Saturday, April 23, 2011

უბრალოდ დიდი ადამიანი



ბევრს არ მივედ-მოვედები... არც მასზე, როგორც მწერალზე, ისე მინდა ლაპარაკი...
ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა ამ ბოლო დროს. ზოგს მართლა უყვარს, ზოგს გაუგია რომ კარგია და თავს აიძულებს იკითხოს, თუმცა ვერ იგებს, მაგრამ მაინც იჩემებს, რომ უყვარს. ზოგსაც გაუგია რომ კარგი ტონია ჯემალ ქარჩხაძე მოგწონდეს და იმისდა მიუხედავად აქვს თუ არა წაკითხული, ქარჩხაძის ხსენებისას ყოვლისმცოდნე ღიმილი ეფინება სახეზე.
ჩემი დამოკიდებულება ამ კაცის მიმართ სცდება ზოგადად სიყვარულის ფარგლებს. ეს არის ადამიანი, რომელიც იქამდე დავკარგე, სანამ დავიბადებოდი და მას მერე სულ ვეძებ ყველგან და ყველაფერში.
პირველად ოცი წლის წინ ვიპოვე ”მდგმურის” სახით და როცა ბოლო ფურცელი გადავშალე, მივხვდი რომ აღარც თხუთმეტი წლის ვიყავი და აღარც ის, ვინც ”მდგმურამდე” ...
ვერ ვიტყვი რომ ამ ადამიანმა ან დროს გაუსწრო ან ცუდ დროს დაიბადა და ადრე მოვიდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან ყველა დროში იცხოვრა. სხვანაირად ვერც პირველყოფილ ადამიანს აამეტყველებდა უსიტყვოდ და არა მარტო აამეტყველებდა, არამედ ყველა მის ემოციასა თუ განცდას საკუთარივით განგაცდევინებდა. ვერც ქრისტეს დაინახავდა ყველასგან განსხვავებულად და არა მხოლოდ ”დაბადება-ნათლისღება-წყალზე გავლა-მკვდრის გაცოცხლება-ჯვარზე გაკვრა-აღდგომა-ამაღლებას” ტრაექტორიაზე. ვერც ”გიჟ” მზექალას იგრძნობდა "ერთ დროს თეთრ" კაბის ფოჩებამდე...
ისე იცხოვრა როგორც ნამდვილად დიდი ადამიანებს შეეფერება - უხმაუროდ, შეუმჩნევლად და უბრალოდ... დიდი ადამიანი, რომელმაც სამოცი წელი სიყვარულის და სიკეთის გზით იარა. ალბათ ამიტომაც მომინდა ამ დღეს მისი გახსენება.
ბედნიერი ვარ რომ იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც ის ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, მის ქუჩაზე დავდივარ, მის ფანჯრებს ვუყურებ...სამწუხაროდ დროში ავცდი და პირადად გაცნობა ვერ მოვასწარი...

