Tuesday, January 31, 2012

მაია და მარტა

მეცხრე კლასში ვიყავი... იმ ზაფხულს საირმეში ვისვენებდით... პანსიონატში სადაც ჩვენ ვიყავით, ორი და ისვენებდა მაია და მარტა. იმავე სართულზე ქონდათ ოთახი აღებული, სადაც ჩვენ. ქართველი ებრაელები იყვნენ. მარტა ჩემხელა იყო და მაია რიგაში სწავლობდა. სამედიცინო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი იყო. დავმეგობრდით. მთელი 20 დღე სულ ერთად ვიყავით. აკლებული გვქონდა პანსიონატი და პარკი. ვერ გვიტანდა ადმინისტრატორი. ღამე ყველა რომ იძინებდა, ვიპარებოდით და დავბოდიალობდით. ერთხელ ძაღლები გამოგვეკიდნენ და იმის მერე ღამე აღარ გავსულვართ. ყოველ საღამოს პანსიონატის კინოდარბაზში ვიჯექით. წამოსვლისას გავცვალეთ მისამართები და ტელეფონები იმ განწყობით, რომ თბილისშიც გავაგრძელებდით მეგობრობას.
საირმის მერე ჩემმა მეგობარმა წამიყვანა თავის სოფელში დასასვენებლად, იქიდან ზღვაზე წავედი და სასკოლოდ რომ ჩამოვედი უკვე ორი თვე იყო გასული.
ჩამოსვლისთანავე დავრეკე მათთან. ვიღაცამ აიღო ყურმილი, ალბათ მდგმურმა... ისრაელში წავიდნენ საცხოვრებლადო. ისე დავიბენი იმ წუთას, რომ ვერც ტელეფონი გამოვართვი და ვერც ვერაფერი ვუთხარი. იმის მერე ერთხელ ვიყავი მისული, მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ვრეკავდი და აღარავის უპასუხია. კანდელაკის ორ ნომერში ცხოვრობდნენ, (პირველივე ორსართულიანი აგურის სახლი, კანდელაკის დასაწყისში, ზედ გაგარინის მოედანზე) მხოლოდ პირველი სართული იყო მათი.
რამდენი წელი გავიდა მას მერე... ხშირად მიწევდა მანდ გავლა, ბოლო ათი წელი თითქმის ყოველდღე. არასოდეს მინახავს დარაბები ღია და სინათლე ღამით. არ მახსოვს ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ჩამევლოს ისე, რომ არ შემეხედოს ამ სახლისთვის და ეს გოგოები არ გამხსენებოდეს.
დღესაც მომიწია გავლა კანდელაკზე და სახლის მაგივრად ექსკავატორი, მოსწორებული ადგილი და დიდი სიცარიელე დამხვდა.... საშინლად დამწყდა გული.

0 comments:

Post a Comment