Saturday, April 23, 2011

ნანიკო

ბავშვობაში ერთ გოგოსთან ვმეგობრობდი. უფრო სწორედ ეპიზოდურად ვმეგობრობდი. სოლფეჯიოში ერთ ჯგუფში ვიყავით და თან ერთი გზა გვქონდა ავტობუსის გაჩერებიდან მუსიკალურ სკოლამდე. გაჩერებამდე დედას მოჰყავდა და მერე ერთად მივდიოდით. მხიარული და მოუსვენარი გოგო იყო, მთელი გზა მართობდა, ლაპარაკი უყვარდა მთელი ემოციებით. გაკვეთილზეც ერთად ვიჯექით და იქაც ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე...
რამდენიც არ უნდა ვეცადო მისი გახსენება, ჭორფლიანი სახის, სულ მუდამ ბიჭურად გაკრეჭილი თმის და ”ჩემს პატარა ძმას დიაბეტი აქვს - სამასი”-ს მეტი ვერაფერს გავიხსენებ ჩვენი ოთხწლიანი ურთიერთობიდან. ჩემი და მისი მეგობრობაც ავტობუსის გაჩერებაზე იწყებოდა და იქვე მთავრდებოდა გაკვეთილის ბოლოს.
დედამისი დამამახსოვრდა კარგად, რადგან ძალიან თბილი და ყურადღებიანი ქალი იყო... მიხაროდა როცა ვხედავდი.
რაც შვიდწლედი დავამთავრეთ, მას მერე აღარც მინახავს და ალბათ არც არასოდეს გამახსენდებოდა ერთ დღეს რომ დედამისს არ გადავყროდი ექიმთან მოსაცდელში.
გავახსენე თავი და ნანიკო მოვიკითხე.
ნანიკო აღარ მყავს შვილოო...
სარეცხს ფენდა და აივნიდად გადავარდაო... ქმრის ოჯახმა ესე გვითხრაო...

............................

ზოგჯერ შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გავიდეს ბავშვობის ადამიანები ვეღარც ნახო და ვერც ვერაფერი გაიგო მათზე და არც არასოდეს გაგახსენდეს, მაგრამ როცა წლების მერე იგებ რომელიმე ესეთი ადამიანის სიკვდილს, თითქოს წარსულის ერთი ეპიზოდი მთლიანად გწყდება იმ ადამიანთან ერთად. ნანიკო ის ერთ-ერთი რგოლი იყო, რომელიც ჩემს ბავშვობას მოსწყდა...

0 comments:

Post a Comment