Wednesday, August 11, 2010

ეგოპერფომანსი ანუ ცოტ-ცოტა "მე"-ზე

ვისში შეიძლება მიპოვოთ:

პატრიაცია (სამი მეგობარი) + პაოლა (დიდი სახ. პატ დიას.) + მერცია (ამბრი უმბრი და არაბნი) + დონია სოული (სისხლი და ქვიშა) + თეო (სხვისი შვილები)
ამათი საშუალო არითმეტიკული ვარ.

ჩემი სულიერი სამშობლო ჩინეთია.

მიყვარს და მივილტვი კონტრასტებისკენ ყველგან, ყველა და ყველაფერში.

უსარგებლო, ძველი ნივთების გადაყრა ყველაზე დიდი ჰობია ჩემი. (პირდაპირი მნიშვნელობით)

არ მახასიათებს ადამიანებზე მიჯაჭვულობა. მარტო ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და ყველაზე "შინ", აქედან გამომდინარე მეგობრობა არ არის ჩემთვის პერმანენტული ცნება. " ბავშვობის მეგობარია და როგორ დავკარგო" ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მეგობარია იქამდე, სანამ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ და ზრდაში არ ჩამომრჩება. არც ფინჯანი ჩაის ან ყავის "საბუტილნიკ-საჩეთაო" დაქალოჩკები მყავს.

მიხარია რომ ვისწავლე აღარ მოვითხოვო ადამიანისგან იმაზე მეტი, ვიდრე ეს მასშია.

ერთი შეხედვით ვცნობ "ჩემიანებს" და ბოლომდე ვიხარჯები მათთვის, დანარჩენები შორს და კარგად!

მეზიზღება, აი მთელი გულით მეზიზღება ძუნწი ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა სხვა რა დადებითი თვისებები აქვს. ჩემთვის ძუნწზე უარესი ადამიანი არ არსებობს, თვით ქრონიკული ალკოჰოლიკიც კი, რომელიც ასევე მეზიზღება თავისი მუდმივად ჩაწითლებული თვალებით, კანსა და ტანსაცმელში გაჟღენთილი მონელებული ალკოჰოლის სუნით, შესიებული ცხვირ-პირით, ჩახლეჩილი ხმით და სწრაფად აჩუყებადი გულით (ბრრრრრრრრრრრრ! ) და საერთოდ უფრო ბევრ რამეზე შემიძლია ვთქვა ვერ ვიტან, ვიდრე მიყვარს ან მომწონს. (ადრე პირიქით იყო)

ვეთაყვანები ადამიანებს, რომლებიც ფორტეპიანოზე კარგად უკრავენ.

მიზიდავს ის ადამიანები, რომლებმაც იციან თავისი თავის ზუსტი ფასი. ერთნაირად განმიზიდავს უტვინო ამპარტავანი და ყველა ღირსებით შემკული, მაგრამ საკუთარ ჩრდილს შეფარებული ძალიან თავმდაბალი ადამიანი.

რაშიც გემოვნება არასოდეს მეცვლება ეს როკ ბალადებია, განსაკუთრებით მიყვარს აკუსტიკური ვერსიები.

ძალიან მიჭირს მოსმენა იმ ადამიანის ვინც ს, შ, ძ, ც, წ ბგერებს სისინით და მკვეთრად წარმოთქვამს.

მეზიზღება უტაქტო ადამიანები, რომლებიც თავიანთ უტაქტობას ამართლებენ იმით რომ "რა ვქნა მე ეგეთი ვარ მირჩევნია პირში ვუთხრა სიმართლე, ვიდრე ზურგსუკან გავჭორო", არადა ზუსტად ესეთი პირშიმთქმელები არიან ყველანაირი ჭორის სათავე და ბუდე.

ვერიდები ურთიერთობას "ტიპიურ" მრევლთან.

საშინლად მეზარება ლაპარაკი. არა, არ მიყვარს, არამედ მეზარება, ფიზიკურად მეზარება სიტყვების წარმოთქმა. ასევე მეზარება სმს-ის გაგზავნა, ამიტომ თითქმის არასოდეს ვპასუხობ მოსულ სმს-ს, პასუხად ვრეკავ. მეზარება ყველანაირი ჩათი, ამიტომ ონლაინ ვარ მხოლოდ მაშინ, როცა ვინმესთან რამე საქმე მაქვს.

ჩემი ”სამოთხე”: ბუხარი, ტორშერი, სავარძელი, წიგნი და მხოლოდ საათის წიკწიკის ხმა. ჩემი წუთიერი ”ჯოჯოხეთი”: როცა ამ სამოთხეს ვიღაცა რაიმე ყოფითი კითხვით მირღვევს და პასუხის გაცემა მიწევს ან ტელეფონი რეკავს.

