამიტომ ყოველ დღე მოდიოდა და ყველა სეანსს ესწრებოდა. მეც მხოლოდ მისთვის ვთამაშობდი. მერე გვიან ღამემდე დავხეტიალობდი ქალაქში და ვაგონში დაბრუნებული უსიტყვოდ ვიძინებდი.
ერთ დღესაც წარმოდგენის შემდეგ, ჩემი ვაგონისკენ გავემართე. როგორც ყოველთვის გრიმი უნდა ჩამომებანა და ქალაქში გავსულიყავი სახეტიალოდ.
უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა. მივტრიალდი და გოგონა შემრჩა ხელთ. მე მომდევდა. თავბრუ დამეხვა აღელვებისგან და ერთ ადგილას გავშეშდი.
მომიახლოვდა და მითხრა: ”ყოველთვის მაინტერესებდა კლოუნები სად ცხოვრობენ, მაჩვენებ შენს სახლს?”
სანამ პასუხისთვის სიტყვების თავმოყრას შევძლებდი, გოგონამ ჩამკიდა ხელი და ისე მიბიძგა, თითქოს მე კი არა, მას უნდა წავეყვანე თავისთან სახლში.
როგორ მივლასლასდი ვაგონამდე არ მახსოვს, მაგრამ კიბეზე ასვლაში კი მივეხმარე და შიგნით შევედით.
”აი თურმე სად ცხოვრობ” - სიცილით ჩაილაპარაკა, ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა და თვალი მოავლო იქაურობას.
უცბად ტანსაცმელების ყუთიდან ამოყოფილ კლოუნის თავს მოჰკრა თვალი (რაც ღამ-ღამობით აღარ ველაპარაკებოდი იქ მივუჩინე ბინა), წამოხტა და ამოიყვანა ყუთიდან.
”როგორ გგააავს!” - გაკვირვებითა და სიცილით წამოიძახა.
”მე ვგავარ მას”.
”ეგ როგორ?” - მკითხა და უფრო დაკვირვებით დაგვიწყო ორივეს თვალიერება.
”როგორ და ჯერ ეგ იყო და მერე მე”
”რა მნიშვნელობა აქვს ორივე ერთნაირები ხართ, ერთნაირად სასაცილოები”
”ჰოო, ალბათ, დიდი ხანია ერთად ვცხოვრობთ”- არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
”იცი, ჩვენ ხვალ მივემგზავრებით ამ ქალაქიდან და დღეს გამოსამშვიდობებლად მოვედი”.
ვიგრძენი როგორ გამიარა ელდამ გულში.
”მაჩუქებ ამ კლოუნს? მინდა შენგან სამახსოვროდ დამრჩეს რამე, აი მე ჩემს თმის სარჭს გაჩუქებ .” - მითხრა, თან თმის სარჭი მოიხსნა და გამომიწოდა.
გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ყურები დამეხშო, სუნთქვა შემეკრა და მთელი სხეულით ავკანკალდი. ჩემს არსებაში ორი საწყისი დაეჯახა ერთმანეთს მთელი ძალით - ჩემი წარსული (მთელი ჩემი განვლილი ცხოვრებით და დაკარგული ოჯახით, რომლის არსებობის ერთადერთი ფაქტი ჩემი მეგობარი კლოუნი იყო,) და ჩემი სიყვარული, რომელიც ეხლა ჩემს წინაშე იდგა და ზუსტად ისევე მიყურებდა, როგორც წარმოდგენის დროს.
უარის საშინლად მრცხვენოდა, რადგან მე უკვე ხელში მქონდა მისი საჩუქარი და დათანხმებასაც ვაპირებდი, რომ უცბად თვალი გამექცა ჩემს კლოუნისკენ, მთელი ძალით რომ ჩაებღუჯა გოგონას და ერთბაშად თვალწინ დამიდგა ყველაფერი - ჩემი ტაბურეტი, ნახევარი ბავშვობა რომ გავატარე ზედ, მოტეხილი ხელი, დაბადების დღე, ჩემი ოჯახი, ის გმირობები რასაც მე და ჩემი კლოუნი ჩავდიოდით და უარი ვუთხარი.
