Saturday, February 18, 2012

მეზობლის პანაშვიდზე aka "ჯვარი აქაურობას"

"მოქმედი" პირები
მიცვალებული რობიზონი - ჩუმი, პატიოსანი და შეუმჩნეველი კაცი, აი ისეთი რაა მთელი ცხოვრება რომ წვალობენ. წვალებით იზრდებიან, წვალებით შოულობენ სამსახურს, წვალებით შოულობენ ფულს, წვალებით თხოულობენ ცოლს, წვალებით ზრდიან შვილებს და ბოლოს რომ გონიათ ყველა და ყველაფერი მიაბინავ-მოაბინავეს და შეუძლიათ ცოტა ამოისუნთქონ, ერთ დილასაც გამოუღვიძებლად კვდებიან უწვალებლად.
ჭირისუფლები: რობიზონის ცოლი - მზია, რომელიც, რა გზებით უცნობია, მაგრამ ეთიოპიიდან ჩამოიყვანეს ბავშვობიდან და ქართველმა მშობლებმა გაზარდეს, შესაბამისად სახელი და გვარიც ქართული მისცეს. თუმცა ვერ იტყოდი, რომ შავკანიანი იყო, ევროპული ნაკვთები ჰქონდა და კაი დაზაგრულ ბაჯის გავდა. ერთადერთი ხელისგულები ჰყიდდა. სახელი მზია კი ისეთ კონტრასტს ქმნიდა გარეგნობასთან რომ უმალ მეფე ერეკლესი და მავანის საოხრის შორის მანძილი გაგახსენდებოდა.
საერთო მეზობლები: გაუთხოვარი მანანა, რომელიც რობიზონს უყვარდა ახალგაზრდობაში, მზიას ცოლად მოყვანამდე. არავინ იცის რობიზონის სიყვარულმა დასტოვა მანანა გაუთხოვრად თუ ეგეთი ხოში ჰქონდა.
ლამარა - პენსიაზე გასული პედაგოგი, ფილოლოგი, უბნის მთავარი ჭორიკანა, მოჩხუბართა მომრიგებელი, მორიგებულთა გადამკიდებელი, ყველა მეზობლის ავან-ჩავანის მცოდნე, ყველა გამვლელ-გამოვლელის მომკითხავ-განმკითხავი, ყოფილი თანამდებობის პირის, (შემდგომში ლოთისა და ხუთი წლის წინ გარდაცვლილის) ცოლი „კარგად გათხოვილი, კარგ ბედში ჩავარდნილი“ , ქალიშვილისა და ერთი გამოYლევებული ბიჭის დედა, „უხელო, უსაქმური, ოჯახისთვის შეუფერებელი“ რძლის დედამთილი, „ანგელოზივით, ოჯახის მუჭუჭი“ სიძის სიდედრი, ბიჭის მხრიდან „უზრდელი“ (რძლის გაზრდილი) და გოგოს მხრიდან „უნიჭიერესი და ულამაზესი“ შვილიშვილების ბებია, „უღირსი და უდონო“ მეზობლების მეზობელი. ქალბატონი ლამარა გურიაში იყო დაბადებულ-გაზრდილი და თბილისში გათხოვილი, მართალია ყველა წესისა და რიგის კანონით მოერგო თბილისს, მაგრამ გურულ კილოს ვერაფრით შეელია. ეს კი ერთი ორად ამძაფრებდა, ყველა ზემოთჩამოთვლის თვისებას.
და ბოლოს მე- ამ ყველაფრის დამკვირვებელი.
ოთახში კანტი-კუნტად სხედან მეზობლები და ნათესავები. მზიას გვერდით ზის მანანა. ერთი ქმარს დასტირის, მეორე ახალგაზრდობის სიყვარულს ან უბრალოდ უაზროდ გავლილ წლებს.
შემოდის ლამარა კოჭებამდე კარაკულის ქურქით, ზედ კამეას ბროშით, თავზე კარაკულის ქუდით, მელიის ნაგლეჯი ბეწვით გაფორმებული და ტექსტით:
- რა მწარე ხარ რობიზოოოოოოოოონ!!!
- რა ტკბილი იყავი რობიზოოოოოოოონ!!!
ვგრძნობ რო ისტერიკა მეწყება და სასწრაფოდ ვყოფ როლინგის ყელში ცხვირს.
- ჩემი ქმარი დამავიწყე რობიზოოოოოოოოოონ!!!
როლინგს გარედან უკვე ხელებს ვაშველებ.
- ოი შე უბედურო მზიააააააააა, რას გავხაააააარ, თმა მაინც დაგევარცხნაააააა, რობიზონს როგორ უყვარდა კოპწიას და მოვლილს რო გხედავდაააააა! (ნეტა სად და როდის ნახა დავარცხნილი, რაც თავი მახსოვს, ერთი დიდი დახვეული თივის ზვინი ედგა თავზე, რა დავარცხნიდა ამ ბონიემა თავს) - რა მწარე ხარ რობიზოოოოოოოონ!!! - ერთი ტონით მაღლა აგრძელებს და ზედ ემხობა, თან ქვემოდან ცერად იყურება იქით-აქეთ, აბა რა შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლო მარცვალი „ოოონ“ ჯერ კარგად დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მანანა შეამჩნია. უცბადვე გასწორდა, მიიჭრა და დამჯდარი არ იყო რომ მიახალა ხმამაღლა:
- გამაგებინე ქალო რას აკეთებ, რას ისმევ ეგეთს, რო არა ბერდები!
მანანამ რაღაც ჩაიბურდღუნა, (რა ვერ გავიგე, ყოველშეთხვევაში რეცეპტი არა) ის კი გაიფიქრა ალბათ, ეს აქ ხეირს არ დამაყრისო და მოშორებით გადაჯდა, ისე რომ ლამარა ვერ მისწვდენოდა, მაგრამ ლამარა რის ლამარაა, ენაზე იმ წუთას, რაც მოადგებოდა, გასაქანი არ მიეცა. ცოტა ხნით იკრუსუნა, რობიზონის ღვაწლი გაიხსენა სამეზობლოს და სრულიად კაცობრიობის წინაშე და მერე დაიწყო ისევ ხმამაღლა:
-მანანა გახსოვს როგორ გიყვარდა რობიზონიიიი? რა დღეში იყავიიიით? (რობიზონის ცოლს მზიას მუქი მელნისფერი ედება). - საღამოობით რო დაჯდებოდით და სვამდით და გლახაობდით მერე... ეეეეჰ კარგია ახალგაზრდობა.
ვერც როლინგმა დამაკავა, ვეღარც ხელებმა, თავშეუკავებელი ხარხარი ამიტყდა და გამოვვარდი.
(არადა მანანას ნაგლახავები არ გაიშვა, 60 წლის ისე მოიყარა ქალი, გლახაობა კი არა ჰაეროვანი კოცნა არ აქვს არავისთვის გაგზავნილი)

0 comments:

Post a Comment