ვერ ვიტან მობილურს, აუცილებლობა რომ არ მოითხოვდეს, არ მექნებოდა. ხშირად მრჩება სახლში, მავიწყდება დატენვა და ა.შ. ძირითადად ფლეიერად ვხმარობ.

არც ტელევიზორი მიყვარს. მარტო როცა ვარ, არც მახსენდება თუ არსებობს.

ინტერნეტზე ვარ საშინლად დამოკიდებული, 96- წლიდან ამით ვარ ავად. როცა რაიმე მიზეზის გამო გათიშულია, ასე მგონია მაკლია ცალი ხელი, ფეხი, თვალი, ყური. ვარ ძალიან აფორიაქებული, გაღიზიანებული და ვერაფერზე ვერ გადამაქვს ყურადღება, სანამ არ ჩაირთვება. სულ რომ არ მივეკარო კომპიუტერს, როცა ვიცი რომ ქსელი ჩართულია წყნარად ვარ. მწეველებს რომ სჭირთ ბოლო რამდენიმე ღერზე ისე ვარ რაა.

ფილმებზე და წიგნებზე ისევ ისე მიჩუყდება გული, როგორც ბავშვობაში, ანიმაციაზეც კი. ყველაზე ცრემლუხვად გამოტირებული მაქვს ნაირა გელაშვილის ”ჩვენება” და რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო რეაქცია ისევ ისეთი, როგორც პირველად.

ბოლოს ვიტირე მულტფილმზე "მერი და მაქსი".

ვერ ვიტან ”რაც არ უნდა კარგი იყოს, დედამთილი მაინც დედამთილია” ქალებს და უნდათ თუ არა მსხვერპლის როლს რომ ირგებენ. უფრო მეტად ვერ ვიტან ცოლსა და დედას შორის გაჭყლეტილ ბუნჩულა ქმარს, ვერც ერთის წყენას რომ ვერ ბედავს და საკუთარ წვენში იხარშება.

ბუნებამ მაგრად გამაზა ჩემზე, კაცად რომ არ გამაჩინა, მიუხედავად იმისა რომ ქალი ვარ 1000000%.

ვერ ვიტან შტერულ და უინტელექტო იუმორს. არც კუთხური იუმორი მიყვარს.

ოცნებები არ დამმსხვრევია, იმიტომ კი არა რომ ბედი მწყალობდა, უბრალოდ არ მქონია. მქონდა მხოლოდ მიზანი, რომლისკენ მიმავალიც შუა გზიდან უკან ვბრუნდებოდი, ოღონდ შიშის გამო არა, ინტერესი მეკარგებოდა. დღემდე მომყვება ეს ცუდი თვისება. როცა ვხედავ რომ რაღაცა ადვილად გამომდის შუა გზაზე ვტოვებ. დაბრკოლებებს ვერ ვიტან, მთავარია იმ დაბრკოლებას ერთი ნაბიჯით გადავახტე, აი მერე „ჰოპლას“დაძახების სურვილი მეკარგება. აქედან გამომდინარე ვიცი თითქმის ყველაფერი, მაგრამ საფუძვლიანად არაფერი.

ადრე ყველაგან და ყველაფერში პირველი ვიოლინო უნდა ვყოფილიყავი, ეხლა სრულიად ვკმაყოფილდები პარტერის ბოლო რიგში ვიჯდე ყველაზე განაპირა სკამზე გასასვლელ კართან ახლოს და იქედან ვადევნო თვალყური ყველაფერს ჩუმად და როცა მომბეზრდება, ასევე ჩუმად გავიპარო.

მშურს იმ ადამიანების რომლებსაც კარგი ემართებათ თუ ცუდი ღვთის ნებას მიაწერენ, მარტივია ესე ცხოვრება.

დიდხანს მჯეროდა ქვაზე დადებული მადლის ბუმერანგის თვისებაზე, ისიც დიდი მიღწევაა ქვა მაინც თუ დაგხვდა.


არანაირ პატივს არ ვცემ ცალმხრივი სიყვარულით გამოცალტვინებულ ქალებს.