თვალები აუწყლიანდა და კლოუნი გამომიწოდა, მერე გაუბედავად მომიახლოვდა, ფეხის წვერებზე აიწია და სახეზე დახატული ღიმილის კუთხეში მაკოცა.
”მე მაინც გაჩუქებ ჩემს თმის სარჭს”...
არ გამიცილებია... თვალიც კი არ გამიყოლებია...
რამდენ ხანს ვიდექი გაშეშებული, არ მახსოვს... გონზე რომ მოვედი, მთელი ძალით ჩავიკარი გულში ჩემი მივიწყებული მეგობარი და პირველად ჩემს ცხოვრებაში პატარა ბავშვივით ავქვითინდი.
მას მერე ჩვენი მეგობრობა აღარავის და აღარაფერს დაურღვევია.
დავდიოდოთ ქალაქიდან ქალაქში და მეც ისევ ვეძებდი მაყურებელთა რიგებში ერთ-ერთს, რომლის ადგილასაც ჩემს კლოუნს წარმოვიდგენდი და მისთვის ვითამაშებდი.
ამასობაში 30-საც გადავაბიჯე და ჩვენი საცირკო დასიც ნელ-ნელა დაიშალა.
ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი. სამუშაო ვერსად ვიშოვე, არც განათლება მქონდა და არც რაიმე ხელობას ვფლობდი, ამიტომ გადავწყვიტე ისევ კლოუნი გავმხდარიყავი - ამჯერად ქუჩის და გამვლელ-გამომვლელი გამერთო. ღამ-ღამობითაც იქვე ვიძინებდი. პურისა და სასმელის ფული ყოველთვის მქონდა, ზოგჯერ საჭმელიც მოჰქონდათ ჩემთვის და თავი გამქონდა თვიდან თვემდე.
ერთ დღესაც ჩემს წინ ტაქსი გაჩერდა, კარი გაიღო და პატარა გოგონა გადმოხტა.
”დედიკო აი კლოუნი, მივიდეთ რაა”- წამოიძახა და დედამისის გადმოსვლას არც დალოდებია, ისე მოიჭრა ჩემთან.
შევხედე და დრო გაჩერდა... ისევ ის თვალები... ისევ ის ოქროსფერი კულულები, თხელ მხრებზე ჩამოყრილი...
მერე დედამისიც მოჰყვა.... ვიცანი... თუმცა ძნელი იყო იმის წარმოდგენა რომ ეს ელეგანტური ქალბატონი ოდესღაც ამ ბავშვისა და ჩემი ერთადერთი სიყვარულის ასლი იყო.
”წავიდეთ, არ გვცალია” - მკაცრად უთხრა დედამ გოგონას, მერე ხელი ჩაჰკიდა და იქვე ქუჩის კუთხეში მდებარე ტკბილეულის მაღაზიაში შეიყვანა.
სანამ იქიდან გამოვიდოდნენ, მე ჩემს ბუნაგში მოვასწარი შეძვრომა, საჩქაროდ გამოვიცვალე, სახე ჩამოვიბანე და მაღაზიიდან გამოსულ დედა-შვილს ავედევნე მალულად. მინდოდა გამეგო სად ცხოვრობდნენ.
ქუჩა გადაჭრეს და გზა გააგრძელეს, ათწუთიანი დევნის შემდეგ ერთ სახლთან შევჩერდით. კიბეები აიარეს, მერე კარი გასაღებით გააღეს და შიგნით შევიდნენ.
მას მერე ჩემი სამუშაო დღის შემდეგ, ყოველ საღამოს მათ სახლთან მივდიოდი, იქვე ყვავილნართან ახლოს, ტირიფის ქვეშ შეფარებულ გრძელ სკამზე ჩამოვჯდებოდი და მათ ფანჯრებს ვუყურებდი.
თითქოს იმ დროში დავბრუნდი, სხვენში, შუაგულ ოთახში რომ დავდგამდი ხოლმე სკამს, დავდჯებოდი ზედ და თაროზე შემოდებულ კლოუნს შევცქეროდი ოცნების თვალით და თან ათასგვარ ამბავს ვთხზავდი. ეხლაც ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი, ოღონდ მიუწვდომელ თაროზე სხვა რაღაც იდო.
