Tuesday, January 31, 2012

"ჩემი" წიგნები

ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ნაწარმოებებზე ძალიან სხვა არ მიყვარს ან საუკეთესოდ ვთვლი. უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ წიგნებისა, რომლებმაც განსაკუთრებულად იმოქმედეს ჩემზე სხვადასხვა ასაკში და გარკვეული მიზეზების გამო.

ჰარი ჰარისონის „გადამთიელის სასიკვდილო ტანჯვა“ (ლაწანი ცხვირ-პირში ყველა რელიგიას. კარგი შეიძლება ცუდის გარეშე არსებობდეს იქ, სადაც ცუდის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და შესაბამისად არც გამოცდილება არსებობს ამის.)

კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“ http://margusha-dreamcatcher.blogspot.com/2011/06/blog-post.html

იასუნარი კავაბატას „ათასფრთიანი წერო“ (იაპონური ესთეტიკის ბოლომდე შეგრძნობა. საზარელი თმიანი ხალი ქალის მკერდზე, რომელიც მთელ წიგნს ფონად გასდევს და კიდე ის რომ „ძალიან შენი“ არასდროს მოდის თავის დროზე“ და ყოველთვის განსაცდელის სახით მოდის. არ დაკარგო, ბოლომდე იბრძოლე, ჩანაცვლება არ არსებობს.)

სომერსეტ მოემის „წვიმა“ (მახვილი მორალისტების გულში და კიდე ის რომ არ არსებობს „ვერ გავაკეთებ“ „ვერ ვიზამ“ „ვერ ვიკადრებ“ , არსებობს მხოლოდ „შესაფერისი“, „დროული“, „დრო“ „ადგილი“ „პირობები“)

სომერსეტ მოემის „ჭრელი საბურველი“. (ის, რის გამოც უნდა გიყვარდეს კაცი, იმას „მაჩოიზმის“ სინდრომით შეპყრობილი ქალების უმრავლესობა ვერ ხედავს და არ აფასებს. ხშირად ესეთი კაცები სრულ ფრუსტრაციაში ცხოვრობენ და ესევე ამთავრებენ ცხოვრებას.)

ფრედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“ - (როცა "ყველაფერი" კარგავს თავის მნიშვნელობას "არაფრად" იქცევა. ფრანგულ უდარდელობასა და სიმსუბუქეში შეფუთული ერთი ადამიანის ტრაგედია. ეს არის წიგნი - ნელი მოქმედების საწამლავი.

ნაირა გელაშვილის „ჩვენება“ (ცხოვრების კანონი: რაც უფრო მეტად კარგი, სათნო და კეთილია ადამიანი, მით მეტი წიხლი ყველა მხრიდან. ბოლო გვერდზე ფურცლის ნაგლეჯმა მომსპო)

რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკები“, (ერთადერთი წიგნი რომელიც ბავშვობას მაგონებს, სულ მენატრება და რომელსაც ვერასდროს წავიკითხავ მეორედ, იმდენად მინდა რომ სულ პირველი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყო)

სიუსაკო ენდოს “ქალი რომელიც მივატოვე”. (ბუზმა შეიძლება შენს ცხვირწინ ჩაიფრინოს და ერთი თვალი გააყოლო, მაგრამ იგივე ბუზმა სხვაგან ქარიშხალი გამოიწვიოს. ერთი სულ უბრალო შემთხვევითობა შენთვის, შეიძლება სხვისთვის მთელი ცხოვრების საწვავი იყოს.)

რიუნისკე აკუტაგავას „ბატატის ფაფა“. (რა შეიძლება ადამიანს გაუკეთეო იმაზე ცუდი, ვიდრე ის რომ საკუთარი ოცნება და ცხოვრების ერთადერთი აზრი შეაზიზღო)

თეოდორ დოსტოევსკის „მარადი ქმარი“ (ნუ შეგეშინდებათ დოღრიალა ადამიანების, გეშინოდეთ პატარა კაცუნების, საკუთარი ჩრდილის რომ ეშინიათ და ერთ დღესაც გადაწყვეტენ ჩრდილს გაუსწრონ.)

ალბერტო მორავიას „ზიზღი“ (მთლიანობაში დიდი ვერაფერი, მაგრამ ამ ნაწარმოებში ალბათ ყველაზე კარგად არის ნაჩვენები, რომ каждый понимает в меру своей испорченности. ყველა კაცს უნდა წააკითხო, განსაკუთრებით იმ ჭკვიან კაცებს, ვისაც ჰგონია რომ დურნუშკა ცოლს თავის ჭკუაზე გამოზრდის და დებილი ქალი ნაკლებ პრობლემებს შეუქმნის)

ჯეკ ლონდონის „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ (ერთადერთი თვითმკვლელობა, რომელიც ბოლომდე მესმის და ვამართლებ)

ჯემალ ქარჩხაძის „კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი“ (მოთხრობა უსულო პატიოსნებაზე. როცა ადამიანი საკუთარ სიბოროტეს აცნობიერებს და ამით წუხდება ამის შველა შეიძლება, მაგრამ როცა ერთ დღესაც ადამიანს საკუთარი პატიოსნება შეაწუხებს და თან ხვდება რომ ამ პატიოსნებით არათუ ვინმეს სარგებელი მოუტანა, არამედ მისი არყოფნაც კი სრულიად შეუმჩნეველია ყველასთვის, ამისი გააზრება დიდი სულიერი ტრავმაა ).

1 comments:

Anonymous said...

პირველი, მეშვიდე და მეერვე მართლაც სრულიად შესანიშნავია :) საკუთარი ბავშვობის მნიშვნელოვანი ტექსტებიდან მივამატებდი ბრედბერის კალეიდოსკოპს, დენიელ კიზის ყვავილები ელჯერნონისათვის, ჯინ ვებსტერის გრძელფეხება მამილოს. ქარჩხაძის იგის და ანა ბებიას გარდაცვალება ანუ მაგნოლიის ყვავილი. კენ კიზის გუგულის ბუდეც. ჰექტორ მალოს უსახლკაროს გამოტოვებაც არ ეგების :)

Post a Comment