Friday, February 12, 2010

”ვინ” არის სინდისი?!

როდესაც თიხისაგან და მიწისგან შექმნილ არსებას სული შთაბერეს, იქვე ხუთი გრძნობით შემოსეს და ორიც სათადარიგოდ მისცეს: მეექვსე-ინტუიცია და მეშვიდე-სინდისი, რა იცი რაში დაგჭირდესო. გაუხარდა თიხის არსებას - რაც მეტი მით უკეთესიო, მაგრამ რა იცოდა საბრალომ რომ მეშვიდე საჩუქარი შუბლზე დაუკითხავად გადაიჭიმებოდა და გულის უხილავ მსაჯულად ექცეოდა. მას მერე დაერქვა ამ არსებას ადამიანი.
ზოგს სინდისი ყელში გაჩხერილი ლუკმასავით აქვს მუდმივად, ვერც ყლაპავს და ვერც აგდებს, ასეთი ადამიანები მერყევები არიან და შიშის თვალებით უყურებენ ყველაფერს. ამ კატეგორიის ადამიანებისგან იბადებიან ფანატიკოსები, მორალისტები, მარტოსულები, არასრულფასოვნების და დამნაშავის კომპლექსით შეპყრობილები, ასოციალურები და კაცთმოყვარეობის ნიღბის ქვეშ დამალული მიზანთროპები. ზოგის სინდისი ღრმადაა დამალული ან უდრტვინველად სძინავს, მაგრამ თუ გამოფხიზლდა, ისეთ დროს იცის გამოფხიზლება, როცა არ ელი და ისეთს დაგატეხს თავზე, ხელით შეხება რომ შეგეძლოს სიამოვნებით მიახრჩობდი.
საოცარი გარდასახვის უნარი აქვს სინდისს, რადგან თუ ერთისთვის შეიძლება ტვირთი იყოს, მეორესთვის შეიძლება მხოლოდ აღვირი. ერთი ეგ არის რომ სინდისი თუ ტვირთად იქცა, ვეღარასოდეს მოიშორებ. რადგან არ არსებობს სინდისისთვის მონანიებული ცოდვა, ადამიანს კი აქვს იმის ილუზია, რომ მონანიებით სინდისს ხარკს უხდის, მაგრამ სინდისი რისი სინდისია რომ მოტყუვდეს! ცოტა ხნით შიძლება თავი მოიტყუოს, მაგრამ ისეთ დროს დაგესხმება თავს როცა ყველაფერი ჩავლილი გგონია.
უსინდისო ადამიანი არ არსებობს. ზოგი უბრალოდ ”იბრალებს” უსინდისობას, რადგან ასეთი რეპუტაცია შეუქმნეს და ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ რა რეპუტაციასაც უქმნი, იმას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაამართლებს.
როგორ შეიძლება ადამიანი უსინდისო იყოს, როცა სიყვარულის უნარიც აქვს და სიძულვილისაც. სიყვარული და სიძულვილი ხომ ერთმანეთის წაღმა-უკუღმა პირია და სინდისი კიდე მათი უხილავი პირი და მომრიგებელი! მის გარეშე ეს ორნი ისე არიან როგორც საათი ისრების გარეშე - ციფერბლატი არის, მაგრამ გინდა ყოფილა, გინდა არა, დროის სვლას არ აჩვენებს, მხოლოდ მისი არსებობის ფაქტს ადასტურებს.
საიდან მოდის სინდისი?! - პირველივე ცოდვიდან, პირველივე სინანულიდან. მაგრამ ხშირად ადამიანს ერევა ერთმანეთში სინდისი და დასჯის შიში. მათ შორის კი საერთო არაფერია გარდა იმის განცდისა, რომ აღარასოდეს მოიქცე ასე. სინდისი გაკეთილშობილებს და დასჯის შიშმა კიდე შეიძლება უარესისკენ გიბიძგოს.
და ბოლოს დავამატებდი რომ პანდორამ როცა ყუთი გახსნა იმედთან ერთად იქ სინდისიც დარჩა, რამეთუ ერთიც და მეორეც მხოლოდ ადამიანთან ერთად კვდება.

7 comments:

Anonymous said...

sagoll:X

Anonymous said...

მართლაც რომ ბრავო :)

Anonymous said...

უსინდისო ადამიანები არსებობენ

margusha said...

არ არსებობენ, ეს მათ ჰგონიათ ესე, ან ჩვენ გვგონია. უბრალოდ ზოგჯერ ღრმად სძინავს დიდი ხნით

Anonymous said...

bravisimooooooooooo

Anonymous said...

dzalian damexmara temis dawraShi:) martlac rom kargia:*)

Anonymous said...

მადლობა გაიხარე

Post a Comment