Tuesday, August 2, 2011

გონჯაურა და ფართუკიანი პრინცი

იყო ერთი არღნის ჩიტი გონჯაურა. საკვერცხეები წამოსტკივდა თუ არა, ერთ თბილისელ ბიჭს მისთხოვდა, რომელსაც, ერთადერთი, ცხენი აკლდა პრინცობამდე. როგორც კი სასახლის კარს გადააბიჯა გონჯაურამ, ამ ჩვენ პრინცს ჩამოაცვა ”ფართუკი” კისერზე, გაზქურასთან დააბა, ხელში დააჭერინა ორი შიბაქი და უთხრა, აწი შენ იცი და შენმა კაცობამო, ქალიც შენა ხარ ამ ოჯახში და კაციცო. თვითონ კი პრინციც ამოიცვა და მთელი მისი სასახლეც დედოფლიან-მეფიანად.
გონჯაურას შეეძლო სახლიდან ისე გასულიყო, არ ეთქვა სად მიდიოდა, მოსულიყო დილით, ან მოსულიყო სამი დღის მერე ან სართოდ 6 თვით გადაკარგულიყო. მაგრამ ნუ გაჰკიცხავთ! რეკავდა სახლში და აფრთხილებდა პრინცს, ნუ დამელოდები ბავშვები დააძინე და შენც დაიძინეო. ვინ იცის რამდენჯერ მიუყუდებიათ სასახლის ჭიშკართან მთვრალი საბრალო და რამდენჯერ გაუქარვებია პრინცს კაზინოში წაგებული ფულით გულბოყალკოჰოლდათუთქული გონჯაურას სათუთი და მგრძნობიარე გული. მას ხო ჩვევა ჰქონდა ასეთი, როცა ფულს აგებდა, ფხიზელი ერცხვინებოდა დილით სახლში მისვლა და პრინცისთვის თვალებში ჩახედვა. პრინციც უსიტყვოდ უგებდა და ყველანაირ პირობას უქმნიდა ცელქ ცოლს, რომ რაც შეიძლება მეტი სიამოვნება გამოეგლიჯა ცხოვრებისათვის. გონჯაურაც ცელქობდა და ცელქობდა. ცელქობდა დღისით, ცელქობდა ღამით, სამშობლოში, სამშობლოს გარეთ, ზღვასა და მთაში... წლები კი გადიოდა და არც გონჯაურა იცვლებოდა და არც პრინცი, მხოლოდ მათი გარეგნობა იცვლებოდა. პრინცი დღითიდღე კარგავდა პრინცობას და გონჯაურა დღითიდღე მშვენდებოდა და იფურჩქნებოდა. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამასობაში პრინცი კარგი მზარეული, ძიძა და დიასახლისი დადგა და გონჯაურამ სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა სამეფოში.
გავიდა ოცი წელი და ჰოი საოცრებავ, 20 წლის თავზე გონჯაურა მიხვდა, რომ ოჯახი ენატრებოდა, თავისი პრინცი ენატრებოდა, თავისი უდედოდ გაზრდილი შვილები ენატრებოდა და ოჯახს დაუბრუნდა. დაბრუნების აღსანიშნავად კიდევ ერთი შვილი აჩუქა პრინცს და თან განაცხადა, ეხლა გავიგე რა ყოფილა დედობაო, ვიშ, თურმე რა კარგი ყოფილაო. იგი ამასაც არ დასჯერდა, იქვე უბნის ადგილობრივი მოძღვარი დაიმოძღვრა და შეუდგა ტაძრისკენ მიმავალ რთულ და ეკლიან გზას. გონჯაურა ყველა რიტუალს გულმოდგინედ ასრულებდა და როცა ჩათვალა, რომ შეეძლო უკვე სხვებისთვისაც გაეწია დახმარება, უმალ დღის შოუში გაიქცა ყოფილ სეფექალ-მეგობრებთან.
და აი უკვე ჩვენ ვხედავთ მის თვალშისაცემ მეტამორფოზას: თავზე ხილაბანდი წაუკრავს, ხმა დაუბოხებია, ტონი გაუმკაცრებია, მართალია შეუღებავ, მაგრამ ძველებურად ავად მოკვასკვასე თვალებში ყოვლისმცოდნე მზერა ჩაუყენებია.... და გონჯაურაც იწყებს ჩვენი სულების გადარჩენისათვის მგზნებარე მონოლოგს:
-იჩით რა არიშ, ქალმა უნდა იჩხოვროშ შიყვარულით, მოთმინებით და ოჯახიშადმი მორჩილებით. (და ამ დროს რა ხდება?! თქვენს მონა-მორჩილს თვალები საცრისოდენა უხდება და ყბა უფრო და უფრო ძირს უვარდება).
-თქვენ ვერ ჭარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როცა ცოლ-ქმარშ შორის ჰარმონია და ჯანშაღი ატმოშფეროა, იმიშათვიშ რომ ბავშვები შრულფაშოვნები გაიზარდნონ. მე და ჩემმა მეუღლებ 20 ჭელია ერთად ვჭიეთ ოჯახური ჭაპანი შიყვარულით, მოთმინებითა და რუდუნებით. მე შემიჯლია ვთქვა, რომ ბედნიერი დედა ვარ, ბედნიერი ქალი და ბედნიერი ცოლი, პირველ რიგში რა თქმა უნდა უფლიშ ჭყალობით... (აქ უკვე არტახებს იწყვეტს ჩვენი გონჯაურა და წარბის აწევითა და მკაცრი ტონით იწყებს მორალის კითხვას, რომელიც ალბათ 20 წუთი გრძელდება)
თქვენს მონა-მორჩილს ისევ დაუვიწროვდა თვალები, როგორც იქნა ყბა აკეცა და ერთი შესძახა: აი საღოოოლ!