Wednesday, July 7, 2010

...ჰოდა ესე...

”საით მივყავართ ოცნებებს” ?! პასუხი ცალსახაა, იქით საიდანაც მოვიდნენ, ისევე როგორც ქარს მიაქვს თავისივე მოტანილი.
მაგრამ ჯიუტად გვჯერა ხოლმე მაინც რომ ყორანიც გათეთრდება, კედელიც შეყრილი ცერცვით შეილესება, ბუზე დიდი და ამტანი თავიც გვაქვს. გაზაფხულსაც უმერცხლოდ მოვიყვანთ და ჩვენვე ავყვავდებით საკუთარ ფანჯრებთან, ავ ძაღლსაც შევაცვლევინებთ ზნეს, ამირანსაც ხმამაღლა ავამღერებთ, უგვარო მწყერსაც შევსვამთ ხეზე, რასაც დავთესთ, მართლა იმასვე მოვიმკით, ჩვენ კარს რომ გავაღებთ, სხვისიც ღია დაგვხვდება და ა.შ.
და ამ დროს რეალობას მოწყვეტილები ვივიწყებთ, რომ ყორანს არანაირი პრეტენზია აქვს საკუთარ სიშავეზე და ბოლოს ისე გამოგვდის როგორც ”შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო”
გვავიწყდება რომ:
კედელი ვერ შეიკავებს შეყრილ ცერცვს, გრავიტაცია არ იძლევა ამის საშუალებას.
ყველას იმხელა თავი, აქვს რისი ტარებაც მის მხრებს შეუძლია.
რაც არ უნდა დავაჩქაროთ, გაზაფხული მაინც თავის დროზე მოვა და თავის დროზე ამოწურავს თავის თავს.
ავ ძაღლს მაქსიმუმი რაც შეიძლება გაუკეთო, ის არის რომ უფრო გააავო.
ამირანს გულში რომ აუკრძალო მღერა, ხმამაღლა კი არ დაიწყებს სიმღერას, არამედ სულ დაავიწყდება რას მღეროდა.
უგვარო მწყერი რომ შევსვათ ხეზე, აზნაურის ტიტულს მოგვთხოვს მერე.
რასაც დავთესთ ზუსტად იმას მოვიმკით რა ხასიათზეც ელია იქნება.
სხვისი კარი ზუსტად მაშინ იღება, როცა აღარ გვაინტერესებს გაიღება ის თუ არა.

ჰოდა ესე...:))
P.S  "მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება!"

0 comments:

Post a Comment