რამდენჯერ დამთენებია ამ სკამზე ხან ალკოჰოლით გაბრუებულს, ხან ფხიზელს...
რამდენჯერ ისე აუვლია და ჩაუვლია ელეგანტურ ქალბატონად ქცეულ გოგონას, რომ ჩემს მისალმებაზეც კი არ უპასუხია... გასაკვირი ის კი არაა, რომ ვერ მცნობდა, (ან როგორ მიცნობდა როცა გრიმის გარეშე არ ვუნახივარ და ისიც ბავშვობაში.) უბრალოდ ვერც ის მამჩნევდა და მისთვისაც ”სულ ერთი” ვიყავი... მისთვის სულ ერთი იყო ტირიფის ქვეშ ცარიელი სკამი იდგა თუ ზედ ვინმე იჯდა.
ერთ დილასაც, როცა დედას გოგონა სასწავლებელში მიჰყავდა და გვერდით ჩამიარეს, გავიგონე როგორ ჰკითხა ბავშვმა დედას:
”დედა ვინ არის ეს კაცი ამ სკამზე რომ წევს სულ?”
”ალბათ უსახლკარო მაწანწალაა, შვილო”
იმ ღამეს იქ აღარ გამითენებია, ჩემს ბუნაგში დავბრუნდი. მეორე დილით იმ სახლისკენ გავემართე ისევ...
თავსხმა წვიმა იყო. მუყაოს ყუთი რომ არ დამსველებოდა, რომელიც ჩემი ბუნაგიდან გამოვიყოლე, ლაბადა გავიხადე და ყუთი მასში გავახვიე.
ჩავუარე ტირიფსა და სკამს, გადავჭერი ყვავილნარი, ავიარე სახლის კიბეები, და ზარი დავრეკე.
კარი მოახლემ გამიღო. მოახლეს უკან კი პატარა გოგონამ გამოჰყო თავი.
ყუთს ლაბადა შემოვხსენი და გოგონას გავუწოდე.
”ეს რა არის?” - მკითხა ღიმილით
”ეს საჩუქარია შენთვის” - მივუგე.
” საჩუქარიიი?? რა საჩუქარი? - შეიძლება გავხსნა?” - მოუთმენლობისგან გაუბრწყინდა თვალები.
”სათამაშო კლოუნია და თმის სამაგრი, ოღონდ ეხლა ნუ გახსნი, სახლში შეიტანე და მერე...”
”გმადლობთ, დედიკოს მივუტან ეხლავე” - მითხრა და გაიქცა ყუთიანად.
კარი მიიხურა და მეც წამოვედი. ქუჩა გადავჭერი და ხეს ამოვეფარე.
ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და ამჯერად დედა გამოვიდა გარეთ, კიბეები ჩამოიარა და იქვე გაჩერდა, საწვიმარიც კი არ მოეხურა... აქეთ-იქით იყურებოდა და საით წასულიყო ვერ გადაეწყვიტა... ვიღაცას ეძებდა... ის ვიღაცა კი ხეს იყო ამოფარებული და მალულად უყურებდა თავისი წარსულის ერთადერთ ცოცხალ სახეს, ცოტა ხანში კარს მიღმა რომ უნდა გაუჩინარებულიყო.

დიდხანს იდგა წვიმაში გალუმპული....მერე შებრუნდა, კიბეები აიარა და სანამ კარის მიხურვის ხმას გავიგონებდი, გავცილდი იქაურობას...
რაღა მნიშვნელობა ჰქონდა მისი კარის ხმას , ჩემი უკვე მიხურული იყო.

5 comments:

Anonymous said...

შენი ბლოგი-ჩემი ნავთსაყუდელი... თუ სულთ საყუდელი.

margusha said...

რომელი ხარ ლოუნლი სპირიტ აბა?:)

Anonymous said...

shen ar gecodinebi : ))

megi said...

ძალიან მაგარიააააა.......<3 სიტყვები არ მყოფნის!!!

the clown said...

კარგია

Post a Comment