"...კაცი შეიძლება ან მეფე იყოს, ან ლაქია, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად მეფეც იყო და ლაქიაც. ჩვენ ეს ვერ გაგვიგია. ჩვენ ბაქიობას ვერ გავცდით და მეფედ კი გვინდა ვიწოდებოდეთ. თათქარიძეობას ვერ შევლევივართ და დანიის პრინცობას კი ვეპოტინებით. ჩვენი სახელი ჰამლეტია, ჩვენი გვარი - თათქარიძე. ჩვენ პირის გემო და გონების ნავარდი რა ხანია ერთმანეთში ავურიეთ და სიმართლეს რომ არ გადავეყაროთ, თავის მოტყუებაში დავოსტატდით. "ნიჭიერები ვართ" ვამბობთ და თუ ეს ნათქვამი როგორმე დავიჯერეთ კიდეც, ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ნიჭიერება რომ არსებობა კი არაა, არამედ გამოვლენაა, ეს ამბავი სულაც არ გვადარდებს. ჩვენ პატრიოტები ვართ. რომელიმე ორატორი ჩინებულ სიტყვას იტყვის, სულ დარჩეულ-გადარჩეული სიტყვებით ასხამს ხოტბას სამშობლოს, მსმენელს თვალზე პატრიოტული ცრემლი მოადგება. მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა. ორატორი კმაყოფილია, რადგან ისეთი სიტყვა წარმოთქვა, მსმენელს თვალზე ცრემლი მოჰგვარა. მსმენელი კმაყოფილია, რადგან პატრიოტული სიტყვა ტირილამდე განიცადა. მეტი რაღა გვინდა? მიზანი მიღწეულია, ჩვენ ჩვენი პატრიოტობა დავამტკიცეთ და სამშობლოს, თუ გინდა, კისერი უტეხია! ჩვენ ძალიან გვიყვარს წაკეკლუცება ჩვენი გამორჩეული მდგომარეობით დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მაგრამ, როცა ევროპის ინტელექტუალურ სიღრმეში გადავიხედავთ და სიმაღლის შიში დაგვზაფრავს, კუდამოძუებული გამოვრბივართ უკან და აღმოსავლეთს ვაფარებთ თავს, ხოლო როცა აღმოსავლეთის ღვთიური ნაპერწკლით განათებულ სიბრძნეს თვალს ვერ გავუსწორებთ, სასწრაფოდ დასავლეთისკენ ვიბრუნებთ პირს.
და ასე ხიდად გაჩენილები უფსკრულად ვცხოვრობთ. ხიდი მაშინ ხარ, თუ ორივე ნაპირს მყარად ებჯინები. თუ ორივე ნაპირს მოწყდი, მაშინ უფსკრული ხარ. ყველაფერი კი პატივმოყვარეობიდან მოდის..."

4 comments:

Anonymous said...

ძალიან მეამაყება, სანამ "გაპიარდებოდა" ეს მწერალი, მანამდე, რომ ვიცნობდი, და აბსოლიტურად ჩემი სათქმელი იქნა ჩამოყალიბებული ზემოთქმულში :) ელა უკვე, როცა შთამომავლობის გადასაწყვეტი გახდა მისი წიგნების ბედ-იღბალი, რაღაც-რაღაცეები აღარ არის მოსაწონი. ჩემში ის მაშინდელი ქარჩხაძე დარჩა, მოძველებულყდიანი და "ჩემი"

margusha said...

ზუსტად:) და მე რაღაც ეგოისტური მომენტები მჭირს. ასე მგონია იმას რასაც მე მასში ვხედავ და მიყვარს მარტო ჩემია და სხვა ვერ ამჩნევს თქო:)

Anonymous said...

მე კიდევ მეამაყება რომ ქარჩხაძის ხსენებისას "ყოვლისმცოდნე ღიმილი" უსაფუძვლოდ ჯერ კიდევ ვერ მეფინება და მართალია 20 წლის წინ სართოდ არც ვარსებობდი მაგრამ მაინც ბევრს ვკითხულობ.... არაჩვეულებრივი სტატია იყო და კიდევ მშურს შენი.... ასე რომ გესმის ქარჩხაძე და თუნდაც მის ფანჯრებს რომ უყურებ... კარგი ხარ!

თუთიკო said...

ისე ვერ გავკადნიერდები რომ ვთქვა სწორად და ბოლომდე "მესმი"_მეთქი მაგრამ დამიჯერეთ ვერავინ შემედავება იმაში, რომ მიყვარს ) იმიტომ რომ მე რამდენადაც მესმის იმდენად მიყვარს... ანუ ბოლომდე (ჩემთვის)... ნუ ვიქნებით ამპარტავნები, ადამიანებს იმდენად გვესმის რამდენადაც გონებრივი შესაძლებლობა მიგვიწვდება და ნუ დავდებთ თავს რომ ქარჩხაძის გონებას სწვდება ვინმე)... ეს ჩემი აზრით სასაცილოცაა.. )

Post a Comment