Wednesday, July 7, 2010

დიდები ვართ!!!

Eric Clapton- Wonderful tonight ამას ვუსმენდი და... 

ნოსტალჟი და კასეტების ჩხარაჩხური ჩანთაში კონსპექტების მაგივრად :))
...რომ იციან რომ ყველაზე დიდი საჩუქარი შენთვის კასეტაა და ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად გაგახარონ ამით... სხვანაირად გრძნობ, სხვანაირად გიხარია და სხვანაირად გტკივა...
ასაკთან ერთად როგორ უბრალოვდება ყველაფერი. ცხვირწინ ვიშენებთ ბარიერებს და გვიხარია, რომ ვეღარავინ გვატკენს გულს. უკვე მაგრები და გამოცდილები ვართ! და გრძნობების სამყაროში სულ ახლახანს შებიჯებულებს, საკუთარი უპირატესობის გრძნობით ვაფრთხილებთ, რჩევებს ვაძლევთ, როგორ არ იტკინოს გული, როგორ ითამაშოს, სად რა ნიღაბი მოირგოს და ირონიით ვეუბნებით “მაიცა რაა მეც ვიყავი შენხელა, არავინ არ ღირს ნერვების ასაშლელად, მთელი სამყარო ერთში არ უნდა მოაქციო, ეს უკუჩვენებაა სიყვარულის. და ა.შ.... მაგრამ გვავიწყდება რომ ის რაც ვართ და როგორებიც ვართ ”მთელი სამყაროს ერთში ჩატევის” შედეგად ვართ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ დაგენგრა და ხელახლა აგიშენდა ეს სამყარო. იმდენჯერ მდიდარი ხარ სულიერად რამდენჯერაც დაგენგრა და ხელახლა აიშენე. ეს იმას ნიშნავს რომ ბოღმა არ ხარ, სიცოცხლე გიყვარს, ძიებაში ხარ და ამ ძიებაში იზრდები და ტკივილში ცოცხლდები. რადგან ყველაზე რეალური ფიზიკური შეგრძნება ტკივილია. როცა არ გტკივა, არც არაფერს გრძნობ. შენი სიცოცხლის პირველი მასპინძელიც ტკივილია და ბოლო გამცილებელიც.
ჩვენ კიდე ვიზრდებით და ჯავშან-ჟილეტებს ვირგებთ, გარედან შემოღწეული გრძნობებისაგან თავდასაცავად და არც შიგნიდან გარეთ ვუშვებთ, რომ სისუსტეში არ ჩაგვითვალონ, ჩვენ ხო უკვე დიდები ვართ, გამოცდილები ვართ, აღარ შეგვეფერება ამურული განცდები და ვირგებთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნიღბებს: ქალთმოძულე ლოველასის, ან უბრალოდ ლოველასის, პო#უისტის, ფემე ფატალეს, სტერვის, ცინიკოსის, ერთხელ და სამუდამოდ იმედგაცრუებულის, პირველსიყვარულში ჩარჩენილის, ა.შ. და ვერც ვიგებთ ისე ვუხეშდებით და ვერგებით ამ ნიღბებს, (ნიღბები კი არ გვერგება, ჩვენ ვერგებით ჩვენივე გამოგონილ ნიღბებს) და ისე გვიხორცდება სახეზე, აგლეჯვისას ტკივილი რომ არ გამოიწვიოს გვირჩევნია სამუდამოდ შეზრდილი დაგვრჩეს.
ავიშენოთ ბარიერები, ავიშენოთ! რაც მეტი ფენა მით უკეთესი და მერე გზის ბოლოში თვალი შევავლოთ და წარმოვიდგინოთ რა ჩავაყოლეთ ფენებს შორის.

0 comments:

Post a Comment