ყველანაირი წარმოდგენა მეკარგება ქალზე თუ ოდესმე წამოსცდა ვინმეს მიმართ: "გაა---ვი" და საერთოდ თუ რაიმე ტერმინი ახსენა კუჭის მოქმედების ნებისმიერი აქტიდან:D

მთელი ცხოვრება ჩემს თავს ვუსწრებ, მერე უკან რომ მოვიხედები და ვხედავ ჩემს თავს, რომელიც არხეინად ჩამომჯდარა და დამცინის, რას ფართხიფურთხობ შე უბედურო, მაინც ვერ გამასწრებ და გაქცევაზე ლაპარაკი ხო ზედმეტიაო, მერე კეთილს ვინებებ და ველოდები ხოლმე, მერე ჩემი თავი მასწრებს და ვცდილობ მე დავეწიო და ზუსტად მაშინ ვეწევი, გასასვლელს რომ მიადგება და აღმოჩნდება რომ თურმე ადრე მიხვიდოდი თუ გვიან სულ ერთი იყო, რადგან კარს როცა გინდა მაშინ გააღებდი.

ჩემი საყვარელი საქმიანობა, როგორც ბრალს მდებენ ნაკვერჩხლის ხანძრად გადაქცევაა და ქარიშხლის დატრიალება ჭიქაში, არადა თუ ეს ნაკვერჩხალი ფეხსაცმელში არ ჩამიყარე და ეს ჭიქა თავზე არ გადამალეწე, ვერც ვამჩნევ.

მავნე ჩვევა? თმას ვაწვალებ ხელით და მიფუჭდება, მერე ამის გამო ვიჭრი და და შესაბამისად ჩემი აუხდენელი ოცნება გრძელი თმებია.

შენიშვნაზე ვფუჭდები და ამ დროს თუ ვიღაცამ არ შემომილაწუნა, იმ საქმეს ათასჯერ უფრო მეტად გავაფუჭებ, რის გამოც შენიშვნა მივიღე.

ჩემი ცხოვრება ერთი გაჭიანურებული ცხადზე ცხადი რეალობაა, სადაც ერთი დიდი მინის კედლის წინ ვდგავარ, რომლის იქითა მხრიდან თაფლი უსვია და მე ისღა დამრჩენია აქედან ვლოკო. ამას ერთი პლიუსიც აქვს. მუდმივად მაქვს მიზანი, რომ მინის მეორე მხარეს მოვექცე.

ერთი შეხედვით ვტოვებ უემოციო, ცივი და უხასიათო ადამიანის შთაბეჭდილებას. ეს ალბათ ასეცაა, რადგან ძალიან ცოტა ადამიანისთვის ვარ ის, რაც სინამდვილეში ვარ, დანარჩენებისთვის ან ნაცრისფერ თაგვს ვთამაშობ ან კრუელას. ემოციებს რაც შეეხება, მხოლოდ შიგნით განვიცდი, გარეთ გამოტანა არ შემიძლია. გარეთ მაშინ გამომაქვს თუ ამას ვწერ. თუ შეყვარებული ვარ მაშინ ოოო! ეგრევე ჰიპერკუბად გადავიქცევი ხოლმე და თუ "გვერდში მდგომიც" არაა ჰიპერკუბი, ვერც ის გამიძლებს და მეც მალევე მეკარგება ინტერესი.

შეყვარება შემიძლია იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი გამიჩნდება. ჩემი "არა" არასოდეს ნიშნავს "ვნახოთ" "შეიძლება"-ს. არა არაა და დიახ - დიახ.

არასოდეს მყვარებია უღირსი ადამიანი და თუ კი ოდესმე ვინმე მყვარებია, დღემდე მიყვარს და პატივს ვცემ. იგივეს ვგრძნობ მათი მხრიდანაც. თითოეულმა იმაზე მეტი გამხადა, ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავი მათ გარეშე.

ვთლი რომ ადამიანი ყველაზე „შიშველი“ და ყველაზე კარგად საკუთარ თავს გამოხატავს სექსში, გაბრაზებისას და უეცარი ელდის დროს.

ფიქრებშიც კი ტაბუ ადევს ჩემთვის მეგობრის ქმრებს თუ მათ მეგობარ კაცებს, თუნდაც "ყოფილებს".

მიყვარს გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის რქების მომტვრევა, ოღონდ მხოლოდ მაშინ რომ მიხვდება, როცა დასჭირდება, ხელს წაივლებს და იქ აღარაფერი დახვდება.

დილის ძილი და დილაობით ბოლომდე გამოფხიზლებამდე მასაჟი ჩემი მუდმივი მოთხოვნილებაა სულის და ხორცის, მაგრამ მოთხოვნილება მოთხოვნილებად რჩება.

ბოლო ოთხი წელია ღამეში მხოლოდ 4-5 საათი მძინავს.

იმის გამო რომ ჩემი ტვინი ნონ-სტოპ რეჟიმში მუშაობს, გამუდმებით ვფიქრობ და რაღაცას ვაანალიზებ ტვინში, ვარ საშინლად გონებაგაფანტული და დაბნეული. ყოველდღიური რუტინული საქმის პარალელურად სულ სხვა რაღაცეებზე ვფიქრობ და ამის გამო შეიძლება ფეხსაცმელი შევაწყო მაცივარში. მობილური შევაერთო უთოს მაგივრად. თითქმის არასოდეს მახსოვს სად წავიღე ესა თუ ის ნივთი. გამუდმებით ვეძებ, მობილურს, გასაღებს, პირადობის მოწმობას, მაგრამ მიუხედავად ამისა უწესრიგობას ვერ ვიტან. დაულაგებელ სახლში დისკომფორტი მეუფლება. ერთადერთი ადგილი სადაც მუდმივი ქაოსი მაქვს, ჩემი ჩანთაა. იქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაფერი და რაც მჭირდება იმას ყოველთვის ბოლოს ვპოულობ ჩანთაში. მაგალითად თუ მჭირდება გასაღები, ვპოულობ მას მერე რაც მთელ ჩანთას ამოვატრიალებ, მაშინ როცა სხვა რაღაცის ძებნის დროს შეიძლება პირველი მომხვდეს გასაღები ხელში და ესე თითქმის ყველაფერზე.

დეპრესიული ვარ, მაგრამ დეპრესიულობას არასოდეს გამოვხატავ დეპრესიულობით. ხასიათზე არ მეტყობა. ძირითადად სულ ერთიდაიგივე ხასიათზე ვარ, არც კარგზე და არც ცუდზე. ვერასოდეს ვუგებდი იმ ადამიანებს, ვინც დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებენ.

ჩემი ცხოვრება შეიძლება დავყო ორ ნაწილად - დედობამდე და დედობის მერე. მიუხედავად იმისა რომ ამაზე ძლიერი ინსტიქტი არ არსებობს და ამაზე დიდი სიყვარული, მაინც ვიტყვი რომ დედობამ ცალსახად შემცვალა უარესობისკენ, (გარეგნულ ფაქტორს არ ვგულისხმობ). შინაგანი თავისუფლება მინიმუმამდე შევზღუდე, უფრო ნერვული, დამფრთხალი და შეშინებული გავხდი. წარმოუდგენლად რისკიანი ვიყავი. ეხლა აღარ, უფრო სწორედ, ვეღარ. მყავს ის, ვის წინაშეც მთელი ჩემი ცხოვრებით ვარ პასუხისმგებელი.

საშინელი მფლანგველი ვარ. ერთ დღეში ერთნარი აზარტით შემიძლია დავხარჯო ლარიც და ათასი ლარიც და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს განწყობაზე დახარჯულ-დაუხარჯავის რაოდენობა არანაირად არ აისახება.

"გაშინაურება" - ამაზე ჩართული მაქვს სიგნალიზაცია და დაბადებიდანვე დამყვება ეს. არასოდეს გავუშინაურდები ვინმეს და ვერც მე გამიშინაურდებიან. მომენტალურად იბლოკება ესეთი ადამიანი ჩემში. „მოშინაურებაში“ არ აგერიოთ ოღონდ:)

ვერიდები ურთიერთობას მუდმივად ხაზგასმულად კარგ ხასიათზე მყოფ ადამიანებთან, ცას და ქვეყანას რომ არიან მოდებული და ყველას მეგობარს ეძახიან. ესეთები ყოველთვის ცალი ყურით გისმენენ, არაფერი გულთან ახლოს არ მიაქვთ და შეუძლიათ საკუთარ კეთილდღეობას ყველა და ყველაფერი გადააყოლონ.

მირჩევნია პატივს მცემდნენ, ვიდრე ვუყვარდე. ესეც არის ჩემს რეალურ გარემოში და ესეც ჯობია. ადამიანი ისეა მოწყობილი რომ იმას უფრო ადვილად აწყენინებს ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი რიდიც აქვს.

ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანებზე გარკვეულ გავლენას ვახდენ, ადვილად სჯერათ ჩემი და მენდობიან. ღმერთმა დამიფაროს რომ ოდესმე ისე გადამიტრიალდეს ჭკუა, ამით ვისარგებლო.

ჩემი სულის და გულის ყველაზე დიდი და ჯანსაღი ნაწილი ჩემმა დამ წაიღო და დარჩენილი ნაწილი ტურბოზე მაქვს ჩართული, სადამდე გამიქაჩავს არ ვიცი...

0 comments:

Post a Comment